დაწერილია 01 July, 2010 - 10:25
აი თიბისი ბანკის წერილი ანზორ ქოქოლაძის ცილისწამებაზე:
"როგორც იცით, კომპანია `ელიტ ელექტრონიქსის~ ყოფილი დირექტორის, ანზორ ქოქოლაძის მიერ, სისტემატურად მიმდინარეობს თავდასხმა თიბისი ბანკზე, მიზანმიმართულად ხდება საზოგადოების შეცდომაში შეყვანა და ფაქტების დამახინჯებით, ადამიანების ემოციებზე თამაში.
გვსურს მოგაწოდოთ ზუსტი ინფორმაცია ამ საკითხზე და პასუხი გავცეთ კითხვებს, რომლებიც თითოეული ჩვენგანისთვის აქტუალურია:
რატომ დადგა ელიტ ელექტრონიქსის გადახდისუუნარობის საკითხი?
2009 წლის აგვისტოში ელიტ ელექტრონიქსს დაუგროვდა 7,5 მილიონი ლარის სახელმწიფო დავალიანება, რის გამოც კომპანიას დაედო საგადასახადო ყადაღა. სექტემბერ-ოქტომბერში, კომპანიის ჯამურმა დავალიანებამ შეადგინა 49 მილიონი ლარი. აქედან, 7,5 მილიონი - სახელმწიფოსადმი დავალიანება, 25 მილიონი – კრედიტორი ბანკების (თიბისი ბანკის, საქართველოს ბანკის და ბანკი რესპუბლიკას) მიმართ ვალდებულება, 12 მილიონი – უცხოელი პარტნიორებისადმი დავალიანება და ა.შ. გარდა ამისა, მას ჰქონდა ბალანსგარეშე ვალდებულებებიც.
მიუხედავად იმისა, რომ, ელიტ ელექტრონიქსი ვადაგადაცილების გარეშე ფარავდა კრედიტორი ბანკების მიერ დადგენილ სესხის გრაფიკს, ასეთ პირობებში (საგადასახადო ყადაღის დადება და ანგარიშების გაყინვა ფინანსთა სამინისტროს მხრიდან), ბანკებს ჰქონდათ სრული საფუძველი, აღეძრათ საქმე გადახდისუუნარობის შესახებ და დაეყენებინათ გირავნობის მექანიზმის ამოქმედების საკითხი. ამიტომ, თიბისი ბანკმა, რომელსაც გაცემული კრედიტის უზრუნველყოფაში კომპანიის აქციები ჰქონდა ჩადებული, საკუთარი აქტივების შენარჩუნების მიზნით, მიმართა სასამართლოს.
კრედიტორი ბანკების ანტიკრიზისული სტრატეგია
კომპანიის ფინანსური კრიზისიდან გამოსაყვანად, კრედიტორმა ბანკებმა მოახდინეს კომპანიის მთლიანი სესხების რესტრუქტურიზაცია განსაკუთრებული შეღავათებით. შემუშავდა სარეაბილიტაციო გეგმა, რომლის წარმატებით შესრულების მიზნით, ბანკებმა დამატებითი ინვესტიციები განახორციელეს და საუკეთესო კადრები გადაიყვანეს ელიტ ელექტრონიქსში. ამან პირველ ეტაპზე განაპირობა კომპანიის ფინანსური მდგომარეობის შედარებით გაუმჯობესება - დეკემბერში გაყიდვების გადაჭარბება მოხდა 25%-ით, ხოლო იანვარში 15%-ით.
რატომ მოხდა ელიტ ელექტრონიქსში მენეჯმენტის ცვლილება?
ოპტიმალური შედეგების მიღწევას ხელს უშლიდა ძველი მენეჯმენტის არასწორი, კომპანიისთვის საზიანო ქმედებები. გაჩნდა ეჭვი, რომ ქოქოლაძის გუნდი ელიტ ელექტრონიქსს იყენებდა, როგორც ფულადი რესურსის წყაროს და აძლიერებდა თავისივე სხვა კომპანიებს. მუდმივად ხდებოდა თანხების არასწორი განკარგვა და ულტიმატუმები იმის შესახებ, რომ იმ შემთხვევაში, თუ ბანკები არ დააკმაყოფილებდნენ მათ მოთხოვნებს წილების განაწილების შესახებ, ისინი გააკოტრებდნენ კომპანიას და აიძულებდნენ თანამშრომლებს დაეტოვებინათ ელიტ ელექტრონიქსი.
