ნახტომი





- - - - -

ფოტოგრაფია


გამოხმაურებათა რაოდენობა: 224

#221 Nina Siprashvili

    L4: გამოცდილი

  • Member
  • პიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამა
  • 825 გამოხმაურება
0

დაწერილია 20 October, 2007 - 22:07

იხილე გამოხმაურებაTariel Zivzivadze, Sep 21/05, 11:46 -ში, განაცხადა:

ყველას საქმეს ცოდნა უნდა. ფოტოხელოვნებას კი მით უმეტეს ...

პირადად მე მაინტერესებს უფრო რაღაც მარტივი გიდი, სადაც მაგალითად ახსნილი იქნება მარტივი წესები, თუ როგორ არ უნდა გადაიღო სურათი, რა არის მნიშვნელოვანი და ა.შ.

ჩევნ ჟურნალში იხილავთ მაგ თემებს რა როგორ უნდა გააკეთოთ და არ გააკეთოთ:biggrin:
The Proud Participant of Business Conference

#222 The Architect

    L6: შთამბეჭდავი

  • Admin
  • პიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამა
  • 2,119 გამოხმაურება
5

დაწერილია 20 October, 2007 - 22:08

რომელია თქვენი ჟურნალი?

#223 Nina Siprashvili

    L4: გამოცდილი

  • Member
  • პიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამა
  • 825 გამოხმაურება
0

დაწერილია 20 October, 2007 - 22:22

რომელიც გამოვა ეხლა მალე:) ჟურნალი "ფოტოlife" ფოტოგრაფიაზე
The Proud Participant of Business Conference

#224 Nino Tarkhnishvili

    L3: კომპეტენტური

  • Member
  • პიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამა
  • 644 გამოხმაურება
0

დაწერილია 24 January, 2008 - 13:43

რაკიღა თემა ფოტოგრაფიაზეა, გადავწყვიტე ეს ინტერვიუ-პორტრეტი აქ დავდო. ანუ ინტერვიუერია ფოტოგრაფი გურამ წიბახაშვილი :D

წიბახაGRAPHY

ეს ადამიანი ზუსტად 10 წლის წინ გავიცანი. სიტუაცია დაახლოებით ასეთია: ჩვენ, დამწყები ჟურნალისტები, უფრო სწორედ კი სტუდენტები, ვსხედვართ ჟურნალისტურ სახელოსნოში “სტუდია” და რაღაც წერილის დაწერას ვცდილობთ. ამ დროს იღება ჭრელ-ჭრელი პლაკატებით გაფორმებული კარი და შემოდის წიბახა, რომელსაც მხარზე უშველებელი ფოტო-აპარატი ჰკიდია, აცვია თეთრი მაისური, ხაკისფერი გალიფე შარვალი და რამაც ყველაზე მეტად გამაოგნა, ამ თეთრ მაისურზე ყვითელი ჰალსტუხი ჰკიდია. ეს გაოგნება, რა თქმა უნდა, არ შევიმჩნიე, ჩემთვის რაღაც დავასკვენი, მაგრამ რა, აღარ მახსოვს. ურთიერთობა ისე მალე ავაწყვეთ, რომ მალე ცნობილი ფოტოგრაფი გურამ წიბახაშვილი ჩვენთვის წიბახად გადაიქცა, და მაშინ როდესაც ბევრისთვის წიბახას გადაღებული ფოტო სანუკვარ ოცნებას წარმოადგენდა, ჩვენთვის ეს უბრალოდ ჩვეულებრივი მოვლენა იყო. ჰოდა, ეს ინტერვიუც ჩვენი მეგობრობის ხათრით შედგა.

თითქმის ცაში აქვს ფოტო-სტუდია. თუ მთლად ცაში არა, სხვენში მაინც, მე-12 სართულზე. ორსართულიან სტუდიაში ფოტოს გადასაღებად საჭირო ყველა ხელსაწყოს იპოვი. განათებები, სხვადასხვანაირი ფოტო-აპარატები, ფერადი ფონები, კიდევ ისეთი რაღაცეები, რაც უბრალო ადამიანებმა არ იციან, ანუ მხოლოდ ნამდვილი ფოტოგრაფებისათვის არის ცნობილი, კიდევ ისეთი ნივთები, როგორებსაც ჩვენ, როგორც წესი, ადგილს ვერ ვუძებნით ხოლმე. კიდევ კედლები სავსეა ფოტოებით, ფოტოებით და ფოტოებით და კიდევ ნახატებით, ნახატებით და ნახატებით. გემრიელი ცხელი ჩაი, შავი შოკოლადი და დაბალი ფერად-ფერადი სკამები სრულ კომფორტს ქმნის იმისათვის, რომ კარგი ინტერვიუ ჩავწეროთ, მაგრამ წიბახასთან, ჩვეულებრივი ინტერვიუ არ გამომდის, შეიძლება იმიტომ, რომ დიდი ხნის ნაცნობები ვართ:

- რაღაც კითხვები კი ჩამოვწერე...
- ჰოდა, ჩვენც მოვუხერხებთ რა რამეს მაგ კითხვებს. ჰო, მერე არ დამავიწყდეს, ახალი სერიისათვის ფოტოები უნდა გადაგიღო.
- აუუუ, ახლა? რაღაც კარგად ვერ გამოვიყურები.
- მოიცა რა, შენ სულ კარგად გამოიყურები.

