ნახტომი


* * * * * 1 ხმა

facebook გვერდი: საფუძვლიანი მიმოხილვა


გამოხმაურებათა რაოდენობა: 5

#1 Tariel Zivzivadze

    L8: პროფესიონალი

  • Members
  • პიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამა
  • 11,944 გამოხმაურება
39

დაწერილია 19 November, 2011 - 12:14

*
პოპულარული

ამ სტატიაში მე შემოგთავაზებთ მსჯელობას, facebook გვერდის გაკეთების როგორც მხარდამჭერ ასევე საწინააღმდეგო არგუმენტებს. facebook-ში ჩვენი ბრენდის, კომპანიის, პროდუქტის, პროექტის და ა.შ. ბიზნეს გვერდის გაკეთება ნამდვილად მიმხიდველად გამოიყურება და მრავალი უპირატესობა შეიძლება ჰქონდეს, თუმცა არც ისე მარტივადაა საქმე - შეზღუდვებიც გასათვალისწინებელია.

ამ სტატიის დაწერის მომენტისათვის ჩემი მიმდინარე მდგომარეობა ასეთია: მაქვს სამი მოქმედი ვებსაიტი: 1) www.marketing.ge - ჩემს მიერ გაწეული მომსახურებებისათვის, 2) www.conference.ge - ონლაინ კონსულტაციებისათვის და სტატიების გამოსაქვეყნებლად, და 3) www.sbo.ge - საერთაშორისო სტუდენტური ბიზნეს ოლიმპიადის ოფიციალური საიტი. სამივეზე არის სოციალურ ქსელში გაზიარების ”ფუნქცია” დაყენებული, თუმცა არცერთისათვის რომელიმე სოციალურ ქსელში ოფიციალური მხარდამჭერი გვერდი არ მაქვს გაკეთებული და ვფიქრობ გავაკეთო თუ არა.

მე პირველ რიგში ჩემი თავისთვის გადავწყვიტე ამ საკითხის საფუძვლიანად მიმოხილვა, რათა ჩემთვის დავისაბუთო თუ რატომ უნდა გავაკეთო ან არ უნდა გავაკეთო facebook-ში [ან Linkedin-ში] ოფიციალური გვერდები და ამაზე დავხარჯო რესურსი. ექნება კი ამას აზრი ჩემს კონკრეტულ შემთხვევაში? თუ კი, რა შეიძლება იყოს ის ”აზრი” და ჩემი ხარჯების ”გამმართლებელი”? ვფიქრობ ამის წაკითხვა თქვენთვისაც სასარგებლო იქნება.


მაშ ასე ...


უზარმაზარი აუდიტორია. დღეს facebook ანგარიში 750 მილიონზე მეტ ადამიანს აქვს და მათი რაოდენობა მუდმივად იზრდება. ქართული აუდიტორია დახლოებით 600,000-მდეა. Linkedin -ის აუდიტორია 200 მილიონამდეა, Google + ი ამათ სერიოზულად ჩამორჩება ... ჯერჯერობით ...

ადამიანთა უმრავლესობას facebook-ში საკუთარი პროფილი აქვს და იქედან ახდენს კომუნიკაციას მეგობრებთან. გახსნილია არაერთი ბრენდის გვერდი, საიდანაც კომპანიები აწარმოებენ საზოგადოებასთან ურთიერთობას. არაერთია შემთხვევა, როცა საკუთარი პროფილი საკუთარი ბრენდის, კომპანიის ან საქმიანობის პოპულარიზებისათვის გამოიყენება. არ გქონდეს ამ აუდიტორიასთან შეხების წერტილი დანაშაულია საკუთარი გრძელვადიანი ბიზნეს ინტერესების წინაშე. თუ რა ფორმით ჯობია ეს შეხება და როდიდან, ეს უკვე სხვა.

