ნახტომი


- - - - -

როგორ ვიმუშავოთ ვებმასტერთან: სასარგებლო რჩევები


გამოხმაურებათა რაოდენობა: 3

#1 Tariel Zivzivadze

    L8: პროფესიონალი

  • Members
  • პიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამა
  • 11,944 გამოხმაურება
39

დაწერილია 10 October, 2011 - 16:25

როგორ ვიმუშავოთ ვებმასტერთან: სასარგებლო რჩევები ...


საქართველოში სხვადასხვა მონაცმეებით 1.3-1.5 მილიონამდე ინტერნეტით მოსარგებლეა. თუ თქვენს ბიზნეს კომპანიას რაიმეზე მაინც აქვს პრეტენზია ვებ გვერდი აუცილებლად უნდა გექნეთ. იმიტომ კი არა რომ ”სავალდებულოა”, არამედ იმიტომ რომ ვებსაიტი მართლა გამოსადეგი ინსტრუმენტია ინტერნეტ საზოგადოებასთან ურთიერთობაში. თუ საიტი ჯერ არ გაქვთ, მისი შექმნა ადრე თუ გვიან დღის წესრიგში დაგიდგებათ. აი სწორედ ამ დროს გამოგადგებათ ამ სტატიაში მოცემული რჩევები.

იშვიათია შემთხვევა, როცა საიტის დამზადების შეკვეთა დადგენილ დროში სრულდება. არანაკლებ იშვიათია შემთხვევა, რომ დამკვეთი კმაყოფილი დარჩეს შემსრულებლით და მიღებული პროდუქტით. რაშია რეალურად პრობლემა? ვინ არის ”დამნაშავე”, შემსრულებელი თუ დამკვეთი? რაში მდგომარეობს გადაულახავი პრობლემა? რას მივაქციოთ ყურადღება ვებმასტერის* შერჩევის დროს და როგორ მივიღოთ სასურველი შედეგი მასთან ურთიერთობაში?

რჩევა 1: ეფექტური მუშაობისათვის პირველ რიგში საჭიროა წარმატებული კომუნიკაციის პროცესის აგება;
რჩევა 2: მოძებნეთ ვებმასტერი, რომელსაც ესმის ბიზნესი და არა მხოლოდ პროგრამირება;
რჩევა 3: თავიდანვე აუცილებელია სწორად დასვათ ამოცანები, წინასწარ შეათანხმოთ საქმის მოცულობა, სამუშაო გეგმა და ფასი;


წარმატებული კომუნიკაციის პროცესის აგება

კომუნიკაცია უმთავრესია!

ვებ პროექტის ბუნებიდან გამომდინარე დამკვეთსა და შემსრულებელს შორის მუდმივი კომუნიკაციის პროცესი უნდა მიმდინარეობდეს. განსაკუთრებით ეს ეხება ამოცანის ჩამოყალიბების ეტაპს. ამ დროს ხდება როგორც მიზნების დაკონკრეტება, ასევე მომავალი შესასრულებელი საქმიანობების დეტალურად განსაზღვრა. დაგეგმვის დროს მთელი საქმის 50% კეთდება.

ჩავხედოთ სიმართლეს თვალებში: პროფესიიდან გამომდინარე ვებმასტერები და ზოგადად პროგრამისტები უფრო მეტად მანქანებთან ურთიერთობენ ვიდრე ადამიანებთან. ეს მათ კომუნიკაციის უნარს გარკვეულ წილად თრგუნავს. ეს ამ პროფესიის წარმომადგენელთათვის დამახასიათებელი თვისებაა, რომელიც ყველა დამკვეთმა ფაქტად უნდა მიიღოს და ამ რეალობასთან მუშაობა უნდა ისწავლოს.