მოკლედ, შეთანხმება შედგა: მე ინტერვიუ წამოვიღე, წიბახამ ჩემი პორტრეტი დაიტოვა:

წითელი

როგორც თვითონ ამბობს, დაიბადა საქართველოში, 1960 წელს, “გაგანია ზასტოის” პერიოდში. მართალია მის მეხსიერებას ეს პერიოდი არ ახსოვს, თუმცა მან “ზასტოი” ფოტოებში იხილა და მოგვიანებით ამ ფოტოების მიხედვით ერთი სერიაც გააკეთა. მამა იყო და ახლაც არის უნივერსიტეტის პროფესორი გიორგი წიბახაშვილი; დედა ლიდა წიბახაშვილი-იაკობიშვილი რამდენიმე წლის წინ გარდაიცვალა: “დედა პედაგოგი იყო, მაგრამ თითქმის არასდროს უმუშავია, რადგან ავადმყოფი და მყავს და მთელი ცხოვრება მას უვლიდა.”

მეხსიერება 4 წლიდან მოჰყვება: “4 წლის ვიყავი, როდესაც მამაჩემმა კუკიაზე კერძო სახლი ააშენა. მამა დღემდე იქ ცხოვრობს. ამ ახალგარემონტებულ სახლში რომ შევედით, პირველი რაც თვალში მეცა, წითელი დერეფანი იყო. ამ ხასხასა წითელმა ფერმა ჩემზე ისეთი დიდი შთაბეჭდილება მოახდინა, რომ დღემდე მკაფიოდ მახსოვს და ალბათ სწორედ ამის ბრალია, რომ წითელი ფერი ჩემს შემოქმედებაში ძალიან დიდ როლს ასრულებს. შეიძლება ვიღაცისათვის უკვე ზედმეტად გამაღიზიანებელიც კი იყოს, მაგრამ ეს ასეა”.

ამბობს, რომ იყო ძალიან ჩვეულებრივი ბავშვი: “ახლაც კანონმორჩილი ადამიანი ვარ და როგორც ჩანს, მაშინაც ასე იყო, რომ მეტყოდნენ, ეს არ შეიძლებაო, ვიცოდი, რომ ე.ი. ეს არ შეიძლებოდა. ვიყავი ხუთოსანი, რამდენიმე 4 მყავდა. იმ პერიოდში ხუთოსნობას რა უნდოდა, მთავარია ჭკვიანად ყოფილიყავი, გაკვეთილები გესწავლა და ხუთიანებიც არ აგცდებოდა. მედალოსანი არ ვყოფილვარ და მედალოსნობის არც არანაირი სურვილი მქონია”, - ამბობს წიბახა.

განსაკუთრებულად საყვარელი თამაში არ ჰქონია, თუმცა, იხსენებს, რომ ყოველთვის ძალიან უყვარდა წიგნების თვალიერება: “მაშინაც და ახლაც ნებისმიერი წიგნის თვალიერება შემიძლია”.

ქიმიკოსი ფოტოგრაფი

ფოტოგრაფი წიბახა, რაოდენ გასაოცარიც არ უნდა იყოს, ქიმიკოსია: “უმაღლესში ჩაბარების დრო რომ მოვიდა, რა თქმა უნდა, ოჯახური კონსილიუმი შეიკრიბა და რიტორიკული კითხვა დამისვეს, აბა რას აპირებო. სურვილი გამოვთქვი, მხატვარი მინდა გამოვიდე-მეთქი. მართალია, განსაკუთრებული ხატვის ნიჭი არ მქონია, მაგრამ რატომღაც მხატვრობა მინდოდა. როგორც უფრო ავტორიტეტულმა, მამაჩემმა მირჩია, მხატვრობა რა პროფესიაა, რამე ისწავლე და მერე რამდენიც გინდა ხატეო. და იმის გამო, რომ თითქმის ყველა საგანი ერთნაირად ნორმალურად მესმოდა და იმ პერიოდში ჩემთვის ყველაზე ადვილად ჩასაბარებელი ქიმია აღმოჩნდა, გადავწყვიტე, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ქიმიის ფაკულტეტზე ჩამებარებინა და რა თქმა უნდა, უპრობლემოდ მოვხვდი. აი ასე გავხდი ქიმიკოსი. რომ ვთქვა, ეს პროფესია ჩემთვის ძალიან საინტერესო იყო, ნამდვილად მოგატყუებ, მაგრამ ისე გამოვიდა, რომ 3 წელი ასპირანტურაშიც ვისწავლე და საბოლოოდ 10 წელი ქიმიის ინსტიტუტში ქიმიკოსადაც ვიმუშავე. ფოტოგრაფიას სწორედ ამ პერიოდში მოვკიდე სერიოზულად ხელი”.