ჩემი კომენტარი ...
მეც ცხადია ვაცნობიერებ ამის საჭიროებას ჩემთვის, მაგრამ დღეს მე ჩემი პირადი პროფილით ვახდენ კომუნიკაციას 650-მდე მეგობართან, რომელთაგან შემთხვევით არცერთი არ დამიმატებია. და ეს ჩემს მიზნებს ყოფნის. მარიაჟობას არ ვაპირებ ახალი გვერდის გაკეთებით. როცა conference.ge-ზე ან sbo.ge-ზე სტატიას დავდებ, ვაshareებ facebook-ში, Linkedin-ში და Google +-ში. ეს ამ ეტაპზე სრულიად საკმარისი მგონია. არ ვიცი იგივე აზრზე ვიქნები თუ არა მეგობართა რაოდენობა 4,000-ს რომ გადააჭარბებს, მაგრამ ერთ რამეს ნამდვილად ვგრძნობ უკვე: ვისურვებდი მეგობრების გაყოფას პირად და საქმიან წრეებად. არის ხალხი, რომელთანაც არ არის საჭირო ყველა ჩემი პოსტი ჩანდეს. თუმცა ეს არ არის ისეთი საჭიროება, რომ ამ ადამიანთათვის ან ცალკე ჯგუფი ან მით უმეტეს გვერდი გავაკეთო.


წესები უპირველეს ყოვლისა. facebook ”ამბობს”, რომ პროფილი არის ინდივიდებისათვის მათსავე მეგობრებთან ურთიერთობისათვის და არ შეესაბამება ბიზნეს ორგანიზაციების საჭიროებებს. ბიზნეს account და მასზე მიბმული facebook გვერდი კი არის ორგანიზაციების, ბრენდების, ცნობადი სახეების და ა.შ. საჭიროებებისათვის, მათთვის, ვისაც სხვადასხვა გვერდების გაკეთება და მართვა სურს, facebook-ში სარეკლამო კამპანიის ჩათვლით.

პირადი პროფილის ბიზნეს მიზნებით გამოყენების შემთხვევები ბევრი ყოფილა, თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ Facebook-ს არაერთხელ გაუუქმებია ასეთი ანგარიში. ანუ პირადი პროფილის ბიზნეს მიზნებით გამოყენება რისკია და თქვენ მთელი თქვენი ანგარიშით [და შიგთავსით] და ონლაინ Goodwill-ით რისკავთ.

Facebook-ს აქვს ინსტრუმენტი, რომლის მეშვეობით პირად პროფილს შეიძლება კონვერტირება გაუკეთო და ბიზნეს გვერდად აქციო, მაგრამ მისი გამოყენება პრობლემურია, კონვერტირებისას მონაცემების დაკარგვის საფრთხე დიდია და თუ კარგად არ გაქვს გააზრებული ამ ქმედების აზრი შეიძლება თავი დაიღუპოთ: უკან დასაბრუნებელი გზა კი მოჭრილია, undo ფუნქცია ამ ქმედებას არ აქვს.

ჩემი კომენტარი ...
დღეს მე ჩემს facebook პროფილს ვიყენებ და მისი მეშვეობით ვურთიერთობ მეგობრებთან, რაც სრულიად მაკმაყოფილებს.


ფანები. facebook გვერდს ჰყავს ფანები და არა მეგობრები. ფანები არიან ინდივიდები, ვინც გვერდი დააLikeეს. facebook გვერდზე არ არის ჩატი. რახან არ გყავთ მეგობრები, არ გაქვთ პირადი გზავნილების სისტემაც, რაც მიზნობრივ აუდიტორიასთან კომუნიკაციას აფერხებს. facebook გვერდიდან შეუძლებელია დამეგობრების მოთხოვნის არც გაგზავნა და არც მიღება სტანდარტული წესით. ფანებმა თავად უნდა გადადგან ნაბიჯი - დააLikeონ გვერდი.

ვიცით რომ როცა პირად პროფილში რამეს ვწერთ, ის მეგობრებთან გამოჩნდება ხოლმე. როცა მეგობარი თავის მხრივ რამეს წერს, ნაწერი ჩვენთანაც გამოჩნდება. ბიზნეს გვერდზე რასაც დაწერთ, ის გამოჩნდება მათთან, ვინც თქვენი ფანია, თუმცა ფანების პროფილების განახლებები თქვენთან არ გამოჩნდება და ამას უნდა შეეგუოთ. facebook გვერდის მფლობელს შეუძლია დარწმუნებული იყოს, რომ მის მყუდროებას არავინ ”შეაწუხებს”. მაგრამ ეს კარგია კი? ბიზნესს ხომ ინტერნეტ გვერდი [სოციალურ ქსელში კი განსაკუთრებით] პირველ რიგში აუდიტორიასთან კომუნიკაციისათვის სჭირდება? facebook გვერდის მფლობელს შეუძლია მისცეს ფანებს უფლება, რომ wall-ზე დაპოსტონ, მაგრამ ეს მაინცადამაინც რეკომენდირებული არ არის ხოლმე.

