ნახტომი





* * * * * 1 ხმა

გაგრძელება ... მარკეტინგული გამოწვევა: სოციალური ქსელები VS დანარჩენი ინტერნეტი


თემაში გამოხმაურება არ არის

#1 Tariel Zivzivadze

    L8: პროფესიონალი

  • Members
  • პიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამა
  • 11,944 გამოხმაურება
39

დაწერილია 19 October, 2011 - 08:30

მარკეტინგული გამოწვევა: სოციალური ქსელები VS დანარჩენი ინტერნეტი

გაგრძელება ...

პირველ სტატიაში კომპანიის წინაშე მდგარი მარკეტინგული გამოწვევა ასე დავსვით: რომელი ინსტრუმენტი და როგორი ხარისხით გამოვიყენოთ ჩვენი მიზნებიდან/ბიუჯეტიდან/დროითი რესურსიდან გამომდინარე მაქსიმალური შედეგის მისაღებად? ამიტომაც ქვემოთ მინდა ბიზნეს კომპანიების სხვადასხვა ამოცანების გადასახედიდან შევაფასო ეს სხვადასხვა ”ინსტრუმენტი”.

ბიზნეს კომპანის არჩევანი ონლაინ რესურსის შექმნასთან დაკავშირებით ძირითადად სამამდე დაიყვანება [რატომ გავყავით ასე? გადახედეთ სტატიის პირველ ნაწილს]: 1. გააკეთო ვებ რესურსი და გახადო იგი პოპულარული სოციალური ქსელის გარეთ და/ან 2. გააკეთო ვებ რესურსი და გახადო იგი პოპულარულ სოციალურ ქსელში, და/ან 3. გააკეთო ვებ რესურსი სოციალური ქსელის გარეთ და მოახდინო სხვადასხვა სოციალურ ქსელებთან მაქსიმალური ინტეგრაცია.

ამ ეტაპზე ნაკლებად ვისაუბრებ ”პოპულარიზაციის” საკითხზე. ამ თემას სხვა სტატიას მივუძღვნი მოგვიანებით.


დინამიური საიტი რომელიმე CMS საფუძველზე

ჩვენს ირგვლივ არაერთია საიტია, რომელიც დამზადებულია სხვადასხვა CMS საფუძველზე. CMS – Content Management System - არის საკმაოდ მოქნილი სისტემა, რომლის მეშვეობით უბრალო სტაჟიორსაც ადვილად შეუძლია საიტის მართვა, ინფორმაციის ატვირთვა/რედაქტირება და ა.შ. აქ ძირითადში ორი მხარეა: ინტერფეისი, რომელსაც ყველა ხედავს ინტერნეტში და სამართავი პულტი, რომელიც გარე თვალისათვის დაფარულია.

მსგავსი საიტი დიდად სასარგებლოა თუ კომპანიას განახლებადი შინაარსი აქვს და სურვილი, რომ ეს შინაარსი ინტერნეტში დადოს ამა თუ იმ ფორმით, თან პერიოდულად. მაგალითად ეს შეიძლება იყოს საინფორმაციო სააგენტო.

დამზადება შეიძლება დაჯდეს 1000 ლარიდან იმისდა მიხედვით თუ რა დიზაინი და რა ფუნქციონალობა არის საჭირო. შენახვა წელიწადში 200 ლარიდან [დომენი და ჰოსტინგი]. სოციალურ ქსელებში გაზიარების მიზნით შეიძლება დაამატო გაზიარების ღილაკები. ბუნებრივია თუ საიტი გნებავთ რომ ამუშაოთ, ერთი ადამიანი მაინც უნდა გყავდეთ, რომელიც მიხედავს მას, ანუ ინფორმაციას ატვირთავს.


