ნახტომი





- - - - -

ბიზნეს Networking ლანჩი: მალე ...


გამოხმაურებათა რაოდენობა: 1

#1 Tariel Zivzivadze

    L8: პროფესიონალი

  • Members
  • პიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამა
  • 11,944 გამოხმაურება
39

დაწერილია 04 October, 2011 - 15:35

*
პოპულარული

ბიზნეს Networking* ლანჩი: მალე ...


ამ სტატიაში მინდა უბრალოდ შეგახსენოთ თუ რაოდენ სასარგებლო და მნიშვნელოვანი შეიძლება იყოს ბიზნეს Networking ლანჩი თქვენი ბიზნესისათვის. მართალია უცნობ ადამიანთან ერთად ”პურის გატეხვა” მთლად კომფორტული შეიძლება არ იყოს, მაგრამ უპირატესობები ნამდვილად აჭარბებენ ”რისკებს”.

საიდუმლოს არ წარმოადგენს, რომ ადამიანებს შორის პოზიტიური ურთიერთობა ბიზნეს წარმატების გასაღებია. ეს ფაქტი ორმაგად მართალია საქართველოში, სადაც ქართული სუფრა ხშირად მარკეტინგის კონტექსტშიც განიხილება. თუმცა ისიც ფაქტია, რომ ჩვენს მზარდ ონლაინ და ვირტუალურ სამყაროში, როცა ურთიერთობების დიდი ნაწილი სოციალურ ქსელებში და ინტერნეტით იმართება, ძალიან ადვილია დაგვავიწყდეს კარგად ორგანიზებული ბიზნეს ლანჩის [თუნდაც ქართულად სუფრის] ნამდვილი ძალა. ქართულ სუფრაზე ადამიანის ინტერნეტით ჩართვა და მონიტორზე ჭიქის მიჭახუნებით სადღეგრძელოს თქმაც კი აღარ არის იშვიათი შემთხვევა.


რა არის ბიზნეს Networking ლანჩი?

ეს არის საქმიანი ადამიანების საერთო შეხვედრა შუადღის შესვენების დროს, სადაც მთავარი მიზანი სასიამოვნო გარემოში გემრიელი საკვების ფონზე კავშირების დამყარება და გაღრმავებაა. ბიზნეს Networking ლანჩი დიდებული გზაა რომ შეხვდეთ ძველ პარტნიორებს და გაიცნოთ ახალი, გაცვალოთ ბიზნეს იდეები და ინფორმაცია, გაიგოთ რას აკეთებენ სხვები, რაც მთავარია ისიამოვნოთ საკვებით ერთად და ყველაფერი ისეთ დროს, როდესაც ისედაც საკვების მიღების დროა. მნიშვნელობა არ აქვს 40 ადამიანი ესწრება თუ 140, მთავარი შედეგია.


რას უნდა ელოდოთ ბიზნეს Networking ლანჩისაგან?

ვირტუალური კავშირების მსოფლიოში ყველა თავისი საქმითაა დაკავებული და რთულია ამდენი პარტნიორისა და მეგობრის ერთად თავმოყრა, არადა პირად კონტაქტს სულ სხვა ხიბლი აქვს. ლანჩზე პირველ რიგში იმიტომ უნდა მიხვიდეთ, რომ გამოჩნდეთ, შეხვდეთ ძველ ნაცნობებს. მსგავსი შეხვედრები კარგი ადგილია აზრების და ინფორმაციის გაზიარებისათვის, ერთობლივი ინიციატივების შესახებ სასაუბროდ, ახალი პროექტების იდეების განსახილველად და არა მხოლოდ.