ფოტო-ჟურნალებისათვის შეგროვილი ფუნთუშას ხურდები

ფოტოგრაფიით გაცილებით ადრე, დაახლოებით მე-8 კლასში დაინტერესდა: “იმ პერიოდში, რამდენიმე ძალიან საინტერესო ფოტო-ჟურნალი გამოდიოდა, მაგალითად “საბჭოთა ფოტო”, “ფოტო-მაგაზინ”, ჩეხური ფოტო-ჟურნალები და ასევე გერმანული ჟურნალი “ფოტოგრაფია”. ამ ჟურნალებს სისტემატურად ვყიდულობდი. ჩემი სკოლის წინ, კუკიაზე, რომელიც პირდაპირ კუკიის სასაფლაოს გადაჰყურებდა, ჟურნალ-გაზეთების ჯიხური იდგა, რომელშიც აბსოლუტურად ბრმა ადამიანი მუშაობდა. ნამდვილი ფანტასტიკა იყო. ეს ადამიანი ყველანაირ ფულს და ყველა ჟურნალ-გაზეთს ერთი შეხებით სცნობდა. ჰოდა, სწორედ მისგან ვყიდულობდი ფოტო-ჟურნალებს. რაც მთავარია, ეს ჟურნალები დახლს ქვემოდან იყიდებოდა, რადგან მათში ყოველთვის იყო შიშველი ქალები, რადგან ფოტოგრაფია შიშველი სხეულის გარეშე არ არსებობს. რა ვიცი, თავიდან შეიძლება იმიტომაც კი ვყიდულობდი ჟურნალებს, რომ შიშველი ქალები მენახა, მაგრამ ნელ-ნელა გავაცნობიერე, რომ ამ ჟურნალებში სხვანაირი, ძალიან ლამაზად გადაღებული ფოტოები მიზიდავდა. თითო ჩეხურ ჟურნალში 10 მანეთს ვაძლევდი. ეს იცი რამხელა ფული იყო? მთელი სამი თვე ვაგროვებდი ხოლმე ფუნთუშისათვის მოცემულ ხურდებს, მერე მივდიოდი და ჟურნალებს ვყიდულობდი”, იხსენებს გურამი.

“გართობა” იწყება

მოგვიანებით, გაუჩნდა სურვილი, რომ მას თავად გადაეღო მსგავსი ფოტოები. ნელ-ნელა ეს სურვილი სერიოზულ “გართობაში” გადაიზარდა და ასპირანტურაში სწავლის დროს უკვე პროფესიონალური ხასიათიც მიიღო: “იმ პერიოდში გაზეთი “ახალგაზრდა ივერიელი” გამოდიოდა, სადაც ჩემი მეგობარი ჟურნალისტად მუშაობდა. მან შემომთავაზა, ფოტოები გაზეთში დაბეჭდეო. სამი ფოტო დაბეჭდეს. ახლა რომ მახსენდება დიდი არაფერი ფოტოები იყო, მაგრამ მახსოვს, მაშინ ძალიან ამაყი ვიყავი”.

1985 წლისათვის წიბახას უკვე იმდენი ფოტო დაუგროვდა, რომ გამოფენის მოწყობა გადაწყვიტა. მისი პირველი გამოფენა კლუბ “ამირანში”, ბარათაშვილის ხიდის ქვეშ შედგა. “მაშინ 25 წლის ვიყავი. ამ გამოფენამ ჩემს მომავალზე ძალიან დიდი გავლენა იქონია. გამოფენაზე ყველა ის ადამიანი დავპატიჟე, რომლებსაც ფოტოგრაფიასთან თუნდაც რაიმე შეხება ჰქონდა და ჩემდა გასაკვირად, იმდენი ხალხი მოვიდა, რომ დარბაზში ტევა არ იყო. და ეს ხალხი იმიტომ კი არ მოვიდა გამოფენაზე, რომ მათ ჩემი ფოტოების დათვალიერება სურდათ, არამედ იმიტომ, რომ იმ პერიოდში ფოტოგრაფია ისეთ კრიზისს განიცდიდა, რომ ყველას აინტერესებდა ხელოვნების ამ დარგში ახალი რა ხდებოდა. ჩემი გამოფენა კი ამ ინტერესის დასაკმაყოფილებლად მართლაც კარგი საშუალება იყო. სწორედ მაშინ გავიცანი ისეთი არაჩვეულებრივი ფოტოგრაფები, როგორიც არის იურა მეჩითოვი, გოგი ცაგარელი, მირიან კილაძე და სხვები”...

და მას შემდეგ დღემდე მოყოლებული, გურამ წიბახაშვილს დაახლოებით 150-ზე მეტი გამოფენაში აქვს მონაწილეობა მიღებული, როგორც საქართველოში, ასევე მის ფარგლებს გარეთ:

“1985 წლის ბოლოს რამდენიმე ფოტოგრაფი გავერთიანდით და ჩამოვაყალიბეთ კლუბი “ფოტო-თვალსაზრისი” და დავიწყეთ ინტენსიური კლუბური მუშაობა, ყველა თავისას აკეთებდა და მერე ერთობლივ გამოფენებს ვაწყობდით. 1987 წელს ათი გამოფენა მოვაწყვეთ, მათ შორის ორი საზღვარგარეთ - ერთ-ერთი ქვეყანა იყო ლიტვა. იქ ფოტოგრაფია ძალიან მაღალ დონეზე იყო განვითარებული, არსებობდა ბალტიისპირული ფოტოგრაფიის სკოლა. ამიტომ, ლიტვაში გამოფენის მოწყობას ძალიან დიდი მნიშვნელობა ენიჭებოდა.”

