ნახტომი





- - - - -

თანამედროვე ქართველი მწერლები


გამოხმაურებათა რაოდენობა: 372

#361 Nino Tarkhnishvili

    L3: კომპეტენტური

  • Member
  • პიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამა
  • 644 გამოხმაურება
0

დაწერილია 04 January, 2008 - 14:51

ცოტა დიდია :)
ამიტომ შეიძLება წაკითხვაც დაგეზაროთ, მაგრამ მაინც, ყოველი შემთხვევისათვის აქაც იყოს :)

ჩემი მეზობელი ოსეი

შექმნა ღმერთმა იგი ხატად თვისად (დაბადება, თავი I, 27)

პ.ს. გმირების სახელები სარკეში წაიკითხეთ...


- გამოდი! გესმის? გამოდი! მომეშველე ადამიანო, კედელზე მიმახატეს ამ ნაბიჭვრებმა.
საგულდაგულოდ ჩარაზულ ფანჯრებშიც აღწევს მისი ხმა. წამოდგომას ვცდილობ და ვერ ვახერხებ: ვწევარ ოთახის შუაგულში გულხელდაკრეფილი, დაბრმავებული და იმასთან შეხვედრას ველოდები, ვინც პასუხს გამცემს კითხვაზე, - როგორი იქნება ჩემი მეგობრის სასუფეველი, თუკი ის კარგად მოიქცევა...

***

ჩემი მეზობელი ოსეი
33 წლის წინ გააჩინა ბებიამისმა - დედის დედამ. როგორც მეზობლები ყვებიან, დედამისის საშვილოსნოს კედლებმა თურმე ვერაფრით დაიკავა კვერცხუჯრედები და ექიმებიც იძულებულნი გახდნენ კვერცხუჯრედი, მომავალში სახელად ოსეი, ბებიის საშოსთვის მიეკედლებინათ. ბებია ოსეის მშობიარობას გადაჰყვა, დედამისი იმაირამი დედის დარდს, მამა იბესოი კი ცოლისას და დარჩა ოსეი მარტო, სულ მარტო, დიდი ქალაქის, პატარა, სამოთახიან ბინაში. დღემდე ვერავინ გაიგო, რა სასწაულმა გადაარჩინა უპატრონო ოსეი. ძველი მეზობლები ისევ იხსენებენ იმ უძილო ღამეების ამბებს, თოთო ოსეის ტირილი რომ არ ასვენებდათ. ვერცერთმა ძიძამ ვერ აწოვა ოსეის ძუძუ. ოსეის სახლში შესულებს, რძე და სისხლი ერთნაირად ეყინებოდათ ხოლმე და იქიდან თავქუდმოგლეჯილები უკანმოუხედავად გამორბოდნენ. ბოლოს ვიღაც უბედურად გამხდარი, ფერდაკარგული და დიდთვალება გოგო მოსულა (მეზობლები ამბობდნენ, რძე კი არა, სისხლი თუ ჰქონდა იმასაც ვერ მიხვდებოდიო), იმას უღეჭინებია ოსეისთვის ჩამოტყავებული ძუძუები და ოსეიც გაჩუმებულა. ხუთ წლამდე უვლია ამ უსახელო გოგოს ოსეის სახლში და მერე ისევ ისე უცბად გადაკარგულა, როგორც გამოჩენილა.

მერე მეც დავიბადე.
ოსეისგან განსხვავებით მე დედამ გამაჩინა. 17 წლამდე მიარა, მიარა, მერე დაჰკრა ფეხი და მამაჩემს გაეკიდა - მოკვდა. მას შემდეგ სულ ცივა ჩემს სახლში. ზაფხულშიც ცივა, შემოდგომაზეც, ზამთარშიც, 26 აპრილს კი ისე ყინავს, რომ თვალის გუგებიც კი მილურჯდება და მთელი დღე თვალდახუჭული და მოკუნტული ვგდივარ საწოლზე. 26 აპრილს მამას გაეკიდა დედა, ოთახიდან გამომძახა, მამასთან მივდივარ, თუ დამაგვიანდეს, არ შეგეშინდესო ... და წავიდა.

ოსეი იმ ღამეს პირველად შემოვიდა ჩემს სახლში, გვერდით ჩამომიჯდა, ასე ნუ დარდობო მითხრა, მერე გალურჯებულ თვალებში სული შემიბერა და დამამშვიდა, მალე გათბებიო... მას შემდეგ იყო, რომ დავმეგობრდით. კვირაში ორჯერ, დილაობით, ოთხშაბათსა და პარასკევს, შემწვარ კვერცხზე ვეპატიჟებოდი. კვერცხის გატეხვამდე 77 წამით ადრე ტაფას ცეცხლზე ვდგამდი, ზედ კარაქს ვადებდი, ზუსტად 77 წამის შემდეგ დაუნდობლად ვტეხდი 4 კვერცხს და ტაფას ვახლიდი. ამ დროს გრძელთმიანი ოსეი სამზარეულოს მაგიდასთან იჯდა ხოლმე, თხელი თითებით ჩემი წუხანდელი ნავახშმევისაგან დარჩენილ პურის ნამცეცებს აგროვებდა და იქვე, ფანჯრიდან ხელუკუღმა უყრიდა უჯიშო ჩიტებს - ბეღურებს... ძალიან ცოტას საუბრობდა. დაახლოებით 10 წელი ვიმეგობრეთ ასე უხმოდ და ერთგულად.

ამასობაში მარტოობას მივეჩვიე.
წამში ერთხელ გული მიცემდა, წუთში ერთხელ 60 წამი სრულდებოდა, საათში ერთხელ - 60 წუთი, დღეში ერთხელ ვსადილობდი, კვირაში ერთხელ ქალი მინდებოდა, თვეში ერთხელ ისე, გასართობად ბალახს ვეწეოდი, წელიწადში ერთხელ დედაჩემის დანატოვარ რაღაც ყვავილს ვრწყავდი და რამდენად უცნაურადაც არ უნდა ჟღერდეს, - არ ჭკნებოდა... და კიდევ მიუხედავად იმისა, რომ მე და ოსეი ერთმანეთის საუკეთესო მეგობრები გავხდით, მასთან სახლში არასდროს ვყოფილვარ.

კედელზე მიხატვამდე ერთი თვით ადრე

სამშაბათი.
სახლში ვარ. იან გილანი იესოს პარტიას ისე მღერის, რომ გული წამში ორჯერ მიცემს. საფეთქლებთან მუქი იასამნისფერი (Deep Purple) ძარღვები მებერება, ტუჩები მილურჯდება, სიგარეტისაგან ისედაც გაყვითლებული კბილები კიდევ უფრო მიყვითლდება და სუნთქვა მიხშირდება. ჩემი მეგობარი მახსენდება და მისი სასოწარკვეთილი კითხვა, - ბიჭო, ნეტა როგორი იქნება ჩემი სასუფეველი კარგად თუ მოვიქცევიო... კარზე კაკუნია:
- ოსეი ვარ, გცალია?
- შემოდი, ხომ მშვიდობაა?
- ჰო, რაღაც პატარა საქმე მაქვს, იქნებ დამეხმარო, - ოთახში შემოდის ოსეი და სკამზე ჯდება, - მაგრად მღერის ხომ გილანი? სულ რამდენიმე წამით ხმას აყოლებს ოსეი გილანის პარტიას და ჩერდება. ოსეი ვიღაცას მაგონებს, მაგრამ ვის, ვერ ვხვდები. იან გილანს ხმას ვუწევ და სრულიად უაზროდ, მე თვითონაც არ ვიცი რატომ, მაცივართან მივდივარ.
- გუშინ ბიჭები სათევზაოდ ვიყავით, ორი კინკილა ხეკის მეტი ვერაფერი დავიჭირეთ, არ შეჭამ? - მაცივრიდან ვიღებ შემწვარი თევზის უკანასკნელ ორ ნაჭერს და პურის ნამცეცებით გავსებულ მაგიდაზე ვდებ.
- არა, არ მინდა, იქნებ ჩემთან შემოხვიდე.
- შენთან? მოხდა რამე?
- არაფერი ისეთი, უბრალოდ, შენი დახმარება მჭირდება.

