ამ სტატიის დაწერის მომენტისათვის ჩემი მიმდინარე მდგომარეობა ასეთია: მაქვს სამი მოქმედი ვებსაიტი: 1) www.marketing.ge - ჩემს მიერ გაწეული მომსახურებებისათვის, 2) www.conference.ge - ონლაინ კონსულტაციებისათვის და სტატიების გამოსაქვეყნებლად, და 3) www.sbo.ge - საერთაშორისო სტუდენტური ბიზნეს ოლიმპიადის ოფიციალური საიტი. სამივეზე არის სოციალურ ქსელში გაზიარების ”ფუნქცია” დაყენებული, თუმცა არცერთისათვის რომელიმე სოციალურ ქსელში ოფიციალური მხარდამჭერი გვერდი არ მაქვს გაკეთებული და ვფიქრობ გავაკეთო თუ არა.
მე პირველ რიგში ჩემი თავისთვის გადავწყვიტე ამ საკითხის საფუძვლიანად მიმოხილვა, რათა ჩემთვის დავისაბუთო თუ რატომ უნდა გავაკეთო ან არ უნდა გავაკეთო facebook-ში [ან Linkedin-ში] ოფიციალური გვერდები და ამაზე დავხარჯო რესურსი. ექნება კი ამას აზრი ჩემს კონკრეტულ შემთხვევაში? თუ კი, რა შეიძლება იყოს ის ”აზრი” და ჩემი ხარჯების ”გამმართლებელი”? ვფიქრობ ამის წაკითხვა თქვენთვისაც სასარგებლო იქნება.
მაშ ასე ...
უზარმაზარი აუდიტორია. დღეს facebook ანგარიში 750 მილიონზე მეტ ადამიანს აქვს და მათი რაოდენობა მუდმივად იზრდება. ქართული აუდიტორია დახლოებით 600,000-მდეა. Linkedin -ის აუდიტორია 200 მილიონამდეა, Google + ი ამათ სერიოზულად ჩამორჩება ... ჯერჯერობით ...
ადამიანთა უმრავლესობას facebook-ში საკუთარი პროფილი აქვს და იქედან ახდენს კომუნიკაციას მეგობრებთან. გახსნილია არაერთი ბრენდის გვერდი, საიდანაც კომპანიები აწარმოებენ საზოგადოებასთან ურთიერთობას. არაერთია შემთხვევა, როცა საკუთარი პროფილი საკუთარი ბრენდის, კომპანიის ან საქმიანობის პოპულარიზებისათვის გამოიყენება. არ გქონდეს ამ აუდიტორიასთან შეხების წერტილი დანაშაულია საკუთარი გრძელვადიანი ბიზნეს ინტერესების წინაშე. თუ რა ფორმით ჯობია ეს შეხება და როდიდან, ეს უკვე სხვა.
ჩემი კომენტარი ...
მეც ცხადია ვაცნობიერებ ამის საჭიროებას ჩემთვის, მაგრამ დღეს მე ჩემი პირადი პროფილით ვახდენ კომუნიკაციას 650-მდე მეგობართან, რომელთაგან შემთხვევით არცერთი არ დამიმატებია. და ეს ჩემს მიზნებს ყოფნის. მარიაჟობას არ ვაპირებ ახალი გვერდის გაკეთებით. როცა conference.ge-ზე ან sbo.ge-ზე სტატიას დავდებ, ვაshareებ facebook-ში, Linkedin-ში და Google +-ში. ეს ამ ეტაპზე სრულიად საკმარისი მგონია. არ ვიცი იგივე აზრზე ვიქნები თუ არა მეგობართა რაოდენობა 4,000-ს რომ გადააჭარბებს, მაგრამ ერთ რამეს ნამდვილად ვგრძნობ უკვე: ვისურვებდი მეგობრების გაყოფას პირად და საქმიან წრეებად. არის ხალხი, რომელთანაც არ არის საჭირო ყველა ჩემი პოსტი ჩანდეს. თუმცა ეს არ არის ისეთი საჭიროება, რომ ამ ადამიანთათვის ან ცალკე ჯგუფი ან მით უმეტეს გვერდი გავაკეთო.
წესები უპირველეს ყოვლისა. facebook ”ამბობს”, რომ პროფილი არის ინდივიდებისათვის მათსავე მეგობრებთან ურთიერთობისათვის და არ შეესაბამება ბიზნეს ორგანიზაციების საჭიროებებს. ბიზნეს account და მასზე მიბმული facebook გვერდი კი არის ორგანიზაციების, ბრენდების, ცნობადი სახეების და ა.შ. საჭიროებებისათვის, მათთვის, ვისაც სხვადასხვა გვერდების გაკეთება და მართვა სურს, facebook-ში სარეკლამო კამპანიის ჩათვლით.