4 წერილი ლუცკუსს

გურამმა სწორედ იქ გაიცნო ერთ-ერთი ცნობილი და ძალიან საინტერესო ფოტოგრაფი ვიტაუტას ლუცკუსი, რომელმაც შემდგომში გურამის ფოტოგრაფიული აზროვნების ჩამოყალიბებაში ძალიან დიდი როლი ითამაშა: “მართალია, ეს ადამიანი მხოლოდ ერთხელ ვნახე, მაგრამ მასთან წერილობითი ურთიერთობა მაკავშირებდა. სამწუხაროდ, მან თავი მოიკლა და ეს ურთიერთობა ნაადრევად დასრულდა. ის იყო პირველი საბჭოთა ფოტოგრაფი, რომლის ფოტოებიც პუშკინის მუზეუმმა შეიძინა, როგორც მხატვრული ნაწარმოებები. არასდროს დამავიწყდება მისი “უნებური გაკვეთილი”: პირველი მსოფლიო ომის ამსახველი ძველისძველი ფოტო-ალბომი დამათვალიერებინა. ერთი ფოტო იყო, სადაც დანგრეული სახლი ფონზე ყულფი ეკიდა, მაშინვე ვთქვი, ძალიან მაგარი კომპოზიცია არის-მეთქი. მან კი მითხრა, აქ კომპოზიცია კი არ არის მთავარი, აი ეს მკვდარი ადამიანი არის მთავარიო, რომელიც იქვე ეგდო და მე ვერც კი შევამჩნიე. შემრცხვა, რა კომპოზიციაზე ვლაპარაკობდი, როდესაც იქ მიცვალებული იწვა. ეს ჩემთვის დიდი მაგალითი იყო. ძალიან ბევრს ვსაუბრობ ამ ადამიანზე, მაგრამ ეს ფოტოგრაფი მართლაც გენიოსი იყო. ცხოვრებაში მეილების ჩათვლით ალბათ სულ 10 წერილი მაქვს დაწერილი და აქედან 4 წერილი მას მივწერე”.

იმ პერიოდში, როდესაც გურამმა ფოტოგრაფობას სერიოზულად მოჰკიდა ხელი, ნელ-ნელა საბჭოთა კავშირის რღვევაც დაიწყო. მიხეილ გორბაჩოვის მოსვლის შემდეგ, თითქოს საბჭოთა მარწუხები ნელ-ნელა მოეშვა კიდეც, მაგრამ მისი თქმით, ეს მხოლოდ მოჩვენებით ხასიათს ატარებდა:

“მახსოვს, 1987 წელს “მერანში” რამდენიმე ფოტოგრაფმა, მათ შორის იურა მეჩითოვმა, ბორია შავერდიანმა, გია ჯაველიანმა და მე პორტრეტების გამოფენა მოვაწყვეთ. ერთ-ერთმა პიროვნებამ დაგვაბიზღა, ანტისაბჭოური გამოფენა მზადდებაო და ვიღაც ქალბატონი მოგვადგა, გამოფენა უნდა მოიხსნასო. მეჩითოვმა ეს ქალბატონი დარბაზში მოიწვია და ყველა ფოტო დაათვალიერებინა. საბედნიეროდ, ის მიხვდა, რომ არანაირი ანტისაბჭოური გამოფენა არ მზადდებოდა და ყველაფერი მალე მოგვარდა. თუმცა, გეტყვი, იმ ვიღაცას რატომ ჰქონდა ამ გამოფენაზე ასეთი რეაქცია: ერთ-ერთ ფოტოზე აღბეჭდილი იყო ძალიან ლამაზი გოგო ასევე ძალიან ლამაზი არტ-დეკოიანი გისოსების უკან, ჰოდა, მან ეს ფოტო ანტისაბჭოურ ასოციაციას დაუკავშირა”.

ფოტოგრაფობის პარალელურად გურამი ქიმიკოსად მუშაობას განაგრძობდა ქიმიის ინსტიტუტის ლაბორატორიაში და ცდებსაც მრავლად ატარებდა: “მინდა ვთქვა, ის რომ მე საბუნებისმეტყველო განათლება მაქვს მიღებული, ეს ჩემი პლიუსია. მე სხვა ფოტოგრაფებისაგან განსხვავებით, აბსოლუტურად სხვანაირი ცოდნა მაქვს იმისა, თუ როგორ არის სამყარო აწყობილი.”

1989 წელს საქართველოში შეიქმნა ფოტოგრაფთა კავშირი, რომელშიც გურამ წიბახაშვილიც გაერთიანდა. აღნიშნული კავშირის წევრები მოსკოვში წავიდნენ, სადაც გურამს შესაძლებლობა მიეცა გაეცნო ის ფოტოგრაფები, რომელთა ფოტოებსაც ის ვიზუალურად იცნობდა და მათი შემოქმედებით აღფრთოვანებული იყო:

“ყველაზე მეტად იმან გამახარა, რომ მათაც იცოდნენ ჩემი ფოტოების შესახებ. და რაც მთავარია, სწორედ მაშინ ვნახე მოსკოვში დიდი მაესტროს ჰელმუტ ნიუტონის გამოფენა, რომელიც იმ პერიოდში ისეთი რევოლუცია იყო, რომ ოქტომბრის სოციალისტურ რევოლუციას არაფრით ჩამოუვარდებოდა. ნიუტონი შიშველი ქალების, პროვოკატორი და ეროტომანი ფოტოგრაფი იყო. მისი ფოტოგამოფენის მოწყობა მაშინ, როდესაც ტელევიზიით გაიძახოდნენ, საბჭოთა კავშირში სექსი არ არისო, ნამდვილი ატომური ბომბის აფეთქება იყო. მისი ერთ-ერთი სერია “BIG NUDE” (“დიდი შიშველი”) მხოლოდ სამმეტრიანი ფოტოებისგან შედგება, რომლებზეც ულამაზესი შიშველი ქალები არიან აღბეჭდილნი. მათ შემხედვარებს ისეთი გრძნობა გიჩნდება, რომ ამ ქალებს თავიანთი სხეულიდან სამყაროს შობა შეუძლიათ. ეს გამოფენა პუშკინის მუზეუმში უნდა მოწყობილიყო, მაგრამ პუშკინის მუზეუმმა უარი თქვა შიშველი ქალების ფოტოების გამოფენაზე. ამიტომ ერთ-ერთმა გალერისტმა აიდან სალახოვმა, რომელსაც მოსკოვში კინოთეატრ “რასიის” გვერდზე საკუთარი გალერეა ჰქონდა, აღნიშნული ფოტოები თავის გალერეაში გამოფინა. ამიტომ ნიუტონის ორი პარალელური გამოფენა გაიმართა: ერთი პუშკინის მუზეუმში და მეორე სალახოვის გალერეაში. სალახოვის გალერეაში შესვლაზე ისეთი რიგი დადგა, რომ ბოლო არ უჩანდა”, - იხსენებს გურამი.

ნახატებს + ფოტოები

ძალიან ბევრ გამოფენაზე გურამ წიბახაშვილის ფოტოები მხატვრების ნამუშევრებთან ერთად იყო წარმოდგენილი: “1987 წელს გავიცანი “მე-10 სართულის” მხატვრები. ესენი იყვნენ მამუკა ცეცხლაძე, კარლო კაჭარავა და სხვა. მაშინ ისინი მხატვრების ოფიციალურ წრეებში დიდად დაფასებულნი არ იყვნენ. სწორედ მათ შემომთავაზეს, რომ ჩემი ფოტოები მათი ნახატების გვერდით გამომეფინა. ამან ჩემს შემოქმედებაზე დიდი ზეგავლენა იქონია და გარდა ამისა, ასეთმა გამოფენებმა ხელი შეუწყო იმ ფაქტს, რომ საქართველოში ხალხმა ფოტოგრაფიას ხელოვნება დაარქვა. ამ ადამიანებმა ქართულ თანამედროვე ხელოვნებაში დიდი ეპოქა შექმნეს. ეს ის რგოლია, რომლებმაც ქართული თანამედროვე ხელოვნება დააწიეს მსოფლიო თანამედროვე ხელოვნებას. მათ შორის აღმოვჩნდი მეც. როდესაც საზღვარგარეთი მათი ნამუშევრებით დაინტერესდა, ავტომატურად მეც მათ გვერდით მოვხვდი”.

წიბახას პირველი საზღვარგარეთული გამოფენა 1991 წელს ამსტერდამში, ავტორის გარეშე შედგა: “ამსტერდამის ერთ-ერთი გალერეის წარმომადგენლებმა ჩემი ნამუშევრები ნახეს, ოღონდ არ ვიცი, როგორ. მომწერეს, ფოტოები გამოგვიგზავნეო. კიდევ კარგი მოვასწარი და ნამუშევრები გავაგზავნე, მეც უნდა წავსულიყავი, მაგრამ თბილისში სამოქალაქო ომი დაიწყო და 1992 წლის მაისამდე ჩემი ფოტოების შესახებ ვეღარაფერი შევიტყვე. მაისში ამსტერდამიდან ვიღაც შემომეხმიანა, შენ ცოცხალი ხარო? თურმე გამოფენა მოუწყვიათ, მოსაწვევები, პლაკატები გამოუგზავნიათ, მაგრამ ჩემამდე არაფერს მოუღწევია. ეს იყო ჩემი პირველი გამოფენა საზღვარგარეთ.

აი 1994 წელს შვეიცარიაში გამართულ გამოფენას კი ის უკვე თავადაც დაესწრო: “და მას შემდეგ წავიდა და წავიდა. თითქოს ინერციით, მაგრამ ამ ინერციას თან ენითაუწერელი შრომა ახლავს. როგორც კი შეჩერდები, როგორც კი რამდენიმე ხნით დაიკარგები, ხალხი მაშინვე დაგივიწყებს”. გურამ წიბახაშვილის ფოტოები შესულია უამრავ პირად კოლექციაში და გარდა ამისა ინახება ბრუკლინის მუზეუმში, მოსკოვის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმში, ფრანსუაზა ფრიდრიხის სახელობის მუზეუმში გერმანიაში და სხვა.