თუ პროფილის კონვერტირებას აპირებთ ბიზნეს გვერდად ეს დიდი უპირატესობაა დასაწყისში, რადგანაც ნულიდან არ იწყებთ. მეგობრები ფანებად გადაკეთდებიან და ფანების ბაზა მაშინვე გაგიჩნდებათ. თუმცა ნაბიჯი პრობლემურია. თუ ნულიდან იწყებთ facebook გვერდის აგებას, მაშინ თქვენი ერთადერთი გამოსავალი აქციები, ივენთები და სარეკლამო კამპანიაღა რჩება, რომ ფანები გაიჩინოთ და შეინარჩუნოთ.


ჩემი კომენტარი ...
ჩემი რეალობიდან გამომდინარე მირჩევნია მეგობრებთან მქონდეს დღევანდელი ნორმალური ურთიერთობა, ვიდრე ფანებთან ”შეზღუდულ/კასტრირებული”.


ბრენდი. facebook -ის გვერდი უფრო შეესაბამება ნებისმიერ ბრენდების პიარის საჭიროებებს. გვერდის გაკეთება ძალიან ადვილია და უკვე შესაძლებლობა გექნებათ კამპანია დაიწყოთ. იგი მეტად სასარგებლოა იმ შემთხვევაში, თუ ბრენდს, კომპანიას, ცნობად სახეებს სურთ აუდიტორიასთან კომუნიკაცია მათივე პირადი პროფილის გამოყენების გარეშე, სადაც რეალურად არის შეზღუდვა - 5000 მეგობრით. პროფილში 5001-ე მეგობარს ვერ დაიმატებ, სამაგიეროდ facebook გვერდზე იმდენი ფანი შეიძლება გყავდეს, რამდენსაც შეაგროვებ.

ჩემი კომენტარი ...
მესმის, მაგრამ მე მაქვს ჩემი საქმიანობებისათვის ბრენდ ვებ გვერდები, საიდანაც თავისუფლად შემიძლია ვაshareო მასალები. ახალი გვერდის საჭიროებას ვერ ვხედავ ...


აპლიკაციები. ბიზნეს გვერდზე არაერთი აპლიკაციის მიბმა და გამოყენება შეიძლება, ეს კი აუდიტორიის ჩართვის მნიშვნელოვანი ინსტრუმენტია. პროფილში მხოლოდ სტატუსი შეიძლება განაახლო, სურათი დაურთო, ვიდეო, გამოკითხვა. გარდა ფუნქციონალობისა აპლიკაციები გვერდს პროფესიონალურ იერსაც მიანიჭებენ.

ჩემი კომენტარი ...
ნამდვილად არ მჭირდება ამ ეტაპზე


კონკურენცია. როგორ ფიქრობთ, ვინ შეიძლება იყოს თქვენი ბიზნეს გვერდის მთავარი სტუმარი? მთავარი თუ არა ხშირი სტუმარი თქვენი კონკურენტი შეიძლება იყოს. თქვენს მიერ ფანების თქვენივე facebook გვერდის ირგვლის შემოკრება მათ კონკურენტისათვის ხელმისაწვდომს ხდის. და ეს თქვენ გსურთ?

დავუშვათ facebook გვერდიდან დააLikeეთ პარტნიორების გვერდები. დარწმუნებული ხართ რომ გსურთ ეს ჩანდეს ყველასთვის?

ჩემი კომენტარი ...
ესენი ისედაც სტუმრობენ ჩემს გვერდებს. თუმცა საკითხი ნამდვილად საყურადღებოა. სწორედ ამიტომაც არ დავდე marketing.ge-ზე ყოფილი და მიმდინარე პარტიორების ჩამონათვალი.