თუ დამკვეთი ძალიან კარგად ერკვევა საკითხში და კომუნიკაციის უნარ-ჩვევაც არ ღალატობს, მაშინ კომუნიკაციის პროცესი შეუფერხებლად მიმდინარეობს, დაგეგმვა წარმატებულია და პროექტის წარუმატებლობის შანსიც მიზერულია. რა მოხდება მაშინ როცა დამკვეთი პირველი ნაბიჯებს დგამს ვებ პროგრამირების სფეროში, ”რაღაც” უნდა, მაგრამ ვებმასტერისათვის გასაგები ენით ვერ საუბრობს? ამ შემთხვევაში შედეგიან კომუნიკაციაზე პასუხისმგებელი მეტწილად არის ვებმასტერი. მან უნდა დამკვეთს ისე ”დაუმუშავოს” საკითხი, რომ მისთვის ბოლომდე გასაგები გახადოს მიმდინარე ამოცანები. შეუძლია მას ეს? რამდენადაც შეძლებს და მოახერხებს კომუნიკაციას, იმდენად უკეთ გაერკვევა დამკვეთიც. ეს კი პოზიტიურად იმოქმედებს დასახული მიზნების მიღწევაზე. დამკვეთისათვის ამ დროს მნიშვნელოვანია არ მოერიდოს ვებმასტერისგან ახსნა განმარტებების გამოთხოვა.

ყველაზე უარესია შემთხვევა, როცა დამკვეთს ჰგონია რომ ”რაღაც” იცის, ამ დროს კი ”მხოლოდ ერთი წიგნი აქვს წაკითხული”. ასეთი ”ჯიუტი” დამკვეთი ნამდვილი ”სასჯელი”-ა ვებმასტერისათვის. ამ დროს სერიოზული შანსია, რომ კომუნიკაცია ვერ შედგეს, ეს კი უარყოფითად შეიძლება აისახოს პროექტის შედეგებზე. ამ დროს ”დამნაშავე” რა თქმა უნდა პირველ რიგში დამკვეთია, ხელს კი ჩვეულებრივ ვებმასტერისკენ იშვერენ.

რჩევა შემსრულებლებს: იყავით თქვენი საქმის პროფესიონალები. შედეგზე პასუხისმგებლები საბოლოო ჯამში თქვენ ხართ! თუ დამკვეთი არ გისმენთ, არ აიღოთ ასეთი შეკვეთა. ასეთი საქმე უფრო მეტად გაზარალებთ, ვიდრე რაიმე სასარგებლოს მოგიტანთ. ეს ისეთი საკითხია, რომელიც გახილვის ერთ-ერთი პირველი პუნქტი უნდა იყოს კლიენტთან ურთიერთობის დაწყებისას.

დამკვეთმაც და შემსრულებელმაც უნდა მოინდომონ და კომუნიკაციის პროცესი თავიდანვე წარმატებულად ააწყონ. იმ შემთხვევაში თუ შემსრულებელი ორგანიზაციაა, დამკვეთმა ზუსტად უნდა იცოდეს თუ კონკრეტულად ვისთან ექნებათ კონტაქტი. ამ დროს გირჩევთ კონტაქტი გქონდეთ არა შუამავალთან, მაგალითად Account Manager-თან, არამედ უშუალო შემსრულებელთან, უნდა მაქსიმალურად ერიდოთ ”გაფუჭებული ტელეფონის” გათამაშებას.


მოძებნეთ ვებმასტერი, რომელსაც ესმის ბიზნესი და არა მხოლოდ პროგრამირება

ვებმასტერის შერჩევა სხვადასხვა ორგანიზაციაში თუ დავალებისათვის სხვადასხვანაირად შეიძლება მოახდინოთ, მაგრამ უმნიშვნელოვანესი ყოველთვის არის თუ რა გაუკეთებია ამ კონკრეტულ ადამიანს თუ კომპანიას და ვინ აძლევს მას რეკომენდაციას. ვებმასტერმა უნდა წარმოადგინოს შესრულებული საქმიანობები, ე.წ. პორტფოლიო. სწორედ ნამუშევრების დათვალიერების შემდეგ შეიძლება შეიქმნა მეტნაკლები წარმოადგენა თუ რა შეუძლია მას. რეკმენდირებულია დამკვეთმა ვებმასტერთან გასაუბრების დროს საქმეში ჩართოს გამოცდილი კოლეგა, რომელსაც შეუძლია ”სწორი” შეკითხვები დასვას.