DVD-ს ვთიშავ და ოსეისთან გავდივარ. ახლაღა ვამჩნევ მის კარზე შავი ფლომასტრით გაკეთებულ წარწერას: დააკაკუნეთ!

-შემოდი, - გუშინდელნათევზავებბოტასებიან ფეხებს იქვე WELCOME- იან საწმენდზე ვახახუნებ. შევდივარ:

...აქ უდაბნოა. ოსეის სახლში, ოსეის ერთ-ერთ ოთახში თვალუწვდენელი უდაბნოა. პირს კი ვაფჩენ, მაგრამ არ ვიმჩნევ. ქარი უბერავს. კბილებით ქვიშის უწვრილეს ნამცეცებს ვახრაშუნებ. რატომღაც ვხვდები, რომ აქ არ უნდა გადავაფურთხო.

- შეგიძლია ორი წუთით დამიცადო?
- ააქ? –გაფართოებული თვალებით ვეკითხები ოსეის.
- ახლავე შემოვბრუნდები.
ოსეიმ კარი გაიხურა და აღმოვჩნდი უდაბნოში მარტო, სუუუუულ მარტო. შიშის გრძნობამ ჯერ თავში დამიარა, მერე მუცლისკენ გადაინაცვლა და ბოლოს შარდის ბუშტს დააწვა. ვხვდები, რომ თუკი ამ უდაბნოში გადაფურთხებაც კი უხერხულია, ჩაფსმა განსაკუთრებით უხერხული იქნება. პირველმა შიშმა რომ გადამიარა, სასტიკად მომშივდა. მოწმენდილ ცაზე უეცრად მეხი რომ გავარდებაო, აი ასე უეცრად მომშივდა. კუჭის წვამ მომკრუნჩხა, ნერწყვი მომადგა პირზე, თვალებში შავი წერტილები გამიჩნდა და ინსტიქტურად ფანტია ქვიშით გამოვიტენე პირი:

- გშია?
- რომელი ხარ? – იდიოტივით დავიწყე თვალების ცეცება.
- შემიძლია პური მოგცე, ან თევზი, შებოლილი თევზი. ერთი ბოთლი ლუდიც შემიძლია მოვაყოლო, ჰა, რას იტყვი?
- რომელი ხარ? ოსეი, შენ ხარ? ბიჭო, რა ხუმრობაა?
- ოსეი აბაზანას ამზადებს, შენთვის არ სცალია. დამითმე დედაშენის დატოვებული ყვავილი და დაგაპურებ.

ვხვდები, რომ მთლად კარგად ვერ უნდა იყოს ჩემი საქმე. ასვატიანი ნათურის შუქით გადახურებული უდაბნო ლივლივებს ჩემ წინ, ვიღაცის ხმა მესმის და თუ ახლა ოსეი არ შემოაღებს კარს, იქნებ დედაჩემის ყვავილიც კი დავთმო.

- ხომ არ დაიღალე? - ისე უეცრად წამომადგა თავზე ოსეი, რომ ახლა იმან გამიხეთქა გული.
- აუ, ბიჭო, ვიღა...
- შეგიძლია ა ქ ე თ გამოხვიდე? - აღარაფერი მიკითხავს, მივხვდი აზრი არ ჰქონდა.

აქეთ მდინარე ჩამოდის. პირის დაფჩენასაც აღარ აქვს აზრი (არადა, ნამდვილად ვიცი, რომ დღეს ბალახი არ მომიწევია).

- ბიჭო, ნათლია არ მყავს, უნდა მომნათლო.
- მე? მე უნდა მოგნათლო?
- ჰო, თუ სიცივის არ გეშინია, გაიხადე ბოტასები, აიწიე ჯინსები, შედი მდინარეში და მომნათლე.

უსიტყვოდ ვემორჩილები ოსეის თხოვნას. გაყინულ მდინარეში მუხლებამდე შევდივარ. ოსეი უკან მომყვება. კბილს კბილზე მაცემინებს. დახლოებით ისე მილურჯდება გუგები, როგორც 26 აპრილობით, არ ვიმჩნევ. მუჭით ვასხამ ოსეის გაყინულ წყალს და ჭაღი ინთება ჩვენს თავზე, თავისით, მართლა თავისით. ჭაღი კი არა და ასვატიანი ნათურა... რატომღაც მგონია, რომ ოსეიმ უნდა იცოდეს როგორი იქნება ჩემი მეგობრის სასუფეველი, თუკი ის კარგად მოიქცევა...

მდინარიდან ისე გამოვედით ხმა არ ამოგვიღია.

კედელზე მიხატვამდე ორი კვირით ადრე

ისევ სამშაბათი.
დღეს კი ნაღდად მოვწიე ბალახი. DVD-ს ხმა ჩავუწიე და იან გილანის ნაცვლად მე ვასრულებ იესოს პარტიას. დარწმუნებული ვარ, მაგრად გამომდის. ხმა რომ მეხლიჩება იმ ბესთსელერს ვფურცლავ, რომელსაც მესამე დღეა ვკითხულობ და რომელსაც არანაირი ლიტერატურული ღირებულება არ გააჩნია, მაგრამ დავამთავრებ და ხელახლა ვიწყებ კითხვას, დავამთავრებ და ხელახლა ვიწყებ კითხვას... ხელახლა ვიწყებ კითხვას, ვამთავრებ და ისევ ვიწყებ კითხვას ხელახლა. მთავარი პერსონაჟი ხომ არ შეგიყვარდაო, ოსეიმ ხუმრობით მკითხა. მგონი...

კედელზე მიხატვამდე ორი დღით ადრე

ოთხშაბათი.
ვხუჭავ თვალებს, ვშლი წიგნს და მოყვითალო ფურცლებს ფრთხილად ვეხები. სახესთან მიმაქვს წიგნი ახლოს, სულ ახლოს, ისე ახლოს, რომ მის სუნს ვგრძნობ, ენის წვერით ვასველებ ხაოიან ფურცლებს და სტამბის თუ ცარცის უგემური გემოთი გავსებულ ნერწყვს ვყლაპავ. ეს წიგნი, თუ მისი მთავარი პერსონაჟი სიგიჟემდე მინდა. თითებით მინდა ვიგრძნო, ყნოსვით მინდა ვიგრძნო, ფურცლების შრიალი მინდა მესმოდეს, მაგრამ არ მინდა ვხედავდე, არ მინდა ვხედავდე რომ წიგნია და მეტი არაფერი... თვალებს ვახელ, წიგნს ვხურავ და ოფლში გაწუწული ოსეისთან გავრბივარ.

ოსეის კარზე შავი ფლომასტრით მიწერილ „დააკაკუნე“ - ს არაფრად ვაგდებ, ჯერ ოქროსფერი უდაბნო გადავირბინე, ვიღაც მომჩხაოდა, მოიცადე, სად გარბიხარ, იქნებ მე გიშველოო, უკანმოუხედავად და შეუჩერებლად, გზა და გზა ვყრიდი ბოტასებში ჩაცვენილ ქვიშას - ხან ერთიდან, ხან მეორედან და გავრბოდი, მერე გაყინული მდინარე ტანსაცმლიანმა ისე გადავცურე, ერთი არ ავკანკალებულვარ და პატარა გორაკზე ჩამომჯდარ ოსეის ჩავუვარდი მუხლებში:

- ოსეი, თვალები დამთხარე, გეხვეწები, დამთხარე თვალები, ოსეი.
- ბიჭო, იმ წიგნის გამო ითხრი თვალებს?
- ჰო, ოსეი. ოსეი, მე ვერ დავითხრი, მეშინია.