სტატისტიკა და Like ვიდჯეტები. პირადი პროფილისაგან განსხვავებით facebook გვერდის ერთ-ერთი უნიკალური ატრიბუტია სტატისტიკა, იგივე ანალიტიკოსი. თქვენი სტუმრების და მათი აქტივობების შესახებ ამომწურავი თუ არა საკმარისი მონაცემები გექნებათ, რაც გადაწყვეტილების ინფორმირებულად მიღებას გაგიადვილებთ. FBML-ის მეშვეობით [facebook-ის პროგრამული ენა] თქვენს facebook გვერდზე Google Analytics კოდიც შეიძლება ჩასვათ და დამატებითი მონიტორინგი აწარმოოთ.

აქვეა Like ვიდჯეტები, ანუ შეიძლება შეიმუშავო და საკუთარ საიტზე დასადებად შექმნა ადაპტირებული დიზაინის ვიდჯეტი. პირად პროფილში ასეთ რამეებს ვერ გააკეთებ.

ჩემი კომენტარი ...
არ არის ეს საკითხი დიდად მნიშვნელოვანი ჩემთვის. თვითონაც შემიძლია ეს ინფორმაცია მივიღო ან Like ვიდჯეტები ვაკეთო..


SEO პრიორიტეტები. ინტერნეტში deep web [ღრმა ვები] ხილულზე 40-ჯერ უფრო დიდია და ეს სხვაობა სწრაფად იზრდება. საუბარია იმ შინაარსზე, რომელიც პაროლისა და იუზერნეიმის მიღმა იმალება და საძიებო სისტემებისადმი ხელმისაწვდომი არ არის. პროფილში არსებული შინაარსი საძიებო სისტემების მიერ არ ინდექსირდება, შესაბამისად მოძიების დროს არ იძებნება. facebook გვერდი კი ღიაა, იგი იუზერნეიმისა და პაროლის მიღმა არ არის, ამიტომაც საძიებო სისტემებისათვის ”გახსნილია”.

ეს იმას ნიშნავს, რომ რასაც სოციალურ ქსელში დადებთ, თქვენივე ინტერესია, რომ facebook გვერდზე დაიდოს და არა პირად პროფილში. იგი მოძებნადი იქნება და თქვენს SEO მიზნებსაც ასარგებლებს.

გარდა ამისა Like-ს ფუნქცია უფრო მეტი აქვს ვიდრე მხოლოდ მოწონება. SEO თვალსაზრისით იგი უკვე შემომავალი ბმულის ფუნქციას ასრულებს. რაც მეტია Like, მით უკეთესია ეს საძიებო სისტემებში facebook გვერდის რეიტინგისათვის. საძიებო სისტემებში გვერდების რეიტინგის უახლესი მოთხოვნებში უკვე გვერდისკენ Like-ების რაოდენობა SEO თვალსაზრისით ერთ-ერთ უმაღლეს პრიორიტეტად განიხილება Google+ ის +1 ფუნქციასთან ერთად.

უპირატესობაა ასევე ის, რომ facebook გვერდზე ბმულების ჩასმაც შეიძლება. კი მართალია ღუზა ტექსტის მხარდაჭერა არ არის, მაგრამ ბმულის ჩასმა ხომ უკვე საქმეა? ბმულები კი შეიძლება სხვა გვერდებთან გაცვალო და ამით SEO მიზნები ასარგებლო.

ჩემი კომენტარი ...
ეს მნიშვნელოვანია, მაგრამ რატომღაც ვგრძნობ რომ ამის გამო გვერდების გაკეთება გაუმართლებელია


URL ადამიანურია. URL-ში თქვენი ბრენდიც შეიძლება დააფიქსიროთ. ეს კიდევ ერთი პლიუსია SEO თვალსაზრისით, რომ ადგილად მოძებნადი იყოთ. მხოლოდ ისაა საჭირო, რომ 100 ფანი მაინც გყავდეთ. თან პროფილი ავტოზებული უნდა იყოს მობილური ტელეფონის ნომრით. მხოლოდ ამის შემდეგ შეიძლება ე.წ. vanity URL დაყენება. აქ კარგადაა შესარჩევი თუ რა სიტყვას [ან სიტყვათა კომბინაციას] შეარჩევთ URL-ში, იმიტომ რომ ერთხელ რომ დააყენებთ, მერე უკვე ვეღარ შეცვლით.

ჩემი კომენტარი ...
ეს მნიშვნელოვანია, და თუ დამჭირდება გვერდის გაკეთება, ვიცი რა უნდა გავაკეთო.