გარდა ამისა დამკვეთმა უნდა მოითხოვოს და დარწმუნდეს, რომ ვებმასტერს ესმის მისი და დასმული ბიზნეს ამოცანები. ვებ პროგრამირებაში უამრავი სახის ამოცანაა და ყველა ყველაფრის პროფესიონალი ვერ იქნება. თუ დამკვეთს გჭირდებათ ბლოგის გაკეთება ეს მარტივი ამოცანაა, მაგრამ სულ სხვაა სრულფასოვანი e-commerce ვებ გვერდის დამზადება, რომელიც შესაძლოა გაცილებით მეტს მოითხოვდეს, ვიდრე კონკრეტულ შემსრულებელს შეუძლია.

ვებმასტერს კარგად უნდა ესმოდეს თუ რისი მიღწევა სურს დამკვეთს, წინააღმდეგ შემთხვევაში დამკვეთის მოლოდინსა და შემსრულებლის მიერ საკითხის გააზრებას შორის განსხვავებას შეუძლია ძალიან დააზარალოს პროექტი. ბიზნესის საკითხებში გარკვეული, მაგრამ თუნდაც ნაკლებად ტექნიკურად მომზადებული ვებმასტერი შეიძლება უფრო გამოსადეგი იყოს საქმეში, ვიდრე პროგრამირების ზედმიწევნით მცოდნე, მაგრამ ბიზნესის საკითხებში გაურკვეველი შემსრულებელი. სასურველი იქნება თუ დამკვეთი მოიფიქრებს გარკვეული მექანიზმს რომ დარწმუნდეს, რომ ვებმასტერს მისი მოლოდინები ბოლომდე ესმის.


წინასწარ შეათანხმეთ საქმის მოცულობა, სამუშაო გეგმა და ფასი

ვებ საიტის დამზადება არ არის მხოლოდ ვებმასტერის საქმე, დამკვეთმაც უნდა თავისი წილი სამუშაო შეასრულოს მასალების მიწოდების და რაც მთავარია გადაწყვეტილებების დროულად მიღების მხრივ. ეს დროს და ენერგიას ითხოვს, რისთვისაც დამკვეთი შემსრულებელზე არანაკლებ უნდა იყოს მზად. ამიტომაც წინასწარი გასაუბრება აუცილებელია, რათა ორივე მხარემ იცოდეს თუ რას მოელიან მისგან. საჭიროა სწორი შეკითხვების დასმა, ამოცანების და ვადების რეალურად ჩამოყალიბება და პასუხისმგებლობების განსაზღვრა.

ფასი ჩვეულებრივ რთული განსასაზღვრია და დიდწილად დამოკიდებულია ამოცანაზე. თუმცა ამოცანის დასმასთან ერთად ვებმასტერმა 10% ის ცდომილებით მაინც უნდა თქვას თუ რა დაჯდება დასმული ამოცანის განსაზღვრულ ვადაში შესრულება. ამოცანის დასმის შემდეგ კი საბოლოო ფასიც უნდა დაასახელოს.