ერთი დიდი სერია

წიბახა ამბობს, რომ მისი ფოტოები არ არის აგებული რაღაც მომენტებსა და კულმინაციებზე. მისი ფოტოები გამოგონილი ფოტოებია. “მე მაინტერესებს, მტკივა, მაწუხებს, მაღგზნებს, მაცოცხლებს რაღაც თემები, რომლებსაც შემდეგ შეძლებისდაგვარად ვიღებ კიდეც. ამ თემებზე ბევრს ვფიქრობ, ვიკვლევ, ვცდილობ წარმოვიდგინო როგორ შეიძლება ეს იდეა ფოტოდ ვაქციო. ჩემი ფოტო-სერიებიც სწორედ ამ იდეების და ფიქრების ნაყოფია” – მიხსნის გურამი.

წიბახა სწორედ ახლა მუშაობს თემაზე “გენური მეხსიერება”: “ეს არის წმინდად მოფიქრებული პროექტი. მაჩუქეს კამერა, რომელსაც აქვს უნარი, იყოს ჰიპერრეალისტური დიდი ფორმატის კამერა. ის ყველა წერტილს, ყველა ხაზს არაჩვეულებრივად აღიქვამს. ჩვენი გენები ხომ ყველაფერს იმახსოვრებს და ეს ჩვენს სხეულზე არაჩვეულებრივად აისახება. ამიტომ გადავწყვიტე გადავიღო პორტრეტები, რომლებსაც გვერდით ექნება პატარა ტექსტი, რომელსაც თვითონ პორტრეტის ავტორი დამიწერს, სადაც ჩამოთვლილი იქნება იმ ადამიანთა ნუსხა, რომელიც მის გონებას ახსოვს: დედ-მამიდან მოყოლებული დიდი ბებია-ბაბუით დასრულებული და მათ იქით. ვთვლი, რომ ეს ძალიან საინტერესო სერია უნდა გამოვიდეს”.

ერთ-ერთ ცნობილ “ნიღბების” სერიას გურამი უკვე 5 წელია აკეთებს და ჯერაც არ დაუსრულებია. ამ სერიის დაახლოებით 400-მდე ფოტო აქვს გადაღებული, მათი ნაწილი გამოიფინა კიდეც, მაგრამ თვითონ სერია ჯერ არ დასრულებულა. როგორც წიბახა ამბობს, საყვარელი სერიები არ აქვს, უბრალოდ აქვს სერიები, რომლებზეც უფრო ბევრი დაიწერა, რომლებიც უფრო მეტად გაიყიდა, პირად კოლექციებში შევიდა, მუზეუმებმა შეიძინეს და ა.შ. ის სწორედ ამ დროს ხვდება, რომ ეს ფოტო-სერიები უფრო წარმატებული გამოდგა. თუმცა, რომ ჰკითხო, მისი ფოტოგრაფია ერთი დიდი სერიაა.

“ქურდი”

გურამს ბევრი ისეთი ადამიანი ჰყავს გვერდით, რომელთა გადაღებაც უყეარს. მათ შორის შენცო, მეუბნება: “არიან ადამიანები, რომლებთანაც ხშირად არ ვურთიერთობ, მაგრამ ვიცი, რომ ისინი სადღაც, მეზობლად ან მახლობელ ქუჩაზე ან შორეულ ქვეყნებში არსებობენ და როცა კი საშუალება მეძლევა მათ დიდი სიამოვნებით ვიღებ. ფოტოგრაფია ხომ ურთიერთობის ხელოვნებაა. ჩემს მეგობარ მხატვრებზე შემიძლია მთელი 1000 გვერდიანი წიგნი გამოვცე. მე მათ ვიყენებ როგორც მოდელებს, როგორც მეგობრებს, როგორც თანამესუფრეებს. ისინიც ასევე ყველაფერში მიყენებენ. როდესაც სურათის გადაღება სჭირდებათ, მირეკავენ და მეუბნეიან, გურამ, შეგიძლია მოხვიდე ხვალ და სურათი გადამიღოო. მე, რა თქმა უნდა, დიდი სიამოვნებით ვიღებ მათ. და თითოეული მათი ფოტო ჩემთვის ახალი გაკვეთილია, იმიტომ, რომ ვგებულობ თუ რას ქმნიან ისინი ახალს და საინტერესოს. მე ხომ მათ შემოქმედებას ვიპარავ და ჩემს ფოტოგრაფიაში ვდებ.

საერთოდ, როგორც წიბახამ გამიმხილა, თურმე ყველაფერს იპარავს: “ის რაც ძალიან მომწონს, და რაც ჩემს ტვინში ილექება, როდესღაც აუცილებლად ამოტივტივდება და მას ჩემს ფოტოებში ვიყენებ ხოლმე. ლეონარდო და ვინჩიდან მოყოლებული, ყველა ჩემი მასწავლებელია”.

მითი წიბახაზე

გურამისათვის მთავარია იმ ადამიანების შეფასება, რომლებიც ფოტოგრაფიაში კარგად ერკვევიან: “მე ამით დანარჩენ ხალხს არანაირად არ ვაკნინებ, მაგრამ პროფესიონალის შეფასება მაინც სულ სხვაა.

მისი აზრით, კარგი ფოტოს გადასაღებად დიდი შრომა და ინტერესია საჭირო. ფოტოგრაფი სხვანაირად კი არ აღიქვამს სამყაროს, ის უბრალოდ ინტერესით ადევნებს სამყაროს თვალსო, მეუბნება წიბახა. “ჰოდა, მე მაინტერესებს როგორ აისახება ეს ცხოვრება ფოტოზე”.