Privacy. პირადი ინფორმაციის ხელშეუხებლობა და უსაფრთხოება მეტად მწვავე თემაა სოციალური ქსელებისათვის. თავად facebook-იც არაერთხელ დაუდანაშაულებიათ იმაში, რომ ”გაუხსნია” რეგისტრირებულთა პირადი ინფორმაცია.

აქ მთავარი წესი შემდეგია: არ განათავსოთ facebook-ში და ზოგადად ინტერენტში ისეთი რამ, რაც პირადია და საიდუმლოდ უნდა გექნეთ. უნდა გესმოდეთ, რომ თანამედროვე ტექნოლოგიები ”წამალივითაა”: საჭირო ოდენობით აუცილებელი, დიდი ოდენობით მავნებელი, არასწორი გამოყენებისას კი დამღუპველი. გიფიქრიათ, რომ თქვენს ტელეფონში ჰაკერული შეღწევა თავისუფლად შესაძლებელია? ან იცით, რომ ჰაკერული შეღწევით თქვენ შეიძლება თქვენივე ვებ კამერიდან გაკვირდებოდნენ?

ჩემი კომენტარი ...
მე წესებს ვიცავ! ”მგრძნობიარეს” ინტერნეტში არაფერს ვდებ და ფრთხილადაც ვარ :)


კონტროლი. facebook გვერდი თქვენია და თქვენ განსაზღვრავთ მრავალ ფაქტორს. ეს მნიშვნელოვანი უპირატესობაა პროფილთან შედარებით. facebook გვერდის დიზაინი, აპლიკაციები, შინაარსი - ყველაფერს თქვენ აკონტროლებთ. თუმცაღა ეს კონტროლი დიზაინის კუთხით შეზღუდულია, პრაქტიკულად ჩარჩოში ხარ მოქცეული.

ჩემი კომენტარი ...
არ მიყვარს ჩარჩოები!


გაკეთების სიადვილე. facebook გვერდის გაკეთება უადვილესია, თან ფულს არ იხდი. თუმცა ყოველი სიტუაცია უნიკალურია და სათანადო - ადაპტირებულ მიდგომას მოითხოვთ. დასაწყისისათვის ისიც კმარა, რომ ლოგო და მცირე ტექსტი დადოთ და ფანების შეკრება დაიწყოთ. უფრო ამბიციური გეგმების შემთხვევაში შესაბამისადაც უნდა მოინდომოთ, მაგალითად დაიწყოთ სარეკლამო კამპანია, აქციების, გათამაშებებისა და ა.შ. ჩატარება.

ჩემი კომენტარი ...
ადვილი არ ნიშნავს, რომ უცებვე უნდა ვეცე


გვერდის გაუქმება ადვილია. იმ შემთხვევაში თუ გაუქმებას გადაწყვეტთ, facebook გვერდის გაუქმება ნამდვილად ადვილია. აი პროფილის გაუქმება თითქმის შეუძლებელია. შესაძლებელი მხოლოდ დეაქტივაციაა.


News Feeds. უნიკალური საშუალებაა თქვენი საიტის RSS არხი მიაბათ თქვენს facebook გვერდს და საიტზე განახლებები აქაც გამოჩნდება. ან კიდევ თქვენს საიტზე შეიძლება შეკრიბოთ თემატური RSS არხები და აუდიტორიას მრავალი საინტერესო ინფორმაცია მიაწოდოთ.

ჩემი კომენტარი ...
ამით ვისარგებლებდი! მომწონს ”სისტემა”


მონეტიზაცია. დაივიწყეთ! facebook თქვენ არ მოგცემთ იმის უფლებას, რომ მის საიტზე თქვენ ბანერები დადოთ და ფული გააკეთოთ.

ჩემი კომენტარი ...
ეს ჩიტი ბრდღვნად არ ღირს!


თუ თქვენ დარწმუნდით, რომ facebook გვერდი აუცილებლად გჭირდებათ პირველ ნაბიჯი თვითონაც მარტივად შეგიძლიათ გადადგათ. თუ ცოტა მეტი გსურთ, ინებეთ - www.coolmojito.com - ინსტრუმენტი, რომელიც გვერდის გაკეთებაში დაგეხმარებათ. თუ მხარდაჭერა გჭირდებათ, დამიკავშირდით.