პირადი პროფილის ბიზნეს მიზნებით გამოყენების შემთხვევები ბევრი ყოფილა, თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ Facebook-ს არაერთხელ გაუუქმებია ასეთი ანგარიში. ანუ პირადი პროფილის ბიზნეს მიზნებით გამოყენება რისკია და თქვენ მთელი თქვენი ანგარიშით [და შიგთავსით] და ონლაინ Goodwill-ით რისკავთ.
Facebook-ს აქვს ინსტრუმენტი, რომლის მეშვეობით პირად პროფილს შეიძლება კონვერტირება გაუკეთო და ბიზნეს გვერდად აქციო, მაგრამ მისი გამოყენება პრობლემურია, კონვერტირებისას მონაცემების დაკარგვის საფრთხე დიდია და თუ კარგად არ გაქვს გააზრებული ამ ქმედების აზრი შეიძლება თავი დაიღუპოთ: უკან დასაბრუნებელი გზა კი მოჭრილია, undo ფუნქცია ამ ქმედებას არ აქვს.
ჩემი კომენტარი ...
დღეს მე ჩემს facebook პროფილს ვიყენებ და მისი მეშვეობით ვურთიერთობ მეგობრებთან, რაც სრულიად მაკმაყოფილებს.
ფანები. facebook გვერდს ჰყავს ფანები და არა მეგობრები. ფანები არიან ინდივიდები, ვინც გვერდი დააLikeეს. facebook გვერდზე არ არის ჩატი. რახან არ გყავთ მეგობრები, არ გაქვთ პირადი გზავნილების სისტემაც, რაც მიზნობრივ აუდიტორიასთან კომუნიკაციას აფერხებს. facebook გვერდიდან შეუძლებელია დამეგობრების მოთხოვნის არც გაგზავნა და არც მიღება სტანდარტული წესით. ფანებმა თავად უნდა გადადგან ნაბიჯი - დააLikeონ გვერდი.
ვიცით რომ როცა პირად პროფილში რამეს ვწერთ, ის მეგობრებთან გამოჩნდება ხოლმე. როცა მეგობარი თავის მხრივ რამეს წერს, ნაწერი ჩვენთანაც გამოჩნდება. ბიზნეს გვერდზე რასაც დაწერთ, ის გამოჩნდება მათთან, ვინც თქვენი ფანია, თუმცა ფანების პროფილების განახლებები თქვენთან არ გამოჩნდება და ამას უნდა შეეგუოთ. facebook გვერდის მფლობელს შეუძლია დარწმუნებული იყოს, რომ მის მყუდროებას არავინ ”შეაწუხებს”. მაგრამ ეს კარგია კი? ბიზნესს ხომ ინტერნეტ გვერდი [სოციალურ ქსელში კი განსაკუთრებით] პირველ რიგში აუდიტორიასთან კომუნიკაციისათვის სჭირდება? facebook გვერდის მფლობელს შეუძლია მისცეს ფანებს უფლება, რომ wall-ზე დაპოსტონ, მაგრამ ეს მაინცადამაინც რეკომენდირებული არ არის ხოლმე.
თუ პროფილის კონვერტირებას აპირებთ ბიზნეს გვერდად ეს დიდი უპირატესობაა დასაწყისში, რადგანაც ნულიდან არ იწყებთ. მეგობრები ფანებად გადაკეთდებიან და ფანების ბაზა მაშინვე გაგიჩნდებათ. თუმცა ნაბიჯი პრობლემურია. თუ ნულიდან იწყებთ facebook გვერდის აგებას, მაშინ თქვენი ერთადერთი გამოსავალი აქციები, ივენთები და სარეკლამო კამპანიაღა რჩება, რომ ფანები გაიჩინოთ და შეინარჩუნოთ.
ჩემი კომენტარი ...
ჩემი რეალობიდან გამომდინარე მირჩევნია მეგობრებთან მქონდეს დღევანდელი ნორმალური ურთიერთობა, ვიდრე ფანებთან ”შეზღუდულ/კასტრირებული”.