სტატიკური საიტი

ასეთ რესურსს იშვიათად ამზადებენ დღეს. ეს მიდგომა ძირითადში გამოიყენებოდა მანამ, სანამ Web 2.0 მთელი თავისი სიმძლავრეებით შემოვიდოდა ჩვენს რეალობაში. თუმცა ხანდახან ესეც გამართლებულია. შეგახსენებთ, რომ კომპანია ხშირად ვერ გამოედევნება ”მაღალ ტექნოლოგიებს” მხოლოდ იმიტომ რომ ის ”cool” გამოიყურება. მთავარია დასმული ამოცანა იქნეს მიღწეული მაქსიმალურად იაფად, ოღონდ არა ხარისხის ხარჯზე.

მაგალითად ჩემი საიტი: www.marketing.ge
სულ ორი გვერდია, მაგრამ თავის სათქმელს ჩემი აზრით მშვენივრად ამბობს. დახვეწილი საქმიანი დიზაინი და მოზომილი შინაარსი. საიტი ჩემი დამზადებულია. ცხადია მე შემეძლო აქ ბლოგი დამეყენებინა, ან გაცილებით უფრო ”cool” CMS გამომეყენებინა, მაგრამ უარი ვთქვი, ამ საიტის შემთხვევაში დღეს ჩემს მიზნებს ეს ვარიანტი აწყობდა ყველაზე ზუსტად.

მსგავსი ტიპის საიმიჯო საიტის დამზადება შეიძლება დაჯდეს 500 ლარიდან იმისდა მიხედვით თუ რამდენი გვერდია და რა დიზაინია. ცხადია ამის განახლებები არ ხდება. შენახვა წელიწადში მაქსიმუმ 200 ლარი [დომენი და ჰოსტინგი]. გასაზიარებელი შესაძლოა ბევრი არაფერი იყოს, მაგრამ სოციალურ ქსელებში დაshareების მიზნით სასურველია დაამატო სათანადო ღილაკები. ეს პრინციპში აუცილებელიცაა.


ბლოგი

დამზადება ძალიან ადვილია და ადამიანს 1 წუთზე მეტი დრო არ სჭირდება ინტერნეტში საკუთარი ბლოგის შესაქმნელად. თუმცა როცა სერიოზულობაზე გვაქვს პრეტენზია მეტი ფაქტორია გასათვალისწინებელი, არა მხოლოდ ტექნიკური მხარე.

ნორმალური დომენი, კორპორატიული დიზაინი და ფუნქციონალობა ფული ღირს, ისევე როგორც სპეციალისტის მომსახურება. ისევ და ისევ ყველაფერი დასმულ ამოცანაზეა დამოკიდებული. მინიმუმ ამ საქმისთვის 500 ლარი დაგჭირდებათ, მაქსიმუმი კი რა თქმა უნდა თქვენს მიზნებზეა დამოკიდებული.

მაგალითად ჩემი საიტი: www.sbo.ge
ეს საერთაშორისო სტუდენტური ბიზნეს ოლიმპიადის საიტია. ბლოგის ძრავია Wordpress, თუმცა მოდიფიცირებულია პროექტის მიზნებიდან გამომდინარე. დახვეწილი დიზაინი და შინაარსი. დასმულ მიზნებს აბსოლუტურად შეესაბამება. დავამზადე პირადად მე და გაახლებებსაც [სტატიების დამატებას] მე ვაკეთებ, რაც ნამდვილად მიადვილდება Wordpress-ის ფუნქციონალობას თუ გავითვალისწინებთ. რა თქმა უნდა დამატებული მაქვს სოციალურ ქსელებში გაზიარების ღილაკები და ყოველი ახალი სტატიის გაზიარებას გამოქვეყნებისთანავე [ან შერჩეულ დროებში, ეს მნიშვნელოვანია] ვახდენ Facebook და Linkedin-ში.

ბლოგს ნუ შეხედავთ როგორც მხოლოდ ონლაინ დღიურს, მისი ფუნქციონალობა გაცილებით მეტ მიზანს მიგაღწევინებთ და თან მნიშვნელოვნად იაფად თუ მოიფიქრებთ როგორ.