ბიზნეს Networking ლანჩი არის ახალი კავშირების დამყარების ადგილი. ნუ დადგებით და დაელოდებით რა მოხდება, იაქტიურეთ, გაეცანით და ისაუბრეთ. საუბრის გასავითარებლად ერთ-ერთი კარგი საშუალებაა ღია შეკითხვების დასმა, ანუ ისეთის, რომელსაც ადამიანი ვერც ”კი”-ს უპასუხებს და ვერც ”არა”-ს. გაიცანით ყველა დამსწრე. ჰკითხეთ მათ როგორ დაიწყეს საქმიანობა, გამოართვით და მიეცით ბიზნეს ბარათი [30 ცალი მაინც უნდა იქონიოთ თან]. კავშირების დამყარება უნარია და ის უნდა გამოიმუშავოთ. ბიზნეს Networking ლანჩზე თქვენი საქმისთვის საინტერესო ერთი ადამიანი მაინც რომ გაიცნოთ ეს უკვე დიდი წინსვლაა.

ბიზნესის წარმატებული განვითარება წარმატებულ ურთიერთობებზეა დამოკიდებული. ბიზნეს Networking ლანჩი არის ადგილი თქვენი კომპანიისათვის, რომ ჩაატაროთ თქვენი კომპანიის, პროექტის ან პროდუქტის პრეზენტაცია და განავითაროთ ურთიერთობა საქმიან აუდიტორიასთან, შეიძინოთ ახალი კლიენტები. ამ მხარეს ჩვეულებრივ დიდი ყურადღება ეთმობა.

ბიზნეს Networking ლანჩი არ არის მხოლოდ საქმე, პრეზენტაციის ჩატარება, ნაცნობების ნახვა და ახალი კავშირების შეძენა. ეს არის სოციალური მოვლენა და თან ახლავს შესაბამისი ”ატრიბუტიკა”. პირველ რიგში ეს არის თავად საკვები, ლანჩისთვის გათვლილი მსუბუქი საკვები. დრო სპეციალურად შერჩეულია ისე, რომ შუადღეა და ჩვეულებრივ საკვების მიღების დროა. ან დამატებითი დრო არ ”ცდება”. მოვლენა ჩვეულებრივ გვირგვინდება სურათების გადაღებით. საქმიანი აუდიტორია, გემრიელი საკვები და კომფორტული გარემო ქმნიან ხელისშემწყობ ატმოსფეროს, რომელიც თქვენ უნდა გამოიყენოთ.


როგორია ბიზნეს Networking ლანჩი წესები?

პირველი და უპირველესი წესი, რომელზედაც გამოვყოფ: გამორთეთ [ან გააჩუმეთ] მობილურები! გარწმუნებთ, რომ დღეს შეხვედრების, კონფერენციების, საღამოების და ა.შ. შემდეგ პირველი მტერი ხდება სხვა არაფერი თუ არა მობილური ტელეფონების მიერ შეხმატკბილებულად შესრულებული სიმფონიური ორკესტრი.

ბიზნეს Networking ლანჩი ფორმალური მოვლენაა, შესაბამისად ჩაცმულობაც ფორმალური უნდა იყოს, კერძოდ ეს არის საქმიანი ჩაცმულობა. ხისტი წესი აქ არ არის, მაგრამ ჯინსებით და ბოტასებით მოსული სტუმრისთვის აქ ადგილი ნაკლებად არის. მიუხედავად ამ მცირე ფორმალობისა გარემო მაინც თავისუფალია და განწყობაც შესაბამისი უნდა იყოს. თავისუფალ გარემოში ადამიანის ”სხვაგვარი” გაცნობის შანსი კი გაცილებით მეტია.

ბიზნეს Networking ლანჩის აუდიტორიის ნაწილი მოწვეული სტუმარია. სხვა ნაწილი კი დასწრებისათვის იხდის სიმბოლურ თანხას. მოვლენის სპონსორი ან პრეზენტაციის წარმომდგენი ჩვეულებრივ აფინანსებს ყველა სხვა ხარჯს. მოვლენას ეს საერთო ძალისხმევა ასაზრდოვებს, საერთო შემოსავალი ფარავს საერთო ხარჯს.