ბრენდი. facebook -ის გვერდი უფრო შეესაბამება ნებისმიერ ბრენდების პიარის საჭიროებებს. გვერდის გაკეთება ძალიან ადვილია და უკვე შესაძლებლობა გექნებათ კამპანია დაიწყოთ. იგი მეტად სასარგებლოა იმ შემთხვევაში, თუ ბრენდს, კომპანიას, ცნობად სახეებს სურთ აუდიტორიასთან კომუნიკაცია მათივე პირადი პროფილის გამოყენების გარეშე, სადაც რეალურად არის შეზღუდვა - 5000 მეგობრით. პროფილში 5001-ე მეგობარს ვერ დაიმატებ, სამაგიეროდ facebook გვერდზე იმდენი ფანი შეიძლება გყავდეს, რამდენსაც შეაგროვებ.
ჩემი კომენტარი ...
მესმის, მაგრამ მე მაქვს ჩემი საქმიანობებისათვის ბრენდ ვებ გვერდები, საიდანაც თავისუფლად შემიძლია ვაshareო მასალები. ახალი გვერდის საჭიროებას ვერ ვხედავ ...
აპლიკაციები. ბიზნეს გვერდზე არაერთი აპლიკაციის მიბმა და გამოყენება შეიძლება, ეს კი აუდიტორიის ჩართვის მნიშვნელოვანი ინსტრუმენტია. პროფილში მხოლოდ სტატუსი შეიძლება განაახლო, სურათი დაურთო, ვიდეო, გამოკითხვა. გარდა ფუნქციონალობისა აპლიკაციები გვერდს პროფესიონალურ იერსაც მიანიჭებენ.
ჩემი კომენტარი ...
ნამდვილად არ მჭირდება ამ ეტაპზე
კონკურენცია. როგორ ფიქრობთ, ვინ შეიძლება იყოს თქვენი ბიზნეს გვერდის მთავარი სტუმარი? მთავარი თუ არა ხშირი სტუმარი თქვენი კონკურენტი შეიძლება იყოს. თქვენს მიერ ფანების თქვენივე facebook გვერდის ირგვლის შემოკრება მათ კონკურენტისათვის ხელმისაწვდომს ხდის. და ეს თქვენ გსურთ?
დავუშვათ facebook გვერდიდან დააLikeეთ პარტნიორების გვერდები. დარწმუნებული ხართ რომ გსურთ ეს ჩანდეს ყველასთვის?
ჩემი კომენტარი ...
ესენი ისედაც სტუმრობენ ჩემს გვერდებს. თუმცა საკითხი ნამდვილად საყურადღებოა. სწორედ ამიტომაც არ დავდე marketing.ge-ზე ყოფილი და მიმდინარე პარტიორების ჩამონათვალი.
სტატისტიკა და Like ვიდჯეტები. პირადი პროფილისაგან განსხვავებით facebook გვერდის ერთ-ერთი უნიკალური ატრიბუტია სტატისტიკა, იგივე ანალიტიკოსი. თქვენი სტუმრების და მათი აქტივობების შესახებ ამომწურავი თუ არა საკმარისი მონაცემები გექნებათ, რაც გადაწყვეტილების ინფორმირებულად მიღებას გაგიადვილებთ. FBML-ის მეშვეობით [facebook-ის პროგრამული ენა] თქვენს facebook გვერდზე Google Analytics კოდიც შეიძლება ჩასვათ და დამატებითი მონიტორინგი აწარმოოთ.
აქვეა Like ვიდჯეტები, ანუ შეიძლება შეიმუშავო და საკუთარ საიტზე დასადებად შექმნა ადაპტირებული დიზაინის ვიდჯეტი. პირად პროფილში ასეთ რამეებს ვერ გააკეთებ.
ჩემი კომენტარი ...
არ არის ეს საკითხი დიდად მნიშვნელოვანი ჩემთვის. თვითონაც შემიძლია ეს ინფორმაცია მივიღო ან Like ვიდჯეტები ვაკეთო..
SEO პრიორიტეტები. ინტერნეტში deep web [ღრმა ვები] ხილულზე 40-ჯერ უფრო დიდია და ეს სხვაობა სწრაფად იზრდება. საუბარია იმ შინაარსზე, რომელიც პაროლისა და იუზერნეიმის მიღმა იმალება და საძიებო სისტემებისადმი ხელმისაწვდომი არ არის. პროფილში არსებული შინაარსი საძიებო სისტემების მიერ არ ინდექსირდება, შესაბამისად მოძიების დროს არ იძებნება. facebook გვერდი კი ღიაა, იგი იუზერნეიმისა და პაროლის მიღმა არ არის, ამიტომაც საძიებო სისტემებისათვის ”გახსნილია”.