მე კი ...
მეკი ჩემი საიტებისათვის/საქმიანობისათვის facebook გვერდის გაკეთებისგან ჯერ კიდევ თავს შევიკავებ ...



____________
მივესალმები მკითხველის გამოხმაურებას და შეკითხვებს.
____________
მასალის კოპირება არაკომერციული მიზნებით დასაშვებია მხოლოდ წყაროს მითითებით.
საუკეთესო სურვილებით,

ტარიელ ზივზივაძე
contact@tarielzivzivadze.ge
http://tarielzivzivadze.ge

#2 Nina Jinjolava

    L3: კომპეტენტური

  • Member
  • პიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამა
  • 720 გამოხმაურება
5

დაწერილია 29 November, 2011 - 23:19

ტარიელ, უნდა ავღნიშნო, რომ საინტერესო თემა წამოიწყე, თუმცა არის, რაღაც-რაღაცეები რაშიც ვერ დაგეთანხმები, მცირე დეტალები მხოლოდ.
უპირველეს ყოვლისა, ფეისბუქში ქართველთა რაოდენობა, ამ ბოლო დროს სულ უფრო და უფრო მეპარება ეჭვი, რომ არათუ 600 000, ნახევარი მილიონიც იყოს. ამ ბოლო დროს უფრო ხშირად ვაწყდები, ე.წ. fake account- ანუ როდესაც ერთ ადამიანს, ორი და სამი პროფილი აქვს, იმისთვის, რომ ითამაშოს და სხვადასხვა აქციებში ჩაერთოს, ლაიქ კონკურსებში ლაიქები გააყალბოს და სხვა. გარდა ამისა, მიუხედავად იმისა, რომ მარკს აუცილებლად მიაჩნია მინიმუმ 13 წლის მაინც იყოსფბ მომხმარებელი, მრავლად შეგხვდება ნაადრევად გაზრდილ-დაბერებული ბავშვები, რომელთა რეალური ასაკი 6-7 და ცოტას მეტია ან პატარა და ეს გამოდის, რომ ბავშვის ანგარიშით კვლავაც მშობლეთან გაქვს ურთიერთობა, რომელსაც მისივე პირადი პროფლითაც ეკონტაქტები.
ბოლო დროს , დაახლოებით 1-2 თვის წინ ფეისბუქმა, სტატუსები დააფდეითა, ანუ შეგიძლია საკუთარი სტატუსი გამიჯნო და მეგობრებს სხვა ინფორმაციით მიმართო, პარტნიორებს სხვა და ”მეზობლებს” კიდევ სხვა, ისე რომ სამივე ჯგუფი, მხოლოდ მათთვის განკუთვნილ ინფორმაციას ხედავდეს. ამისთვის კი სტატუსს publicity უნდა მოუნიშნო და თან მეგობრები უნდა გყავდეს დაჯგუფებული სასურველ ჯგუფებად, ნათესავებად, ოჯახის წევრებად, თუ როგორც გინდა. ამის შესაძლებლობა კარგა ხანია რაც აქვს და ეს გეცოდინება. ანუ ინფორმაციის კონფიდენციალურობას შეინახავ.