ოსეი წამოდგა, შარვალი ჩამოიბერტყა, თმა შავი რეზინით შეიკრა, მომწვანო თვალებით მომაშტერდა, სახეზე მარჯვენა ხელი ამაფარა... რამდენიმე წამის განმავლობაში ასე გაშეშებულები ვიდექით. მერე კარამდე მიმაცილა და მითხრა, ახლა სახლში შედი და ხვალ მოვიფიქროთ როგორ მოვიქცეთო.

სახლში,
რა თქმა უნდა, ყველაფერი ადგილზეა. ოსეიმ, რა თქმა უნდა, თვალები არ დამთხარა. ერთი ისაა, რატომღაც ყველა ნივთი დიდი მეჩვენება: სკამი, მაგიდა, კარადა, უნიტაზიც კი (კეროლის დედაც, მგონი „ალისა ვსტრანე ჩუდეს“ დამემართა). კედლის საათს შევყურებ თვალებდაჭყეტილი და ვხვდები, რომ ვერ ვხვდები რომელი საათია. ისრები მიდიან და მიდიან, სანუგეშოს კი ვერაფერს მეუბნებიან. უაზროდ ვწევ ხელებს ზევით, რომ როგორმე მაგიდას მივწვდე. სისულელეა, სულ არ მჭირდება ხელების ზევით აწევა იმისავის, რომ მაგიდაზე დაგდებულ წიგნს მივწვდე. უბრალოდ თვალები აწვდიან ტვინს ასეთ სიგნალს, თორემ სიგრძით, ისევ 185 სანტიმეტრი ვარ. უაზროდ დავცქერი გადაშლილ წიგნს და არც არაფერი - ვერც ერთ ასოს ვერ ვცნობ. ვცდილობ გავიხსენო თუნდაც სულ მარტივი ა, ან ი, მაგრამ ვერა, არ გამომდის. აღარ მინდა ჩემი წიგნი. 28 წლისა და 185 სანტიმეტრის სიმაღლის უმანკო ბავშვის თვალებით შევცქერი სამყაროს... კითხვა არ ვიცი. ეს რა შარში გამხვიე, ოსეი. ვზივარ სკამზე მობუზული და წითელ ყვავილთან თავდახრილ ცოცხალ დედას ვხედავ. მიწას უფხვიერებს ყვავილს პაწია მწვანე ნიჩბით, შუბლზე ჩამოყრილ თმას უკან მაჯით იწევს და გამომძახის, - წყალი მომიტანე რა, შენი პატარა ყვითელი სარწყავით.ჩემი პატარა ყვითელი სარწყავი დაახლოებით 21 წლის წინ ვიღაცამ გამიტეხა... დედას ვხედავ ამ თვალებით.

გარეთ
გამოსულმა შევამჩნიე, რომ ჩვენი ერთი ბეწო ქუჩა თვალუწვდენელი გამხდარიყო. მის გასავლელად ალბათ რამდენიმე დღე დამჭირდებოდა. გზის გაგრძელება ვეღარ გავბედე, შემეშინდა, შემოვტრიალდი და სახლის კუთხეში უბედურად გამხდარ, ფერდაკარგულ, დიდთვალება გოგოს გადავაწყდი. დაწელილ ძუძუებს ასფალტზე მოათრევდა და კერტებიდან წამოსული სისხლის ორ უწვრილეს კვალს ტოვებდა. ენით მოვულოკე სისხლიანი კერტები, რძეც გამოვწოვე თოთო ბავშვივით. იმ ღამეს სიზმარიც თოთო ბავშვისა ვნახე: ვითომ დედას ეშმაკები აწვალებდნენ და ტირილით გამეღვიძა... ისევ რომ ჩამეძინა, ახლა მამას აწვალებდნენ ეშმაკები - სიცილით გამეღვიძა.

კედელზე მიხატვამდე ერთი დღით ადრე

ხუთშაბათი.
ოსეი შემოვიდა. კედლის საათს შევყურებ გამოცარიელებული თვალებით, პირქვე დამხობილი წიგნი იატაკზე გდია და დედა მენატრება:
- ოსეი, რა მიქენი, ბიჭო?
- მაპატიე რა, რაღაც ამერია, არა, თვალების დათხრას არც ვაპირებდი, უბრალოდ ჩემი შესაძლებლობების გამოცდა გადავწყვიტე და უსისხლოდ, ყველანაირი ტკივილის გარეშე მინდოდა შენი თხოვნის შესრულება, მაგრამ რაღაც შემეშალა.
- მერე გაარკვიე რა შეგეშალა?
- მგონი კი, აბა დახუჭე თვალები...

სცენა იგივე. მარჯვენა ხელს მადებს დახუჭულ თვალებზე. სულ ერთი წამით ვითიშები. გონზე რომ მოვდივარ, ოსეი აღარსად ჩანს. ნივთები ჩვეულ ზომას უბრუნდება. საათს შევყურებ თვალებგაფართოვებული. შუადღის 2 საათია. ყველაფერს ვხედავ, მაგრამ ცუდად. იმ იმედით, რომ მალე დავბრმავდები საწოლზე ვჯდები და პირქვედამხობილ წიგნს გვერდით ვიდებ. მგონი ოსეიმ ისევ აურია რაღაც, მართალია აშკარად ცუდად ვხედავ, მაგრამ წიგნის შეხებაზე ერთი ნერვიც კი არ მიტოკდება. ვფურცლავ წიგნს და ასოები ერთმანეთში იბლანდება, წიგნს შორს ვწევ, აი ისე, ხანშიშესული ადამიანები როგორც კითხულობენ, მგონი ახლა უკეთესია, მაგრამ რად გინდა, არც ერთ შეხებას, არც ერთ სიტყვას არანაირი შეგრძნება არ მოაქვს, გინდა რომელიმე ყვითელი გაზეთის უღიმღამო ჟურნალისტის მიერ დაწერილ კიდევ უფრო უღიმღამო სტატიას ვკითხულობდე და გინდა ამ ჩემს წიგნს. ოთახში რაღაც ლანდებს ვხედავ. დიდი ბაბუა მახსენდება, სიკვდილის წინ რომ მეუბნებოდა, ბაბუ, მოხუცების თვალები მიცვალებულებს ხედავენო... აშკარად დედაჩემის ლანდს ვხედავ... გამჭვირვალეა, თავის წითელ ყვავილს დაჰფარფატებს და სულს უბერავს...ოსეი, ბიჭო, რას მიშვრები...

კარზე ვუკაკუნებ ოსეის. სახლში არ არის. მეზობელმა გამომძახა, ვიღაცეებმა მოაკითხეს და ისე წაიყვანეს, კარის დაკეტვაც ვერ მოასწრო. მგონი რაღაც შარში გაეხვია, სადღაც ის უბედურად გამხდარი, ფერდაკარგული და დიდთვალება გოგო უპოვიათ მკვდარი, ოსეის ძუძუს რომ აწოვებდა. ოსეის აბრალებენ. თუ დაუმტკიცდა, სახალხოდ მიახატავენ კედელზეო.

არეულ-დარეული შემოვბრუნდი სახლისკენ. ფეხის საწმენდზე ოსეის წერილი ვიპოვე: „ისევ ამერია რაღაც. მაპატიე. მალე გაგივლის. არ ინერვიულო. მთავარია კარგად გამოიძინო და დილით ჩიტივით იქნები. მაგ წიგნს შეეშვი, არ ღირს თვალების დათხრად. კიდევ შევხვდებით ერთმანეთს. ოსეი.“

კედელზე მიხატვის დღე

რაღაც უმზეო პარასკევი გათენდა.
რაღაც დედანატირები მზე ამოღოღდა. თითქოს წამოწვიმა კიდეც, მაგრამ მართლა თითქოს.

ამ პარასკევს ოსეი კვერცხის საჭმელად არ შემოვა.