ფორუმი

ფორუმის ძრავის დაყენება რთული არ არის, მაგრამ სტანდარტული ფორუმის ძრავი რომ კომპანიის მიზნებს მოარგო ამისათვის ცოტა უნდა გაისარჯოთ და მცოდნე ადამიანიც დაიხმაროთ თუ საჭირო გახდა.

მთავარი გადაწყვეტილება აქ არის: რამდენად სჭირდება ფორუმი კომპანიას?
საკუთარი გამოცდილების საფუძველზე ვამბობ, რომ დღეს ფორუმის დაყენება, შემდეგ მისი გაცოცხლება და ისე ამოქმედება, რომ ინვესტირებულ თანხასა და ენერგიაზე მეტი შემოიტანოს, ნამდვილად რთული ამოცანაა.

მაგალითად ჩემი საიტი: www.conference.ge
Conference.ge 2003 წელს შევქმენი. ამ ორი თვის წინ რებრენდინგი გავუკეთე და დღეს მხოლოდ ერთ მიზანს ემსახურება - ონლაინ ბიზნეს კონსულტაციები. დაყენებული მაქვს IPB ძრავი, რომელიც ჩემი მიზნების მიხედვით მაქვს მოდიფიცირებული. დახვეწილი დიზაინი და შინაარსი სახეზეა. ის, რასაც ხედავთ, 100% შეესაბამება საიტისათვის დასმულ მიზნებს. დავამზადე პირადად მე და გაახლებებსაც თვითონ ვაკეთებ, რაც ნამდვილად მიადვილდება IPB -ის ფუნქციონალობას თუ გავითვალისწინებთ. გაზიარების ღილაკების დაყენებით ადვილად შემიძლია საიტზე დაწერილი სტატიის ”გატანა” სოციალურ ქსელებში.

აქვე ვაღიარებ: რომ არა ის კონკრეტული მიზანი, რაც გამიჩნდა და რის გამოც საიტი გადავახალისე, ნამდვილად აზრი არ ჰქონდა ჩემთვის მის გაცოცხლებაზე დროის დახარჯვას. ახალი მსგავსი ფორუმის შექმნას კი არაკეთილმოსურნეს თუ ვურჩევ მხოლოდ.

ფინანსური თვალსაზრისით დომენი+ჰოსტინგი წელიწადში 200 ლარიდან. ლიცენზირებული ძრავი რომ შეიძინოთ [იქ კიდევ ვარიანტებია] 100-150 აშშ დოლარი. ტექნიკური მოდერნიზება [პროგრამისტი რომ დროებით მაინც აიყვანოთ] შეთანხმების საგანია, ხოლოდ შემდეგ მართვა უკვე მმართველზეა. საბოლოო ვერდიქტი პირადად ჩემგან: არ ღირს წვალებად!


სოციალური ქსელი

დიახ, სოციალური ქსელის შექმნაც ადვილი საქმეა დღეს. ინტერნეტში შეგიძლიათ მოიძიოთ მზა ძრავები, დააყენოთ და აამოქმედოთ. მაგრამ სანამ ამას გააკეთებთ ჯერ კარგად დაფიქრდით, რაში შეიძლება იგი გამოიყენოთ წმინდა ბიზნეს კუთხით.

აქ ცხადია ვებმასტერის სერიოზული ჩარევა გახდება საჭირო არა მხოლოდ თავიდან, არამედ მოვლა-შენარჩუნების კუთხითაც. ხარჯები მინიმუმ ალბათ 1000 ლარიდან დაიწყება.

მაგალითად: http://www.face.ge/
აშკარაა განვიათარებას და წინსვლას ვუსურვებ, თუმცა ნამდვილად რთულია მცირე სოციალური ქსელების განვითარება დღეს ისე, რომ შემოსავალი მიიღო აქედან. ენთუზიაზმზე ჩვენ აქ არ ვსაუბრობთ, ეს სხვაა.