არსებობს მითი, რომლის მიხედვითაც, თუ წიბახამ ფოტო გადაგიღო, ე.ი. ძალიან მაგარი ხარ: “ჰო, ნამდვილად შეიქმნა ასეთი მითი, მაგრამ მე ამ მითით ნამდვილად არ ვსარგებლობ, იმიტომ, რომ არ მჭირდება. ჩემი დროის 50 % საკუთარ განათლებას ვახმარ. სწორედ ამის შედეგია, რომ ამ განათლების საფუძველზე ისეთ ფოტოებს ვიღებ, რომლებზეც ადამიანები ისე გამოდიან, როგორც მათ სურთ.”

“გიჟური” იდეების ცვენა

დღესდღეობით ფოტოგრაფიით ფულის შოვნა შესაძლებელია, მაგრამ გურამის თქმით, ეს მხოლოდ კომერციული ფოტოგრაფიით მიიღწევა: “საერთოდ, შეკვეთის 90 %, როგორც წესი, არ მომწონს, მაგრამ თუ იმის ფუფუნება გაქვს, რომ ერთ შეკვეთაზე უარი თქვა და მეორე აიღო, ეს უკვე იმას ნიშნავს, რომ შენ წარმატებული ფოტოგრაფი ხარ. ეს კი მსოფლიოს მასშტაბითაც კი იშვიათობაა. რთულია შეკვეთის გადაღება. იმიტომ, რომ ვინც შეკვეთას გაძლევს, იძულებული ხარ, მისი იდეა განახორციელო და თუ მითუმეტეს ეს იდეა არ მოგწონს და არც დამკვეთს სურს შენი იდეის გაზიარება, მაშინ მუშაობა ფაქტიურად წარმოუდგენელი ხდება”.

შეკვეთების გარდა, არაფრის გადაღება არ უჭირს. მისი თქმით, მთავარია, ზუსტად განსაზღვრო ამოცანა და იდეის განსახორციელებლად საჭირო ნივთები მოიძიო. სწორედ ასეთი, ჩემის აზრით გიჟური, მაგრამ ძალიან ორიგინალური იდეა მოუვიდა თავში წიბახას ცოტა ხნის წინ:

“გადავიღე მოდელი კუბოში, რომელსაც თეონა თავართქილაძისა და ეკა ბობოხიძის მიერ შექმნილი ტანსაცმელი ჩავაცვი. დიდი ხანია ასეთი სერია მიტრიალებდა თავში, მაგრამ განხორციელებას კონკრეტული ნივთები და ადამიანები სჭირდებოდა: კუბო, ტანსაცმელი, მოდელი, რომელიც ამ კუბოში ჩაწვებოდა, განათება... როდესაც კუბო მოვიტანე, მეზობლებს ავუხსენი, რომ გადასაღებად მჭირდებოდა და სამძიმარზე არ ამოსულიყვნენ. საერთოდ ვცდილობ ისეთი იდეები მომივიდეს თავში, რისი განხორციელებაც მეტნაკლებად ადვილი იქნება.”

ფოტო-იდეები არა, მაგრამ ორი არტ-პროექტი აქვს გურამს, რომლებიც წლების წინ მოუვიდა თავში, მაგრამ მათი განხორციელება უტოპიურ სურვილად დარჩა:

“მინდოდა, მერიაზე ელექტრო საათი დაგვეყენებინა. ეს იდეა სამოქალაქო ომის შემდეგ მომივიდა, რადგან მაშინ მერიის საათი გაჩერდა. ამ ელექტრო საათს ზუსტად უნდა დაეფიქსირებინა საუკუნე, წელი, თვე, რიცხვი, საათი, წუთი, წამი, წამის მესამოცედი, იმის მესამოცედი და ა.შ. ანუ მანამადე, სანამ ბოლო ციფრი ისეთი სისწრაფით არ იტრიალებდა, რომ ადამიანის თვალი მის მოძრაობას ვეღარ დააფიქსირებდა. ანუ ამ საათის იდეა იმაში მდგომარეობდა, რომ თუ ჩვეულებრივ ციფერბლატიან საათზე ვერ ხვდები დრო როგორ გადის, ელექტრო საათზე ზუსტად ხვდები, რომ დრო ისე სწრაფად გადის, რომ თუ ფეხი არ აუწყვე, გაგიფრინდება და ვეღარასოდეს დაეწევი”.

რაც შეეხება მეორე პროექტს, გურამის იდეის მიხედვით. როდესაც საქართველოში ძეგლები ჩამოყარეს, იქ მაშინვე უნდა დაედგათ ანალოგიური, მხოლოდ გამჭვირვალე ძეგლები: “იმიტომ კი არა რომ მე ლენინი მიყვარს, არამედ იმიტომ, რომ ძეგლის ჩამოგდება სულაც არ ნიშნავს, იმას, რომ ისინი ჩვენი ცნობიერებიდან წაიშალნენ. გამჭვირვალე ძეგლები იქნებოდა იმის მაუწყებელი, რომ ისინი ჩვენს ცნობიერებაში თან დარჩნენ და თან გაქრნენ. თუმცა ვიცი, რომ ეს იდეები არასდროს განხორციელდება”.