გვერდის ყველა ფანი როდი ხედავს იმ ინფორმაციას, რომელსაც გვერდზე დებ, არამედ მხოლოდ ისინი, ვინც კონკრეტული მომენტისთვის ჩართულები არიან, ერთხელ ან ორჯერ მაინც დაუკომენტარებიათ, დაულაიქებიათ, რამე აქტიურობა გამოუხატავთ ბოლო 2-3- თვის მანძილზე მაინც. შესაბამისად არა აქტიურები წევრები, ე.წ. ,კვდარ სულებად გადაიქცევიან დროთა განმავლობაში და ჩათვალე, რომ მათთან ინფორმაციას ვერ მიიტან. გარდა ამისა, აქტიურ მომხმარებელთან, რომელიც გვერდიდან გადმოაშეარებს ინფორმაციას, ან დაალაიქებს, ან დააკომენტარებს, ის ინფორმაცია მის მეგობრებში ვრცელდება, ასე რომ გვერდზე დადებულ ინფორმაციას საკმაოდ კარგი შესაძლებლობა აქვს გავირუსდეს.ხ შირად ჩემი მეგობრების მიხედვით აღმომიცენია ესა თუ ის გვერდი. თანაც ამას ფეისბუქი ცემი ინტერესების გათვალისწინებით აკეთებს, რა თემებიც მიზიდავს, ის თემები უფრო აქტუალურია ჩემს ვოლზე, ასე ვთქვათ.
კომუნიკაცია მომხმარებელთან არის პრობლემური საკითხი, კერძოდ ის რომ წერილს გვერდის სახელით ვერ მიწერ, სამაგიეროდ, გვერდს შეგიძლია მიუთითო მფლობელი, ანუ დააფიქსირო, რომ მფლობელი შენ ხარ და ის ვინც დაინტერესებულია, შეუძლია მესიჯი, წერილი გამოგიგზავნოს. რაც შეეხება პირუკუ ურთიერთობას, ჯერ ერთი ფბ-მ საშუალება მოგვცა, გვერდზე კომენტარში მოვნიშნოთ ის ადამიანი ვინგ ფანია და პირადად მივმართოთ, @tariel ZიvZivadze ადრე ამისთვის ამ ადამიანის დამეგობრება დაგჭირდებოდა :) , ახლა კი გვერდიდანვე კომენტარში შეგიძლია მიმართო, ან უკვე როდესაც მან იცის, რომ გვერდის მფლობელი ხარ, პირდაპირ შენივე სახელით გაუგზავნო წერილი.
რაც შეეხება ჩემს მოსაზრებას, უნდა თუ არა კონფერენციას გვერდი ფბ-ში, ვფიქრობ, რომ ზედმეტია, შეარის ღილაკიც საკმარისია, უბრალოდ უფრო ხშირად რომ შეარდებოდეს პოსტები, უკეთესი იქნებოდა, რადგან ჩემთვის პირადად ფეისბუქი ინფორმაციის მოპოვების წყაროც არსი, ასე ვტქვათ რეფერერი. აქაც ხშირად ალბათ იმიტომ არ შემოვდივარ, რომ პერიოდულად მავიწყდება და აი, რომ ფბ-ში ხშირად მახსენებდეს თავს, უფრო ხშირად შემოვიდოდი, ანუ ფბ შეიძლება ინტრიგის შესაქმნელად გამოიყენო.
linked in - ძალიან მიყვარს ეს ქსელი, და ძლიან გული მწყდება რომს აქართველოში არ ვიყენებთ, რეალურად ეს საკმაოდ კარგი რესურსია სანიმუშო კონტაქტებისთვის და ბიზნეს ინფორმაციის გაცვლისთვის. სხვადაშორის მსგავსი პროექტი ქართულიც არსებობს career.ge მაგრამ მე ვთლი რომ საკმაოდ დასახვეწია. linked in ამუშავება კი ვფიქრობ ძალიან კაარგი იქნება, ანუ მასიურად რომ გამოიყენონ ქართულმა კომპანიებმა.