თუ მოიფიქრებთ და მეტად ვიწყო დანიშნულებით შექმნით სოციალურ ქსელს [მაგალითად მხოლოდ კომპანიების თანამშრომლებისათვის] მხოლოდ ალბათ ამ შემთხვევაში აქვს ამაში ენერგიის დახარჯვას აზრი. მთლიანობაში კი ალბათ არ ღირს დამოუკიდებლად ისეთი სოციალური ქსელის გაკეთება, რომლის მსგავსებიც უკვე ბევრი არსებობს. აჯობებს პოპულარულ ქსელში შექმნა დახურული ჯგუფი.


გვერდი სოციალურ ქსელში

სტატიის პირველ ნაწილში გაზი გავუსვით იმ ფაქტს, რომ კონკრეტულ სოციალურ ქსელში კომპანიის გვერდის დამზადება და განვითარების შემთხვევაში რისკი, რომ დანარჩენი ინტერნეტიდან ტრეფიკი დაიკარგოს დიდია. უმთავრესი მიზეზი ისაა, რომ სოციალურ ქსელში გაკეთებული შინაარსის მხოლოდ მიზერული ნაწილი ინდექსირდება საძიებო სისტემების მიერ [Google ვგულისხმობ პირველ რიგში].

აქ დავამატებ იმას, რომ სოციალური ქსელები ბევრია და თუ გვერდის გაკეთებას გადაწყვეტთ, ჯერ უნდა დაფიქრდეთ რომელ სოციალურ ქსელებში გააკეთოთ. Facebook და Linkedin-ში კომპანიის გვერდის გაკეთება ნამდვილად არ არის რთული, თუმცა ამ ნაბიჯს აქვს როგორც თავისი შეზღუდვები, ასევე პლიუსები.

განსაკუთრებულ პლიუსად ალბათ ჩაითვლება ის, რომ გადასახდელი ოფიციალურად არაფერია. ხარჯი მხოლოდ განსათავსებელი მასალის მოძიებაა, დრო და ის ადამიანი, ვინც ინფორმაციას გაახლებს. რაც მთავარია გვერდს მიხედვა უნდა, უნდა მოიზოდოთ მნახველები, უნდა დადოთ შინაარსი და ა.შ. თუმცა არ გეგონოთ რომ ყველაფერია უფასოა. თანხას არ იხდი ოფიციალურად თორემ გვერდის შენახვას დიდი შრომა სჭირდება, განსაკუთრებით დიდი ორგანიზაციების შემთხვევაში. მიმოვიხედოთ, არაერთი ქართული კომპანია უკვე აქტიურად ითვისებს სოციალურ ქსელს და ეს არცთუისე იაფია.

მთავარი შეზღუდვა ჩემი აზრით ისაა, რომ თითოეულ სოციალურ ქსელში სხვადასხვა გვერდი უნდა გააკეთო, რაც უკვე მრავალ ფრონტზე ბრძოლას ნიშნავს. ეს კი დამატებით ფული ჯდება.

პირადად მე ჩემი არცერთი ონლაინ პროექტის გვერდი არ მაქვს ამ მომენტისათვის გაკეთებული არცერთ სოციალურ ქსელში, თუმცა ვფიქრობ გავაკეთო თუ არა. მთავარი პრობლემა რაც მე მაბრკოლებს ისაა, რომ თითოეულ ამ გვერდს მიხედვა უნდა, დრო კი საამისოდ ცოტა მაქვს. მიუხედავ გვერდის არსებობას მირჩევნია საერთოდ არ მქონდეს.