პირველი Conference.ge ბიზნეს Networking ლანჩი

Conference.ge -ს ერთგული საზოგადოებისათვის მე უკვე ვგეგმავ პირველ ბიზნეს Networking ლანჩს. სწორედ ესაა ამ სტატიის დაწერის ერთ-ერთი მთავარი მოტივატორი. ჩემი მიზანია ხელი შევუწყო საქმიან ხალხს შორის კავშირების განვითარებას. შესაბამისად მინდა რომ აქ მყოფმა აუდიტორიამ კარგად იცოდეს თუ როგორ შეიძლება ბიზნეს ლანჩისგან მაქსიმალური შედეგის მიღება. დამსწრე საზოგადოების ნაწილი ჩემს მიერ იქნება მოწვეული, სხვანი კი კონფერენციაზე იხილავენ სარეკლამო განცხადებას და ჩაერთვებიან. მოწვეული სტუმრები რა თქმა უნდა თანხას არ გადაიხდიან, სხვა სტუმრები კი სიმბოლურ თანხას - 20 ლარს.

ჩვენს ყოველ ბიზნეს ლანჩზე იგეგმება 2-3 პრეზენტაცია. აქ იდეალური ადგილია თქვენი ახლად შექმნილი კომპანიის, ახალი პროექტის, ახალი პროდუქტი, ახალი აქციის და ა.შ. წარსადგენად. თქვენ გექნებათ სრული ტექნიკური მხარდაჭერა. მხოლოდ პრეზენტაციის და საჭირო მასალის [მაგალითად ბროშურები] მოტანა და თქვენი უშუალო პარტნიორების მოწვევა დაგჭირდებათ. გარემოს, საკვებს, და სხვა საორგანიზაციო საკითხებს ჩვენ მივხედავთ. ცხადია ეს მომსახურება გარკვეულ ხარჯებთან იქნება დაკავშირებული. პირველ ბიზნეს ლანჩისთვის უკვე დაგეგმილია ორი პრეზენტაცია. თუ გსურთ პრეზენტაციის გაკეთება დამიკავშირდით.










--------------
* ტესტში მე შეგნებულად არ ვთარგმნე ინგლისურ სიტყვას - Networking იმ უბრალოდ მიზეზის გამო, რომ რთულია ზუსტად ამავე იდეის ამსახველი ერთი ქართული სიტყვის მოძებნა. საუკეთესო კომბინაცია ალბათ არის ”კავშირების დამყარება”.




ეს სტატია არ არის რომელიმე წყაროდან ნათარგმნი, შესაბამისად ინფორმაციის წყარო ვარ მე. მივესალმები მკითხველის გამოხმაურებას და წინადადებებს.

ტარიელ ზივზივაძე
მობ: 577 737 964
marnetllc@gmail.com
www.marketing.ge, www.conference.ge

____________
მასალის კოპირება არაკომერციული მიზნებით დასაშვებია მხოლოდ წყაროს მითითებით.
საუკეთესო სურვილებით,

ტარიელ ზივზივაძე
contact@tarielzivzivadze.ge
http://tarielzivzivadze.ge

#2 Megi Kurdadze

    დამწყები

  • Member
  • პიქტოგრამაპიქტოგრამა
  • 38 გამოხმაურება
0

დაწერილია 10 October, 2011 - 00:46

ბიზნეს ლანჩი შესანიშნავი ინიციატივაა, ვფიქრობ მსგავსი შეხვედრები საინტერესო და საჭიროა საქმიანი ურთიერთობებისა და ახალი პროექტებისათვის მივესალმები და სიამოვნებით მივიღებ მონაწილეობას. პატივისცემით მეგი



1 წევრი კითხულობს თემას

0 წევრი, 1 სტუმარი, 0 ანონიმური მოსარგებლე

ქართული & kar.ge
Share