დილიდან მოსაწევს ვეძებ. ვერ ვპოულობ. სახლის წინ ხალხი გროვდება, არ ვიცი რატომ, არც მაინტერესებს. ფანჯრიდან ვუყურებ როგორი ზარ-ზეიმით მოაქვთ ფერად-ფერადი საღებავები ვიღაც ბერეტიან და წვერებიან კუნთმაგარ მხატვრებს. იქვე, კედლის სიახლოვეს ფიცარნაგს აგებენ დურგლები.

მოსაწევს ვპოულობ, დედაჩემის წითელ ყვავილს ვაცლი ჯერ ფოთლებს, მერე ფურცლებს, გაყვითლებულ ქაღალდში ვახვევ, ასანთს ვუკიდებ, ნაფაზს ვარტყავ, თვალებს ვხუჭავ და… ვმშვიდდები.

დახურულ ფანჯრებშიც აღწევს ეზოში შეკრებილი ხალხის ყაყანი. თვალებს ვახელ, არა, კი არ ვახელ, ვაჭყეტ, მაგრამ ვერაფერს ვხედავ.ბარბაცით მივუყვები ჩემი ოთახის ნაცნობ კედლებს, საწოლზე ვჯდები და ყნოსვით ვაგნებ ჩემს წიგნს.

მე არასოდეს გამიხდია ტანსაცმელი ქალისთვის. მე არასოდეს გადამიშლია მისთვის ფეხები. მე არასოდეს მიყნოსია მისი მკერდის მომჟავო სუნი... სამაგიეროდ:

ხელის ცეცებით, ნელა, ძალიან ნელა ვშლი წიგნს და მის მოყვითალო ფურცლებს ფრთხილად ვეხები. სახესთან მიმაქვს წიგნი ახლოს, სულ ახლოს, ისე ახლოს, რომ მის სუნს ვგრძნობ, ენის წვერით ვასველებ ხაოიან ფურცლებს და სტამბის თუ ცარცის უგემური გემოთი გავსებულ ნერწყვს ვყლაპავ. იმის შიშით, რომ არაფერი ვატკინო თითის ბალიშებით, ოდნავ, სულ ოდნავ ვეხები თითოეულ ასოს, თითოეულ სიტყვას... აი ია...ოფლიანი ხელისგულებით ვიღებ წიგნს, შიშველ მკერდზე ვიდებ და ქვევით, სულ ქვევით ფრთხილად ვაცურებ... ახლა, ამ წუთას ისე არ მაინტერესებს მისი ლიტერატურული ღირებულება, როგორც ჩემს მეგობრებს ქუჩაში ნაპოვნი მეძავების სულიერი მდგომარეობა... გადმონთხეულ სითხეს ვეღარ იტევს წიგნის ფურცლები, ოთახი ერთმანეთში არეული სტამბისა და სპერმის მწარე სუნით იჟღინთება...

ხალხის ყაყანი და კიდევ ოსეის ჩახრინწული ხრიალი მაფხიზლებს:

- გამოდი! გესმის? გამოდი! - კედელზე მიმახატეს ამ ნაბიჭვრებმა.

წამოდგომას ვცდილობ და ვერ ვახერხებ: ვწევარ ოთახის შუაგულში გულხელდაკრეფილი, დაცლილი და დაბრმავებული.

მთხრობელი:

ყვავებივით ჩხავიან ეზოში შეკრებილი ადამიანები - შიშით გულგახეთქილ ბეღურებს ბარტყებისათვის წამოკრეფილი ნამცეცები ნისკარტებიდან სცვივათ და აჩხავლებულ ხალხს თავზე აცვივა.

სისხლი მოსდის ოსეის საფეთქლებიდან - კუნთმაგარი მხატვრები ოსეის სახეს ხატავენ კედელზე.
სისხლი უდგება ოსეის თვალებში - მწვანედ აფერადებენ კედელზე მიხატული ოსეის თვალებს.
ტუჩის კუთხეები დაუსკდა ოსეის - ხელიც კი არ უკანკალებს ბერეტიან მხატვარს, ისე ლამაზად გამოჰყავს ოსეის ტუჩის კონტურები კედელზე.
ღერა-ღერა სცვივა ოსეის თმები - ბრონზე შეურიეს ყავისფერ საღებავს ოსეის თმების გასაფერადებლად.
ტანზე შემოეფლითა ოსეის პერანგი - თეთრი საღებავი გადმოღვარეს მხატვრებმა მოლბერტზე.

- გამოდი! გესმის? გამოდი! - მომეშველე ადამიანო, კედელზე მიმახატეს ამ ნაბიჭვრებმა.

მე კი ვწევარ ოთახის შუაგულში გულხელდაკრეფილი, დაბრმავებული. იმასთან შეხვედრას ველოდები, ვინც პასუხს გამცემს კითხვაზე, - როგორი იქნება ჩემი მეგობრის სასუფეველი, თუკი ის კარგად მოიქცევა... და ვჩურჩულებ:

- სად გამოვიდე, ოსეი? სად? მე ხომ ლაზარე არა ვარ!!!

#362 Sophie Amiranashvili

    L8: პროფესიონალი

  • Member
  • პიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამა
  • 10,227 გამოხმაურება
0

დაწერილია 04 January, 2008 - 15:53

ისეთი მაგარია, რომ ვერც ვამბობ როგორი :)
Sophie Amiranashvili

Linxtelecom Georgia LLC
Sales Manager Georgia

GSM: +995 99 22 15 40
Office: +995 32 56 68 73

#363 Nino Tarkhnishvili

    L3: კომპეტენტური

  • Member
  • პიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამა
  • 644 გამოხმაურება
0

დაწერილია 04 January, 2008 - 15:56

დიდი მადლობა, ამოვისუნთქე :)

#364 Zurab Alavidze

    L8: პროფესიონალი

  • Member
  • პიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამა
  • 7,738 გამოხმაურება
1

დაწერილია 04 January, 2008 - 22:10

ვერაფერს ვამბობ :)

როგორც ყოველთვის, მოლოდინს სცდება :)

კიდევ წავიკითხავ, ცოტა ხანში და კიდევ...:(

#365 Giorgi Kalatozishvili

    L6: შთამბეჭდავი

  • Member
  • პიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამა
  • 2,205 გამოხმაურება
1

დაწერილია 04 January, 2008 - 22:18

იხილე გამოხმაურებაNino Tarkhnishvili, Jan 4/08, 14:56 -ში, განაცხადა:

დიდი მადლობა, ამოვისუნთქე :(


აბა რას ელი, ახლა აქ ვინმე დაწერს, რომ "ნარმალნია რა"... :) მშვენიერია
გიორგი კალატოზიშვილი
პიარისა და კომუნიკაციების სპეციალისტი

მობ.: (+995 74) 999 356
(+995 95) 414 118

#366 Nino Tarkhnishvili

    L3: კომპეტენტური

  • Member
  • პიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამა
  • 644 გამოხმაურება
0

დაწერილია 05 January, 2008 - 16:15

მიხარია, ასე რომ მოგეწონათ და ისე მიიღეთ, რომ შეჩვენება არ დამიპირეთ :)

#367 Giorgi Kalatozishvili

    L6: შთამბეჭდავი

  • Member
  • პიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამა
  • 2,205 გამოხმაურება
1

დაწერილია 05 January, 2008 - 20:02

იხილე გამოხმაურებაNino Tarkhnishvili, Jan 4/08, 13:51 -ში, განაცხადა:

- მაგრად მღერის ხომ გილანი? სულ რამდენიმე წამით ხმას აყოლებს ოსეი გილანის პარტიას და ჩერდება.