დაგვიანებული პროექტი უკვე ჩავარდნილი პროექტია, რომელიც წვავს დამატებით დროს და ენერგიას. ეს რომ არ მოხდეს თავიდანვე უნდა თადარიგი დაიჭიროთ. დაგვიანებების ძირითადი მიზეზი არასწორი დაგეგმვაა. პროექტის დაგეგმვაში კი ლომის წილი ვებმასტერზეა, იმიტომ რომ დამკვეთთა უდიდესი ნაწილი ხშირად ვერ ერკვევა დასმული ამოცანის სირთულესა და ტექნიკურ დეტალებში. აქედან დასკვნა: თუ დროში ჩავარდნა ხდება, ეს მეტწილად ვებმასტერის ბრალია, ვინაიდან ამა თუ იმ მიზეზის გამო მან დამკვეთისგან ვერ მოიპოვა საჭირო ინფორმაცია; როცა განსამარტი იყო, სათანადოდ/გასაგებად ვერ/არ ახსნა; როცა შეკითხვა იყო დასასმელი, ”გაატარა”; როცა დამკვეთის მიერ ინფორმაცია იყო მოსაწოდებელი, არ შეახსენა; როცა შესაკამათებელი იყო, თავი დაუქნია [ხშირად იმიტომ, რომ კლიენტი არ დაეკარგა] და ა.შ. შედეგის მისაღებად ორივე მხარემ უნდა გაისარჯოს.


ცვლილებები თავდაპირველ პროექტში

პროექტის აღსრულების პროცესში ცვლილება სერიოზული პრობლემების გამომწვევი შეიძლება გახდეს. თუ დაგეგმვის პროცესი სწორად არ წარიმართა შედეგში მივიღებთ იმას, რომ შესრულებული პროდუქტი დამკვეთს მაინცადამაინც არ მოეწონება, ან სურვილი გაუჩნდება ახალი რამ დაამატოს, ან შეიძლება გემოვნება შეეცვალოს და სხვა რამ მოითხოვოს ა.შ.

”მცირედი” ცვლილება როგორც წესი ადვილი გასაკეთებელია, ვინაიდან მცირე ტექნიკური ჩარევა შეიძლება სჭირდებოდეს. მაგრამ ზოგი ცვლილება უბრალოდ ძალიან შრომატევადი და დროტევადი შეიძლება იყოს მრავალი მიზეზის გამო და სერიოზულად შეიძლება გასცდეს დროის და ბიუჯეტის საზღვრებს. ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს თუ რაოდენ მნიშვნელოვანია პროექტის დასაწყისში დაგეგმვითი საქმიანობა.


მხარდაჭერა და მომსახურება

ვებ პროექტების შესრულების პროცესში კომუნიკაციის პროცესზე ბევრი რამ არის დამოკიდებული, მაგრამ როგორ მოვიქცეთ, თუ პროექტის დასრულების შემდეგ ვებმასტერთან ურთიერთობაც მთავრდება?

მხარდაჭერა ისეთი რამაა, რაზედაც დამკვეთმა და შემსრულებელმა წინასწარ უნდა მოილაპარაკონ და კონტრაქტშიც გაწერონ. 3 ან 6 თვიანი მხარდაჭერა შეიძლება გულისხმობდეს მაგალითად კონსულტაციას CMS-ში ინფორმაციის მოთავსებასთან დაკავშირებით და ა.შ. დასმული ამოცანებიდან გამომდინარე. მხარდაჭერა შეიძლება გულისხმობდეს დამკვეთის თანამშრომლის სწავლებასაც. ყველაფერი დასმულ ამოცანაზეა დამოკიდებული.

მხარდაჭერის საკითხი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, თუ დამკვეთს საკუთარი ვებმასტერი არ ჰგყავს ორგანიზაციაში და გარე კომპანიაზე ან/და ინდივიდზე არის დამოკიდებული. დამკვეთი უნდა დარწმუნებული იყოს, რომ პრობლემა არ შეიქმნება და თუ შეიქმნება, შემსრულებელი მზად იქნება დაგეხმაროთ.



კარგად იკითხება არა?

მიუხედავად ამისა ამ რჩევების ”ამუშავება” და შედეგის დანიშნულ ვადაში და ფასში მიღება ბევრი დამკვეთისათვის აუსრულებელ ოცნებად შეიძლება დარჩეს. ჩემი პირადი და ჩემი მეგობრების გამოცდილების საფუძველზე შემიძლია გითხრათ, რომ შედეგის მიღება თუ გსურთ ამ ”ფორმულის” პრაქტიკაში ”თარგმნა” უნდა მოახერხოთ.