წარმატებულ მაგალითად მინდა მოვიყვანო საკონდიტრო Diefenbach -ის გვერდი Facebook-ში: http://www.facebook....bach.sakonditro
საკონდიტროს თავისი ოფლაინ გვერდი საერთოდ არ აქვს, სამაგიეროდ ბრწყინვალედაა წარმოდგენილი Facebook-ში, ჰყავს თავისი ”აუდიტორია”, ჰქმნის პროდუქტს და Facebook-ს აქტიურად იყენებს მარკეტინგული თვალსაზრისით. ეს არის მოდელი, რომელიც შეიძლება გამოიყენოს ძალიან ბევრმა მცირე საწარმომ.


სტატიკური თუ დინამიური გვერდის ვერსია iphone, ipad თვის და ყოველი ახალი პორტატული მოწყობილობისათვის რომელიც შემოვა ბაზარზე

შესაძლოა ქართულ კომპანიებს ეს საკითხი ნაკლებად ადარდებდეთ, მაგრამ მსხვილი კომპანიებისათვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია შექმნან თავიანთი ვებ გვერდების ვერსიები იმ პორტატული მოწყობილობებიისათვის, რომლებიც მრავლად გამოდიან ბაზარზე.

ავიღოთ თუ გნებავთ iphone. 2011 წლის მხოლოდ პირველი სამი კვარტლის მონაცემებით უკვე 55 მილიონი iphone გაიყიდა მსოფლიოში. ყველა ონლაინ თავმოყვარე გრანდისთვის, როგორიცაა Forbs, Amazon და ა.შ. აუცილებელია, რომ ამ მფლობელებს მათ გვერდებზე შესვლა შეეძლოთ. ამისათვის კი ვებ საიტის სპეციალური ვერსიაა გასაკეთებელი. ეს კი დამატებით ინვესტიციას ითხოვს.



დასკვნის სახით ...

მე უფრო მომხრე ვარ ინტეგრირებული მიდგომის ...
ოქროს წესია ასეთი: ყველა კვერცხი ერთ კალათში არ უნდა ჩადო ...
ამიტომაც მე მირჩევნია არ ვიყო მხოლოდ სოციალურ ქსელში გამოკეტილი. არც ის მინდა რომ დანარჩენ ინტერნეტში ვიყო და სოციალურ ქსელებზე უარი ვთქვა. შესაბამისად ჩემი პროექტებისათვის დღეს არჩეული მაქვს მიდგომა: გავაკეთო ვებ რესურსი სოციალური ქსელის გარეთ და მოვახდინო სხვადასხვა სოციალურ ქსელებთან მაქსიმალური ინტეგრაცია. სამივე ჩემი საიტი - www.marketing.ge, www.conference.ge და www.sbo.ge ამ პრინციპით მაქვს გაკეთებული. რაღაც ეტაპზე შესაძლოა გვერდებიც დავამატო სოციალურ ქსელებში, მაგრამ ჯერ არა.

ყველა კომპანიას კი ვურჩევ: ზუსტად დასახეთ მიზნები/ამოცანები და მხოლოდ ამის შემდეგ გადაწყვიტეთ კონკრეტულად რას გააკეთებთ. თუ ამ მხრივ პროფესიონალური კონსულტაცია დაგჭირდებათ ...


შეკითხვებისა და წინადადებისათვის შეგიძლიათ დამიკავშირდეთ:

ტარიელ ზივზივაძე
მობ: 577 737 964
marnetllc@gmail.com
www.marketing.ge, www.conference.ge

____________
მასალის კოპირება არაკომერციული მიზნებით დასაშვებია მხოლოდ წყაროს მითითებით.

რედაქტორი Tariel Zivzivadze, 19 October, 2011 - 08:31.

საუკეთესო სურვილებით,

ტარიელ ზივზივაძე
contact@tarielzivzivadze.ge
http://tarielzivzivadze.ge



2 წევრი კითხულობს თემას

0 წევრი, 2 სტუმარი, 0 ანონიმური მოსარგებლე

ქართული & kar.ge
Share