:) მაგარი პასაჟია
გიორგი კალატოზიშვილი
პიარისა და კომუნიკაციების სპეციალისტი

მობ.: (+995 74) 999 356
(+995 95) 414 118

#368 Tamuna Jangulashvili

    L6: შთამბეჭდავი

  • Member
  • პიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამა
  • 1,827 გამოხმაურება
0

დაწერილია 05 January, 2008 - 20:09

ძალიან მაგარიააა!!!
Tbilisi University
PR Manager
www.tbuniver.edu.ge
t.jangulashvili@gmail.com
+995 93 256162; 899445051

#369 Zurab Alavidze

    L8: პროფესიონალი

  • Member
  • პიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამა
  • 7,738 გამოხმაურება
1

დაწერილია 05 January, 2008 - 21:46

Nino Tarkhnishvili
ნინო, მნათობთან რატომ არ "თანამშრომლობ" ?

#370 Nino Tarkhnishvili

    L3: კომპეტენტური

  • Member
  • პიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამა
  • 644 გამოხმაურება
0

დაწერილია 06 January, 2008 - 15:30

Zurab Alavidze

გითხრა სიმართლე?
ამ შემთხვევაში მნათობს არ ვგულიხმობ, მაგრამ რამდენიმე ლიტერატურულმა გამოცემამ ბოლო მოთხრობები (და არა მინიატურები) დაბლოკა. აბსოლუტურად მესმის მათი. თემაა ცოტა საჩოთირო :)

#371 Zurab Alavidze

    L8: პროფესიონალი

  • Member
  • პიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამა
  • 7,738 გამოხმაურება
1

დაწერილია 07 January, 2008 - 05:24

Nino Tarkhnishvili
"რამდენიმე ლიტერატურული გამოცემა" - ჯანდაბას...მაგრამ "მნათობი", ვფიქრობ, საინტერესო უნდა იყოს შენთვის.
თუ...?
პ.ს. შობას გილოცავ :)

#372 Archil Mikelashvili

    L3: კომპეტენტური

  • Member
  • პიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამა
  • 616 გამოხმაურება
0

დაწერილია 26 January, 2008 - 22:37

რუსუდან კაიშაური მამიდაჩემია. არ ვიცი, ვინმეს გაგიგიათ თუ არა მის შესახებ, მაგრამ ჩემი აზრით, კარგი პოეტია (არა იმიტომ, რომ მამიდაჩემია)
აი, მისი ერთ-ერთი ლექსი

ლექსი

ლექსს როცა დაწერ,
იმ დღეს აღარ ლოცულობ,
გული უარზეა.
დედობა ჩამოგერთმევა,
სამშობლოს ათავისუფლებ
შენგან,
სიცოცხლე დასული
ყუაზეა.
ან რაღად გინდა?
ლექსს როცა დაწერ,
გამობმული
მერნის ძუაზე ხარ.
სამაგიეროდ,
სხვა ყველაფერი
შენს ჭკუაზეა.
Archil Mikelashvili
Consumer Sales Officer at Bank Republic Société Générale Group

Cell: (+995 51) 78 28 61
E-mail: archil.mikelashvili@gmail.com

პირველი ქართული HR ბლოგი

#373 Nino Tarkhnishvili

    L3: კომპეტენტური

  • Member
  • პიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამა
  • 644 გამოხმაურება
0

დაწერილია 28 March, 2008 - 13:46

თეთრი ოთახი

ფანტასტიკური პროზა

ეძღვნება ზურა მეტრეველს :)

- შენ როდისმე აგიტყავებია თითები? – მე ამიტყავებია. და დღემდე ასე ვიტყავებ ყველა თითს რიგრიგობით და მერე ნუნებიდან წამოსულ თბილ სისხლს ვლოკავ. იცი როგორია კანგადაცლილი ხორცი? – ხაოიანი. და ის იცი რა მაგარი გრძნობაა, როცა სხეულში ერთდროულად ათი გული გიცემს და კანგადაცლილი თითები ფეთქავენ და ფეთქავენ? მე იმათ ფეთქვას ლოკვით ვაცხრობ, ხაოიან ხორცს ენის წვერით ველაქუცები, ტუჩებით ვქაჩავ ჭრილობებიდან წამოსულ შინდისფერ სისხლს, ნერწყვთან ერთად ვყლაპავ და არც ერთ წვეთს არ ვიმეტებ გადასაფურთხებლად.

ჩურჩულებდა კუთხეში მიყუჟული ალალე და თან მარჯვენა ხელის საჩვენებელი თითის ფრჩილით, მარცხენა ხელის არათითის ნუნას ძიძგნიდა, თითებიდან ატყავებულ კანს კი იქვე, ფეხებთან ყრიდა.

- ასე თუ გააგრძელებ, ცოტა ხანში საკუთარი თითებიდან აძიძგნილ ნაფლეთებში ჩაიძირები და დაიხრჩობი, - მეორე კუთხიდან გადმოხედა ლეგამ ალალეს, მერე ისევ მუხლებში ჩარგო თავი და ისეთი გაცხარებული კამათი გააბა ვიღაცასთან თუ რაღაცასთან, კაცი იფიქრებდა, ცოტაც და ჩახოცავენ ერთმანეთსო.

ლეგა ერთი ძალიან ჩვეულებრივი ბიჭი იყო, უბრალოდ ერთ დღეს აღმოაჩინა, რომ მის არც თუ ისე დიდ ფალოსს ლაპარაკი შეეძლო და მას მერე იყო, ადამიანებთან ურთიერთობა რომ აკრძალა. ახლა ის მხოლოდ საკუთარ მამაკაცურ ღირსებას ესაუბრება. სახელად ფალინო დაარქვა, რაღაც იტალიურად ჟღერსო. აი ახლაც ის და ფალინო რაღაცაზე გაცხარებით კამათობენ.

- გააჩერეთ ეს ადამიანი. არ გესმით ხალხო? გააჩერეთ ეს ადამიანი, თორემ მე არ ვიყო ქალი-გალაქტიკა, თუ მაგის ფალინო კედელს არ შემოვანარცხო.

ქალი-გალაქტიკა ერთადერთი ადამიანი იყო იმ თეთრ ოთახში, რომელსაც არამარტო ლეგას, არამედ თვით ფალინოს საუბარიც კი ესმოდა და საშინლად იღგზნებოდა, როდესაც ფალინოს ზედმეტად მამაკაცური და ვნებიანი ხმა მის ყურებამდე აღწევდა. ქალი-გალაქტიკა ირწმუნებოდა, რომ სწორედ ფალინოს ვნებიანმა ხმამ გააბრიყვა ის რამდენიმე მილიარდი წლის წინ და მასთან გატარებული ერთი ღამის ბრალია, რომ უკვე რამდენიმე მილიარდი წელია ფეხმძიმედაა და ვერაფრით გააჩინა ეს ოხერი დედამიწა. მოკლედ, ქალ-გალაქტიკას აჩემებული აქვს, ფეხმძიმედ ვარ და დედამიწას ველოდებიო. ქალი-გალაქტიკა თეთრი ოთახის მესამე კუთხეში სახლობს.