#3 gaga303030

    Newbie

  • Member
  • პიქტოგრამა
  • 1 გამოხმაურება
0

დაწერილია 16 March, 2012 - 15:33

მოგესალმებით ყველას,ერთი შეკითხვა მაქვს facebook-ზე გამოჩნდა ახალი კომპანია LaserMark რომელიც ლაზერულ გრავირებას სთავაზობს მომხმარებელს,ანუ ქართული ასოების განთავსებას კლავიატურაზე.გაქვთ თუ არა რომელიმეს გაკეთებული?

Web: www.lasermark.ge ეს არის მაგათი ვებ გვერდი



#4 Leila Chantladze

    Newbie

  • Member
  • პიქტოგრამა
  • 18 გამოხმაურება
4

დაწერილია 13 September, 2013 - 22:26

*
პოპულარული

დღევანდელი მონაცემებით, ბევრი გვერდია ფეისბუქში, მათ შორის მრავლად არის ისეთი გვერდები, რომელიც გაუაზრებლად შექმნეს ავტორებმა. ამიტომაც, ვფიქრობ, ძალიან ბევრ ადამიანს დაეხმარება ტარიელისეული მიმოხილვა FB გვერდის შესახებ.ყველაფერს აქვს განვითარების განსაზღვრული პერიოდი. არ ვფიქრობ რომ FB მალე "გადავა მოდიდან", მაგრამ საზოგადოებაში შეიმჩნევა შემდეგნაირი ტენდენცია:
მიუხედავად იმისა, თუ რა აქტიური მომხმარებლები ვართ საქართველოში FB-ს, მომხმარებელი ნდობას დამოუკიდებელი ვებ-გვერდის მქონე კომპანიას უფრო უცხადებს, ვიდრე FB გვერდის მქონეს. იმ შემთხვევაში თუ ორივე აქვს კომპანიას (ჯერ კიდევ უცნობ კომპანიაზე ვსაუბრობ), მაშინ მომხმარებელი ჯერ ვებ-გვერდს აქცევს ყურადღებას და შემდეგ FB გვერდს. დანამდვილებით ვერ გეტყვით ამ უკანასკნელის მიზეზი რა უნდა იყოს, მაგრამ, შესაძლოა ვებ-გვერდების მარტივი დიზაინით (და არა ფოტოების კორიანტელით, მსგავსად FB-სა) - "Home, About, .... Contact"-ის საშუალებით კონრეტულ ინფორმაციას უფრო მარტივად პოულობენ.
შემინდეთ და მაპატიეთ!

#5 Tariel Zivzivadze

    L8: პროფესიონალი

  • Members
  • პიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამაპიქტოგრამა
  • 11,944 გამოხმაურება
39

დაწერილია 13 September, 2013 - 22:54

გამარჯობა ლეილა :)
თითქმის 2 წლის წინ დაწერილი სტატიაა და დღესაც იგივენაირად აქტუალურია ...
შეიცვალა მხოლოდ ერთი: გაცილებით ბევრი ადამიანია FB-ში და ამ სისტემაში მარკეტინგი ხშირ შემთხვევაში გაცილებით უკეთ მუშაობს ვიდრე jobs.ge-ზე
საუკეთესო სურვილებით,

ტარიელ ზივზივაძე
contact@tarielzivzivadze.ge
http://tarielzivzivadze.ge

#6 BLH

    Newbie

  • Member
  • პიქტოგრამა
  • 2 გამოხმაურება
0

დაწერილია 13 July, 2017 - 23:09

როგორია Facebook-ის როლი ქართულ ბიზნესში?

საქართველოს რეალობაში, Facebook-ს ბიზნესის წარმატებაში უმნიშვნელოვანესი ადგილი უკავია. მომხმარებელთა ძალიან დიდი ნაწილი. პროდუქტისა თუ მომსახურების შეძენამდე ხშირად ათვალიერებს კომპანიის ფეისბუქ თუ ინსტაგრამ გვერდებს!

ამის გათვალისწინებით, თუკი მომგენიანი ბიზნესის შექმნა და მომხმარებლის მოზიდვა გსურთ აუცილებელია ფეისბუქის ათვისება და მისი ეფექტურად გამოყენება!

რა არის ამისთვის საჭირო?

სწორად დაგეგმილი მარკეტინგული სტრატეგიების წყალობით ნებისმიერ კომპანიას მწვერვალების დაპყრობა შეუძლია!

საქართველოში არსებული ბიზნესების უმრავლესობა შემოიფარგლება ფეისბუქ გვერდის მართვა / რეკლამირებით, ისე რომ სხვა საკითხებს არ აქცევენ ყურადღებას, რაც არასწორია.

პირველი რისი გაკეთებაც ამ მიმართულებით იქნება უპრიანი, ეს არის თანამედროვე და ფუნქციური საიტის დამზადება! ის აუცილებლად ამომწურავ ინფორმაციას უნდა იძლეოდეს თქვენი პროდუქტისა თუ მომსახურების შესახებ!

აღსანიშნავია, რომ ვებ-საიტის გარდა თანამედროვე პირობებში, სულ უფრო პოპულარული ხდება მობილური აპლიკაციის დამზადება! თუ გეგმავთ თქვენი ბიზნესი კიდევ უფრო წარმატებული და შემოსავლიანი გახდეს, მობილური აპლიკაცია ამაში ნამდვილად დაგეხმარებათ.



1 წევრი კითხულობს თემას

0 წევრი, 1 სტუმარი, 0 ანონიმური მოსარგებლე

ქართული & kar.ge
Share