წიბახაGRAPHY

ამ ზაფხულს ლიტერატურული კონკურსი “პენ მარათონი 2007” წიბახას ფოტოების თანხლებით მიმდინარეობდა. ანუ სწორედ მისი ფოტო-კამერა აფიქსირებდა მწერლების ოცდაათსაათიან მარათონს წინანდალში, ჭავჭავაძეების სახლ-მუზეუმში. ჰოდა, როგორც აღნიშნული მარათონის ერთ-ერთ მონაწილეს, ოცდაათსაათიანის უძილობის შემდეგ, სკამზე, შუა ეზოში სულ 15 წუთით ჩამეძინა. წიბახამ, რა თქმა უნდა, ეს ჩემი “ძილისგუდობა” სასწრაფოდ დააფიქსირა და საქვეყნოდ “მომჭრა თავი”. სამაგიეროს გადახდა დავგეგმე, დაახლოებით ნახევარ საათში, გვერდით სკამზე ჩაძინებული წიბახას ფოტო-კამერის მოპარვა გადავწყვიტე, წარმოვიდგინე რა დაემართებოდა, როდესაც გაღვიძებულს მისი განუყრელი ფოტო-აპარატი გვერდით აღარ დახვდებოდა. გეგმა, რა თქმა უნდა, ჩამეფუშა: ეს ფოტოგრაფების რეაქციააო, როგორც კი მათ კამერას “უცხო სხეული” უახლოვდება, ფოტოგრაფი ამას მაშინვე გრძნობს და ფოტო-აპარატის დასაცავად თავს არ ზოგავსო. აი ასე, გურამი ფოტოაპარატის გარეშე არასდროს მინახავს და როგორც გავარკვიე, თურმე ძილშიც მასზე ზრუნავს.

ისე კი არის სრულიად ჩვეულებრივი ადამინი, რომელსაც ჰყავს მეუღლე და სამი შვილი. მუშაობს ჟურნალებში “ამარტა” და “ფოტო-ამარტა”. უყვარს კითხვა, მაგრამ ახლა ბევრს ვეღარ კითხულობს, იმიტომ, რომ სათვალე სჭირდება: “კიდევ არ ვარ რესპექტაბელური პიროვნება და ამაზე ჩემს ცოლს ნერვები ეშლება, მე კიდევ იმაზე მეშლება ნერვები, რომ ჩემს ცოლს ეშლება ნერვები.”

რაც შეეხება წიბახას უცნაურ ჩაცმა-დახურვას ეს თურმე ერთ-ერთი გამოსავალი ყოფილა: “ჩემი აზრი თუ გაინტერესებს, ძვირფასად გამოკაზმვა სასაცილოა. მაგალითად, არ მაქვს ეს ოხერი სმოკინგი და რა ვქნა, ამიტომ ფოტოგრაფია ერთ-ერთი კარგი გამოსავალია. მე ვარ ფოტოგრაფი, ფოტოები უნდა გადავიღო და სმოკინგში გამოწყობილი კომფორტულად ვერ ვიგრძნობ თავს, ვერ ჩავიმუხლები და ამიტომ აუცილებელია მეცვას ჯინსები. ტანსაცმელი პრაქტიკული უნდა იყოს. მიყვარს გალიფე შარვალი. ზევით ფართოა, არ გიჭერს. თან როგორც წესი, გალიფე შარვალი სამხედროა და შეგიძლია მუხლამდე ტალახში ჩაჯდე. ტანსაცმელსაც სწორედ ამ პრინციპით ვირჩევ ის უნდა იყოს პრაქტიკული, უნდა ჰქონდეს ბევრი ჯიბე. რაც შეეხება ჰალსტუხს, მას ფუნქცია არ გააჩნია, თუ მაინცდამაინც “პონტია” საჭირო და ჰალსტუხი უნდა მეკეთოს, მაშინ ჩავიცვამ გალიფეს, მაისურს, ჰალსტუხსაც ჩამოვიკონწიალებ და ეგ იქნება”.

ახლა თბილისის ქუჩებში რომ გახვიდეთ, ძალიან ბევრ ფოტო-აპარატიან ადამიანს წააწყდებით. დარწმუნებული ვარ, წიბახას ამოცნობა არ გაგიჭირდებათ...

ნინო თარხნიშვილი

P.S. გამიხარდა თუ წაიკითხეთ ან გამიხარდება თუ მის წაკითხვას გადაწყვეტთ

#225 Elguja Margia

    L5: შთამაგონებელი

  • Member
  • პიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამა
  • 1,543 გამოხმაურება
1

დაწერილია 28 January, 2008 - 20:54

მომეწონა...უდავოდ ნიჭიერია,ჩვენი ნინო...:biggrin:

ნიჭი ძამიკო, ნიჭი, გალაკტიონმა ბრძანა...::-??:

რედაქტორი Elguja Margia, 28 January, 2008 - 20:52.

Elguja Marghia
Head of consulting group
Public Relations agency PROFILE
0164, Georgia, Tbilisi
107 Tsinamdzgvrishvili str;
Tel/Fax:+(995 32) 94 36 03
Mob:+(995 99) 18 80 93
info@profile.com.ge
www.profile.com.ge
www.georgianbrand.ge



1 წევრი კითხულობს თემას

0 წევრი, 1 სტუმარი, 0 ანონიმური მოსარგებლე

ქართული & kar.ge
Share