ალალემ ჯერ ლეგას გადახედა, სულ ერთი წამით მისი ფალინოსაკენ გააყოლა მზერა, მერე ქალ-გალაქტიკას მიუტრილადა და შეშინებულმა იკითხა:

- ქალბატონო გალაქტიკა, აი უცებ, ამ წუთას, არა აი აი ამ წამს რომ დაგეწყოთ მშობიარობა, ვინ მოგეშველებათ? ამ ჩვენს ოთახში ერთი კინკილა ბებია-ქალიც კი არ მოიძებნება, წარმოიდგინეთ, მე ჩემი ატყვაბული თითებით ვერაფერს გავხდები, ლეგას ალბათ ფალინო არ გამოუშვებს, იმას კი რა შეუძლია? – ხელი გაიშვირა ალალემ მეოთხე კუთხისაკენ, სადაც დაახლოებით 93 წლის მოხუცს ეძინა და რაც მთავარია, ისე ღრმად ეძინა, რომ არასდროს იღვიძებდა. აი ასე, სულ ეძინა. მის სიზმრებს კი თეთრი ოთახის მაცხოვრებლები მეოთხე კუთხის თავში ჩამოკიდებული ტელევიზორის მეშვეობით ადევნებდნენ თვალყურს. სწორედ ამ ტელევიზორის წყალობით იცოდნენ, რომ მას მოხი ერქვა. ახალგაზრდობაში დაქირავებულ მკვლელად მუშაობდა. მოკლული ჰყავდა ზუსტად 18 და ნახევარი ადამიანი. ნახევარი იმიტომ, რომ ის ცოცხალ-მკვდარი გადაურჩა. დამქირავებელმა მოხის ეს ამბავი არ აპატია და სულ არაპროფესიონალი ეძახა. მერე მოხიმ იმდენად შეურაცხყოფილად იგრძნო თავი, რომ ერთ საღამოს დაიძინა და უკვე დაახლოებით 60 წელია, რაც ასე ძილში ატარებს ცხოვრებას. ჰოდა, მის თავთან ჩამოკიდებული ტელევიზორი ზუსტად მაშინ ირთვება, როდესაც მოხი თავის მომდევნო მსხვერპლს მისდევს მოსაკლავად.

ასეთ დროს ალალე კიდევ უფრო დიდი მონდომებით იწყებს თითების ძიძგვნას. ლეგა და ფალინო კამათს წყვეტენ. ქალ-გალაქტიკას კი როგორც წესი ცრუ სამშობიარო ტკივილები ეწყება და მისი გამაყრუებელი კივილი თვით ძილში ჩაძირულ მოხისაც კი აფხიზლებს, რაც ტელევიზორში გამოსახულებას აფუჭებს და ამის გამო ფალინო ისე ბრაზდება, რომ ლეგასაც კი ეშინია საკუთარი მამაკაცური ღირსების. როდესაც ქალი გალაქტიკა მიხვდება, რომ ჯერ დედამიწა დაბადებას არ აპირებს, ჩუმდება და ისიც პირდაფჩენილი აშტერდება ტელევიზორს.

იქ კი რა ხდება, ვაი, რა ხდება:

მეთერთმეტე მსხვერპლი:
სახელი: მონე
გვარი: რა მნიშვნელობა აქვს, მაინც მკვდარია
ასაკი: მკვლელობის მომენტში ზუსტად 29 წლის 40 დღისა და 18 საათის შესრულდა.
ოჯახური მდგომარეობა: დასაოჯახებელი, რომელიც ვეღარასდროს დაოჯახდება
განათლება: იურისტი
მკვლელობის ადგილი: საკუთარი სახლის ცუდად განათებული სადარბაზო
მკვლელობის სცენა:
- მოხი შენ ხარ? ისე უცებ მომეპარე, შემეშინდა
- არ გრცხვენია მონე? მე ვინ უნდა შევაშინო?
- შენც მართალი ხარ. რა მოხდა, ხომ მშვიდობაა? ამ შუაღამისას აქ რამ მოგიყვანა?
- ისეთი არაფერი, ვიფიქრე, შევუვლი, ვნახავ, როგორ არის-მეთქი
- ჰოდა, ძალიან კარგი, დავლიოთ რამე
- ვერა, საქმე მაქვს
- რა საქმე?
- დიდი არაფერი, უბრალოდ აი ამ მაყუჩიანი პისტოლეტიდან ორი ტყვია უნდა გავისროლო. ერთი გულში უნდა დაგიმიზნო, მეორე კი თავში – საკონტროლო გასროლა, ხომ გაგიგია.
- მოხი, მოიცა რა, რას მეკაიფ...

მოხი დაპირებას ასრულებს, ჯერ გულში ესვრის მონეს, მერე საკონტოლო ტყვიას - თავში და ცუდად განათებული სადარბაზოდან გამოსული მოხი გაიფიქრებს, ნეტა მიცვალებულების თვალებში მართლა რჩება მკვლელის გამოსახულება? მერე უკან მიტრიალდება, ეზოში გამხმარ ტოტს მოქექავს და მონეს, მაინც ყოველი შემთხვევისათვის, თვალებსაც დასთხრის.

ტელევიზორი ქრება, ეს იმას ნიშნავს, რომ მოხის სულ ცოტა ხანში ცრემლები წამოუვა და მისი მლაშე ცრემლები მაინცდამაინც ალალეს ატყავებული თითებისაკენ დაიწყებს დენას. ყველაზე მეტად ამის ეშინია ალალეს. მოხის ცრემლები საშინლად მარილიანია.

ლეგას აზრით, ალალე ძალიან ლამაზია. ფალინოს თქმით კი მას უბრალოდ მკვრივი მკერდი აქვს და სწორედ მისი მკერდი ატყუებს ლეგას:
- არც თვალები უვარგა, ვერ ხედავ, ბეცია, არც ტუჩები, თხელი და უსიცოცხლო, თითები ხომ საერთოდ, სულ სისხლი სდის.

მიუხედავად ფალინოს ბუზღუნისა, ლეგას ოცნებად აქვს ქცეული როგორმე ალალეს ატყავებული თითები საკუთარი ენით დაუამოს. ალალე ხვდება, რომ ლეგასა და ფალინოს კამათის ძირითადი ობიექტი სწორედ ის არის, მაგრამ ცდილობს არ შეიმჩნიოს.

სამაგიეროდ ქალი-გალაქტიკა მოსწონს ფალინოს, თან ისე მოსწონს, რომ დაახოებით 75 წლის ქალის მიმჭკნარი სხეულის თითოეული ნაკვთის დანახვა ლურჯი და გადაქექილი ხავერდის ხალათის მიღმაც კი შეუძლია. მიუხედავად ქალი-გალაქტიკას მტკიცებისა, რომ დედამიწას ელოდება, შეიძლება ითქვას, რომ მას ფეხმძიმობის არანაირი ნიშან-წყალი არ ეტყობა. მის გაძვალტყავებულ და ჩამომხმარ სხეულს საკუთარი თავის ზიდვა ძლივს შეუძლია და დედამიწას ხომ მითუმეტეს ვერ ატარებს მუცლით.

მართალია ფალინოს არ ახსოვს რა მოხდა მასსა და ქალ-გალაქტიკას შორის რამდენიმე მილიარდი წლის წინ, მაგრამ დედამიწის მამობაზე უარს ნამდვილად არ იტყვის. მითუმეტეს, რომ ქალი-გალაქტიკა ამტკიცებს, მამა ფალინოაო.

აქ სულ აწმყოა.
აქ არ არსებობს მომავალი.
არ არსებობს წარსული.
უფრო სწორედ, აქ, ამ ოთახში, ოთხკუთხა თეთრ ოთახში, ერთადერთი წარსული მოხის სიზმრები და ქალი-გალაქტიკისა და ფალინოს რამდენიმე მილიარდი წლის წინ შესრულებული სექსუალური აქტია.

- ალალე, შენ იცი როგორი იქნება ჩემი დედამიწა? – ეკითხება ქალი-გალაქტიკა ალალეს და თან მუცელზე ისვამს ხელს.
- არა ქალბატონო გალაქტიკა
- ის ყველაზე ლამაზი დედამიწა იქნება მთელს სამყაროში.
- დარწმუნებული ვარ, ქალბატონო გალაქტიკა
- არა ამას იმიტომ არ ვამბობ, რომ დედამიწა ჩემი შვილია, უბრალოდ, ის მართლა სასწაულია.
- საიდან იცით? ჯერ ხომ არ დაბადებულა?
- სიზმრებს მარტო მოხი კი არ ნახულობს, წუხელ დამესიზმრა.

ქალი-გალაქტიკას სიზმარი:

ნახა, ხელში ეჭირა თოთო დედამიწა,
ოკეანესფერი თვალები ჰქოდა,
უდაბნოსქვიშისფერი თმები
მწვანე აბრეშუმში იყო გახვეული
და ყელზე თეთრი ბროლის მძივი ეკიდა
ლამაზი იყო, ისეთი ლამაზი, რომ სულ არ ჰგავდა ჩამომჭკნარი სხეულიდან ახალგამომძვრალს.