სწორედ ამიტომ, სამივე კრედიტორი ბანკის (თიბისი ბანკის, საქართველოს ბანკის, და ბანკი რესპუბლიკას) ერთობლივი გადაწყვეტილებით, მოხდა ანზორ ქოქოლაძის შეცვლა მაღალკვალიფიციური მენეჯერების ახალი გუნდით.
მოლაპარაკებები ყოფილ დირექტორთან:
ბანკებმა გამოთქვეს სურვილი, გამოეყენებინათ ყოფილი მენეჯმენტის გარკვეული გამოცდილება, ასევე გაითვალისწინეს ხანგრძლივი თანამშრომლობის ისტორია და ანზორ ქოქოლაძეს შესთავაზეს კომპანიის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის თანამდებობა და აქციათა 25%, ხოლო ბანკებისადმი დავალიანებების სრულად დაფარვის შემთხვევაში - აქციათა 100%-ის გამოსყიდვის შესაძლებლობა თვითღირებულებაში. რაზეც ქოქოლაძემ უარი განაცხადა და სანაცვლოდ, დაიწყო თიბისი ბანკის წინააღმდეგ მიზანმიმართული კამპანია, რომელიც დღემდე გრძელდება და პროვოკაციული განცხადებებიდან სერიოზულ ბრალდებებში გადაიზარდა.
რატომ დაარღვია ელიტ ელექტრონიქსმა სესხის გადახდის გრაფიკი?
ელიტ ელექტრონიქსიდან წასვლის შემდეგ, ქოქოლაძემ და მისმა გუნდმა ყველაფერი გააკეთეს, რათა ხელი შეეშალათ კომპანიის ფუნქციონირებისთვის. კერძოდ: 18 დღის განმავლობაში პარალიზებული იყო ბათუმის მაღაზიების ქსელი, არ მოხდა დოკუმენტაციისა და საწყობების დროული გადმობარება. დესტრუქციული ქმედებით დააზიანეს მთავარი პროგრამული უწრუნველყოფა, დაიწყო გაფიცვები და თამნამშრომლების აქტიური დაშანტაჟება, რის შედეგადაც ხალხი სათავო ოფისშიც კი ვერ ბედავდა გამოცხადებას.
ამ ქმედებების შედეგად, ჯამში, ელიტ ელექტრონიქსს მნიშვნელოვნად, დაახლოებით 1 მილიონი ლარით შეუმცირდა გაყიდვები, რამაც გამოიწვია 150 000 ლარის ოდენობის ზარალი. ახალმა მენეჯმენტმა თავი შეიკავა კომპანიისთვის სასიცოცხლო მნიშვნელობის ხარჯები შეკვეცისგან, რის გამოც პრობლემა შეექმნა ბანკის მიმართ ვალდებულების შესრულების კუთხით და 2010 წლის 15 მარტს ელიტ ელექტრონიქსმა ვეღარ შეძლო გრაფიკით გათვალისწინებული სასესხო თანხის გადახდა.
არის თუ არა თიბისი ბანკის ქმედება კანონიერი?
თიბისი ბანკმა გამოიყენა თავისი ლეგიტიმური უფლება: მოახდინა გირავნობის საგნების ანუ აქციების 55%-ის რეალიზაცია და მათი შესყიდვა. რაც შეეხება აქციების ღირებულებას, ამ პერიოდისთვის ეს იყო ფაქტობრივად გაკოტრებული, უარყოფითი ბალანსის მქონე კომპანიის აქციები, რომელთა რეალური ღირებულება 0 ლარია.
შესაბამისად, მენეჯმენტის ცვლილებით დაწყებული, აქციების შესყიდვით დამთავრებული, ყველა ის ქმედება, რომელიც თიბისი ბანკის მიერ ხორციელდება ელიტ ელექტრონიქსის მიმართ, მიმდინარეობს კანონის ფარგლებში და კანონის სრული დაცვით.
ამასთან, ჩვენ გვაქვს რეალური საფუძველი ვიფიქროთ, რომ ანზორ ქოქოლაძე, უკიდურეს ფინანსურ მდგომარეობაში მყოფი ელიტ ელექტრონიქსიდან, თანხების მიმართვას ახდენდა მისი პირადი ბიზნეს გეგმების განსახორციელებლად, წინააღმდეგ შემთხვევაში, შეუძლებელი იქნებოდა, ორიოდე თვეში ოთხი ახალი მაღაზიის გახსნა და აქტიური კამპანიის წარმოება, რაც მოგეხსენებათ, სერიოზულ ფინანსურ რესურსებთან არის დაკავშირებული.