---------------------
* ვებმასტერი - სტატიაში ამ ტერმინით მოვიაზრებ ყველას, ვინც ვებ საიტს ქმნის.
საუკეთესო სურვილებით,

ტარიელ ზივზივაძე
contact@tarielzivzivadze.ge
http://tarielzivzivadze.ge

#2 giorgi1991

    Newbie

  • Member
  • პიქტოგრამა
  • 2 გამოხმაურება
0

დაწერილია 19 October, 2011 - 01:48

me vtvli rom am pirovneba yvelaperi dzalze kargad chamoayaliba

#3 qetusia

    Newbie

  • Member
  • პიქტოგრამა
  • 1 გამოხმაურება
0

დაწერილია 14 November, 2011 - 14:47

გამარჯობათ,იცით ჩვენ კომპანიას აქვს მსგავსი პრობლემა,საიტის გაკეთება გვინდა და ვერ ვიპოვეთ ისეთი პროგრამისტი,ვერც კომპანია,რომელიც არა მარტო უზრუნველყოფს საიტის პროგრამულად გამართვას,არამედ მარკეტინგულ რჩევებსაც მოგვცემს,ტექსტებს შეგვისწორებს და დაგვეხმარება სწორად გადმოვცეთ ჩვენი სპეციფიკური სფერო.ხომ არ გეგულებათ კარგი ინტერნეტ მარკეტოლოგი, რომელიც კონსულტაციას გაგვიწევს და დაგვეხმარება? მადლობა წინასწარ

#4 Tariel Zivzivadze

    L8: პროფესიონალი

  • Members
  • პიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამა
  • 11,944 გამოხმაურება
39

დაწერილია 14 November, 2011 - 16:26

ციტატა

გამარჯობათ,იცით ჩვენ კომპანიას აქვს მსგავსი პრობლემა,საიტის გაკეთება გვინდა და ვერ ვიპოვეთ ისეთი პროგრამისტი,ვერც კომპანია,რომელიც არა მარტო უზრუნველყოფს საიტის პროგრამულად გამართვას,არამედ მარკეტინგულ რჩევებსაც მოგვცემს,ტექსტებს შეგვისწორებს და დაგვეხმარება სწორად გადმოვცეთ ჩვენი სპეციფიკური სფერო.ხომ არ გეგულებათ კარგი ინტერნეტ მარკეტოლოგი, რომელიც კონსულტაციას გაგვიწევს და დაგვეხმარება? მადლობა წინასწარ


გაგიმარჯოთ qetusia,

სწორად აღნიშნე და განასხვავე: ერთია საიტის ”გაკეთება”, მეორეა მისი ონლაინ მარკეტინგი და მესამე, მაგრამ ყველაზე მთავარია ამ ყველაფერს ფუნქცია დააკისრო ორგანიზაციისათვის და სწორად შეაკინძო მთელი ”ონლაინ ფანჯარა”.

პირველი ”შედარებით” ადვილია, თუმცა ზემო სტატიის მიხედვით არც ისე ადვილია სინამდვილეში :)
მეორე ნამდვილად არ არის ადვილი, თუმცა ერთი შეხედვით ”ამას რა უნდა” ...
მესამე კი ისაა, რაც მხოლოდ მაშინ ახსენდებათ, როცა ფული უკვე ”გადაყრილია”

ეს ის სფეროა, რასაც მე ვაკეთებ. ქვემოთ, ჩემს ხელმოწერაში ტელეფონი მაქვს მითითებული. დამირეკეთ და გავისაუბროთ
საუკეთესო სურვილებით,

ტარიელ ზივზივაძე
contact@tarielzivzivadze.ge
http://tarielzivzivadze.ge



1 წევრი კითხულობს თემას

0 წევრი, 1 სტუმარი, 0 ანონიმური მოსარგებლე

ქართული & kar.ge
Share