- მეც ველოდები თქვენს დედამიწას ქალბატონო გალაქტიკა, დილას გადავწყვიტე, ჩემი თითებიდან ატყავებული კანით მისთვის გადასაფარებელი შევკერო. მოხარული ვიქნები, თუკი დედამიწას ჩემს კანში გაახვევთ.
- დიდი მადლობა ჩემო ალალე, ოღონდ დაიბადოს, ოღონდ მალე დაიბადოს.

ლეგა და ფალინო ისე დაიღალნენ კამათით, რომ ჩაეძინათ. მათი ჩაძინება და მოხის თავზე ტელევიზორის ჩართვა ერთი იყო.

მეცხრამეტე მკვლელობის მცდელობის სცენას ხედავს მოხი. ალალე საკუთარ კუთხეში კიდევ უფრო მეტად იყუჟება. ქალ-გალაქტიკას წელის არეში ტკივილები ეწყება.

მსხვერპლის სახელი: ჰერმანი
გვარი: ისიც ჰ-ზე იწყება
ასაკი: უცნობია
საქმიანობა: თუ არ ვცდები – მწერალი
მკვლელობის დამკვეთი: თავად მოხი
მკვლელობის დამკვეთის მოტივაცია: შური
მკვლელობის მცდელობის იარაღი: საბეჭდი მანქანა
მკვლელობის მცდელობის ადგილი: საკუთარი სამუშაო კაბინეტი, ოღონდ სახლში

- გამარჯობათ, მე ბატონ ჰერმანთან ვარ, მელოდება.
მოხის კარს ახალგაზრდა მსახური გოგონა უღებს, ბატონი ჰერმანის ოთახში აცილებს და ჩაის მოსამზადებლად გადის.

- გამარჯობათ ბატონო მოხ, დილიდან გელოდებით, ვაფასებ ლიტერატურის მოყვარულ ახალგაზრდებს. ჩვენ შეგვიძლია არაერთი არაჩვეულებრივი საღამო გავატაროთ ლიტერატურაზე საუბარში. მე თქვენ გასწავლით როგორ უნდა შეიცნოს ადაიანმა ჭეშმარიტი ლიტერატურა.
- მოხარული ვარ ბატონო ჰერმან, ჩემი სურვილიც ეს არის. დიდი ხანია ვეძებ ადამიანს, რომელიც დამეხმარება შევიგრძნო ნამდვილი ლიტერატურის გემო.
- ჩვენ შეგვიძლია ახლავე შევუდგეთ საქმეს. სულ ერთი წუთით მიგატოვებთ, ხელებს გადავიბან.

ჰერმანი გადის. მოხი საწერი მაგიდიდან იღებს რკინის საბეჭდ მანქანას და კარის უკან უსაფრდება ფერმანს. ორ წუთში ჰერმანი კარს აღებს, სულ ერთი წამით მოავლებს ოთახს თვალს და თავში საზიზღარ ტკივილს იგრძნობს.

თუკი სადმე მკვლელების მფარველი ანგელოზი არსებობს, მაშინ ჰერმანი ყველა ვარიანტში მკვდარი უნდა იყოს, რადგან ორად გაპობილი თავიდან თქრიალით მოდის სისხლი და საბეჭდი მანქანიდან ჩამოცვენილ ფურცლებს წითლად ღებავს.

მაგრამ, როგორც ჩანს, საბედნიეროდ, ამ სამყაროში მკვლელების მფარველი ანგელოზი ჯერჯერობით არ არსებობს, რადგან ცოცხალ-მკვდარი ჰერმანის გადარჩენა ექიმებმა მაინც მოახერხეს. და როდესაც რამდენიმე წლის შემდეგ, მან კვლავ შესძლო დამოუკიდებლად სიარული, სადღაც ტრამალებში გადაიკარგა, ზოგმა თქვა მოკვდაო, ზოგმა კი მგლების ხროვას დაუდგა მწყემსადო.

ტელევიზორი ქრება. ალალე მოხის თვალებიდან წამოსული მლაშე ცრემლების ნიაღვარს ელის, მაგრამ ცრემლი არსად ჩანს, როგორც ჩანს, ეს ცოცხლად გადარჩენილი მსხვერპლის დამსახურებაა.

ჯერ ფალინოს გაეღვიძა. კედელზე თავმიდებულ ლეგას ისე მშვიდად ეძინა, რომ მისი გაღვიძება დაენანა და მესამე კუთხეში მიყუჟულ ქალ-გალაქტიკას ჩუმად გადახედა. იწვა 75 წლის მოხუცი თვალებდახუჭული და მიცვალებულს უფრო ჰგავდა, ვიდრე დედამიწის მომლოდინე ქალს. სულ ერთი წამით გულს შემოეყარა ფალინოს, მშობიარობას რომ გადაჰყვეს, მერე რაღა მეშველებაო, მაგრამ ეს ფიქრი მაშინვე ამოიგდო თავიდან და ახლა ალალეს გადახედა. ალალე თავის კუთხეში ჩაცუცქულიყო და ფეხებთან დაყრილ საკუთარი კანის ნაგლეჯებს სულ სათითაოდ კრეფდა. მომავალი დედამიწისათვის გადასაფარებლის შეკერვა ჰქონდა გადაწყვეტილი. ფალინოს ახლა ის მოეჩვენა სულ ერთი წამით, რომ ალალე არც ისეთი შეუხედავი იყო, როგორსაც ის ლეგას უხატავდა, მაგრამ ეს ფიქრიც სასწრაფოდ მოიცილა თავიდან და ახლა მოხის კუთხეს მიუბრუნდა. მოხის მშვიდად ეძინა, უსიზმროდ. ალბათ ამიტომ იყო, რომ ოდნავ შესამჩნევად სუნთქავდა და ისიც მიცვალებულს ჰგავდა.

რამდენიმე სიტყვა თეთრი და ოთხკუთხა ოთახის შესახებ:

ოთახი ალბათ ხვდებით თეთრია და იქიდან გამომდინარე, რომ ოთახი ოთხკუთხაა მას ზუსტად ოთხი კუთხე აქვს, არც მეტი და არც ნაკლები. თითოეული კუთხე შეადგენს 90 გრადუსს, არც მეტს და არც ნაკლებს. ოთახის ერთადერთ ინვენტარს მეოთხე კუთხის თავზე მოთავსებული ტელევიზორი შეადგენს. ოთახს აქვს ერთადერთი ფანჯარა და ისიც ჭერზე. როგორც ამ ოთახის მაცხოვრებლები ამბობენ, ეს არის ფანჯარა ევროპაში, მაგრამ თვითონ სიტყვა ევროპა ან საიდან გაიგეს და ან რას ნიშნავს, ეს კი აღარ იციან.

რაც მთავარია ოთახის ჭერი ძალიან მაღალია, ასე რომ მის მაცხოვრებლებს არანაირი შანსი არა აქვთ, რომ როდისმე თუნდაც ცალი თვალით მაინც შეიხედავენ ევროპაში. თითოეულ მათგანს ევროპის განმარტების საკუთარი ინტერპრეტაცია გააჩნია:

ალალე თვლის, რომ იქ ხუთკუთხა ოთახებიც კი არსებობს.
ლეგა ამტკიცებს, რომ ევროპაში სპეციალურად მისნაირი ფალინოებისათვის წითელი ფანრების ქუჩებს აშენებენ.
ქალი-გალაქტიკა თავს იკლავს, გუშინ რომ გეძინათ, ევროპამ ჩამომძახა, ქალბატონო გალაქტიკა, ულამაზესი აზია შემიყვარდა და სანამ დედამიწას არ გააჩენ, ჩვენი ერთად ყოფნა შეუძლებელიაო, ჰოდა, მთხოვა, იქნებ როგორმე მშობიარობა დააჩქაროთო.
მოხი არც არაფერს ფიქრობს და არც არაფერი ესიზმრება.

ჰო, და კიდევ, თეთრი ოთახის შუაგულში ერთი დიდი, მართკუთხედი და ცარიელი ხის ყუთი დგას. ოთახის მაცხოვრებლები ამ ყუთს ახლოს არ ეკარებიან. ერთი რამ კი კარგად იციან, ოთახის ოთხი მკვიდრიდან ერთ-ერთი საბოლოოდ ამ ყუთში გადაინაცვლებს, რომელსაც თან ჩაატანენ ყველა იმ ნივთს, რითიც ის სარგებლობდა ხოლმე და რაც მთავარია, უყვარდა.

ესეც რამდენიმე სიტყვა თეთრი ოთახის შესახებ.

. . .

ოთახის მაცხოვრებლების გასაოცრად, მოხის ხველა აუტყდა. აი ასეთი რამ კი არასდროს დამართვნია მოხის. ლეგა და ქალი-გალაქტიკა თითქმის ერთდროულად წამოცვივდნენ ფეხზე. ალალეს ნემსი შეერჭო ისედაც ატყავებულ თითში და ძლივს გასაგონად შეჰკივლა.

მოხის ისე ახველებს, რომ თითქმის ყველა დარწმუნებულია, მას საკუთარი მსხვერპლების აჩრდილები ახრჩობენ. სულ ტყუილად:

ტელევიზორი შხრიალით ირთვება:

- გამარჯობა მოხი, მე ვარ ანგელოზი-ოზი, მკვლელების მფარველი ანგელოზი, ანუ შენი მფარველი ანგელოზი
- შენ რომ ჩემი მფარველი ანგელოზი იყო, მაშინ ჰერმანი მკვდარი უნდა იყოს
- მე 25 წლის წინ დავიბადე, შენ კი ჰერმანს დაახლეობით 60 წლის წინ კლავდი.
- ჰოო?
- ჰო.
- ჩემგან რა გინდა?
- დაახლოებით ერთ საათში ქალბატონ გალაქტიკას მშობიარობა დაეწყება.
- მერე მე რა შუაში ვარ?
- შენი დახმარება დასჭირდება.
- ჩემი?
- ჰო.

ტელევიზორი ითიშება. ანგელოზი – ოზი ტელევიზორიდან პირდაპირ მოხის კუთხეში ინაცვლებს, მას ყურში რაღაცას ჩასჩურჩულებს და მოხი ისე აჭყეტს თვალებს, თითქოს სულ რაღაც ერთი საათის წინ ჩაიძინა.

დაზაფრული ალალე, ლეგა და ფალინო, ხან მოხის შესცქერენ და ხან ქალ-გალაქტიკას. მოხი ფეხზე დგება, 93 წლის მოხუცის კვალობაზე საკმაოდ მარჯვედ იმართება წელში:

- გამარჯობათ, მე მოხი ვარ, მკვლელი.
- ვიცით, - პასუხი სამივე კუთხიდან ერთდროულად მოდის.
- ძალიან კარგი. შემთხვევით, სანამ მე მეძინა, აქ ვინმე ჰერმანს ხომ არ გამოუვლია?
- არა, ბატონო მოხ, - პასუხი ისევ სამივე კუთხიდან ერთდროულად მოდის.
- ძალიან კარგი. ალბათ თქვენ ბრძანდებით არა ქალი-გალაქტიკა, - მოხი ალალეს ეკითხება.
- არა ბატონო მოხ, მე ალალე ვარ, ქალი-გალაქტიკას შვილისათვის, დედამიწისათვის, საკუთარი თითებიდან ატყავებული კანით გადასაფარებელს ვქსოვ.
- ძალიან კარგი. ანუ თქვენ ელოდებით დედამიწას? – ეკითხება ქალბატონ გალაქტიკას მოხი, მაგრამ პასუხის მაგივრად, ქალბატონი გალაქტიკა წელში იხრება, მუცელზე იჭერს დაკრუნჩხულ ხელებს, გაფიჩხულ ფეხებს ჩაჩხავს და სასწაულიც ამას ჰქვია:
მისი საშოდან ჯერ ქვიშა იშლება
მერე წყალი
მერე ქვიშა და წყალი ერთმანეთში თავისით ირევა, იზილება, რაღაც ფორმას იღებს, სფეროს ემსგავსება და იქვე იატაკზე რჩება, უსიცოცხლო, მიმკვდარებული, არც გულის ცემა, არც სუნთქვა.
აღარც ქალბატონი გალაქტიკა ჰგავს ცოცხალს, გალურჯებული ტუჩებიდან სისხლი სდის და ტუჩებივით ლურჯი ხალათის გულისპირს უსველებს.

ლეგა ქალი-გალაქტიკას მოსულიერებას ცდილობს, საფეთქლებს უზელს, ფალინო კი... აბა ფალინოს რა შეუძლია?
ალალე საკუთარი კანის ნაფლეთებისაგან შეკერილ გადასაფარებელში ახვევს იატაკზე აზელილ დედამიწას და დაბნეული გაიძახის:
- ისუნთქე რა, ისუნთქე, გეხვეწები.
მოხი კი დგას, თეთრ წვერზე ღაპაღუპით ჩამოსდის ცრემლები და აზრზე არ არის რა ჯანდაბა ემართება. თვრამეტნახევარი ადამიანი ისე გაისტუმრა საიქიოს, რომ თვალიც არ დაუხამხამებია, ახლა კი დგას და პატარა ბავშვივით ბღავის.
ანგელოზი-ოზი წაადგა თავზე მოხის, ფრთა შემოხვია მხრებზე და ყურში ჩასჩურჩულა:
- გამოართვი ალალეს დედამიწა, გულში ჩაიხუტე.
მოხი უსიტყვოდ ემორჩილება ოზის, ალალეს ართმევს ახლადდაბადებულ დედამიწას, დაჰყურებს და გულში იხუტებს: ფეხებში ძალა ეცლება, თვალებში გამოსახულებები ებლანდება, იატაკზე ჯდება და ხელებში სითბოს გრძნობს, მისი გულის ფეთქვა კი ნელ-ნელა თოთო დედამიწის სხეულში გადადის. ალალეს კანის ნაფლეთებში გახვეულ დედამიწას ოზი ხელში იყვანს, ძლივს მოსულიერებულ ქალ-გალაქტიკას მიაწვდის ხელში, თვითონ კი მოხის იყვანს და ოთახის შუაგულში მდგარ მართკუთხედ ხის ყუთში აწვენს.

ალალე, ლეგა, ფალინო და ქალბატონი გალაქტიკა მოხის დაჰყურებენ, მოხი კი ვეღარაფერს ხედავს. სამი, ორი, ერთი და მოხი მკვდარია:

- ნეტა, მართლა რჩება მიცვალებულის თვალებში უკანასკნელი გამოსახულება? –კითხულობს ალალე.
- ანგელოზო-ოზ, რჩება? ჰა? – ახლა ლეგა კითხულობს.
- ნახეთ, როგორ ჰგავს ბატონი მოხის ჭრელი თვალები ჩვენს დედამიწას, - ჩურჩულებს ქალი-გალაქტიკა და პაწია დედამიწას ჩამჭკნარ მკერდში იხუტებს
- თურმე რჩება, - ამბობს ანგელოზი - ოზი.

. . .

ახლა ბატონი ჰერმანი და ბატონი მოხი მგლების ხროვას ერთად მწყემსავენ და მათ ყოველ ღამე სახარებას ერთად უკითხავენ.


მიუხედავად ჩახლართული თხრობისა, მორალი ძAლიან მარტივია :
ღმერთი მოწყალეა :D



1 წევრი კითხულობს თემას

0 წევრი, 1 სტუმარი, 0 ანონიმური მოსარგებლე

ქართული & kar.ge
Share