ეს იმას ნიშნავს, რომ რასაც სოციალურ ქსელში დადებთ, თქვენივე ინტერესია, რომ facebook გვერდზე დაიდოს და არა პირად პროფილში. იგი მოძებნადი იქნება და თქვენს SEO მიზნებსაც ასარგებლებს.
გარდა ამისა Like-ს ფუნქცია უფრო მეტი აქვს ვიდრე მხოლოდ მოწონება. SEO თვალსაზრისით იგი უკვე შემომავალი ბმულის ფუნქციას ასრულებს. რაც მეტია Like, მით უკეთესია ეს საძიებო სისტემებში facebook გვერდის რეიტინგისათვის. საძიებო სისტემებში გვერდების რეიტინგის უახლესი მოთხოვნებში უკვე გვერდისკენ Like-ების რაოდენობა SEO თვალსაზრისით ერთ-ერთ უმაღლეს პრიორიტეტად განიხილება Google+ ის +1 ფუნქციასთან ერთად.
უპირატესობაა ასევე ის, რომ facebook გვერდზე ბმულების ჩასმაც შეიძლება. კი მართალია ღუზა ტექსტის მხარდაჭერა არ არის, მაგრამ ბმულის ჩასმა ხომ უკვე საქმეა? ბმულები კი შეიძლება სხვა გვერდებთან გაცვალო და ამით SEO მიზნები ასარგებლო.
ჩემი კომენტარი ...
ეს მნიშვნელოვანია, მაგრამ რატომღაც ვგრძნობ რომ ამის გამო გვერდების გაკეთება გაუმართლებელია
URL ადამიანურია. URL-ში თქვენი ბრენდიც შეიძლება დააფიქსიროთ. ეს კიდევ ერთი პლიუსია SEO თვალსაზრისით, რომ ადგილად მოძებნადი იყოთ. მხოლოდ ისაა საჭირო, რომ 100 ფანი მაინც გყავდეთ. თან პროფილი ავტოზებული უნდა იყოს მობილური ტელეფონის ნომრით. მხოლოდ ამის შემდეგ შეიძლება ე.წ. vanity URL დაყენება. აქ კარგადაა შესარჩევი თუ რა სიტყვას [ან სიტყვათა კომბინაციას] შეარჩევთ URL-ში, იმიტომ რომ ერთხელ რომ დააყენებთ, მერე უკვე ვეღარ შეცვლით.
ჩემი კომენტარი ...
ეს მნიშვნელოვანია, და თუ დამჭირდება გვერდის გაკეთება, ვიცი რა უნდა გავაკეთო.
Privacy. პირადი ინფორმაციის ხელშეუხებლობა და უსაფრთხოება მეტად მწვავე თემაა სოციალური ქსელებისათვის. თავად facebook-იც არაერთხელ დაუდანაშაულებიათ იმაში, რომ ”გაუხსნია” რეგისტრირებულთა პირადი ინფორმაცია.
აქ მთავარი წესი შემდეგია: არ განათავსოთ facebook-ში და ზოგადად ინტერენტში ისეთი რამ, რაც პირადია და საიდუმლოდ უნდა გექნეთ. უნდა გესმოდეთ, რომ თანამედროვე ტექნოლოგიები ”წამალივითაა”: საჭირო ოდენობით აუცილებელი, დიდი ოდენობით მავნებელი, არასწორი გამოყენებისას კი დამღუპველი. გიფიქრიათ, რომ თქვენს ტელეფონში ჰაკერული შეღწევა თავისუფლად შესაძლებელია? ან იცით, რომ ჰაკერული შეღწევით თქვენ შეიძლება თქვენივე ვებ კამერიდან გაკვირდებოდნენ?
ჩემი კომენტარი ...
მე წესებს ვიცავ! ”მგრძნობიარეს” ინტერნეტში არაფერს ვდებ და ფრთხილადაც ვარ
კონტროლი. facebook გვერდი თქვენია და თქვენ განსაზღვრავთ მრავალ ფაქტორს. ეს მნიშვნელოვანი უპირატესობაა პროფილთან შედარებით. facebook გვერდის დიზაინი, აპლიკაციები, შინაარსი - ყველაფერს თქვენ აკონტროლებთ. თუმცაღა ეს კონტროლი დიზაინის კუთხით შეზღუდულია, პრაქტიკულად ჩარჩოში ხარ მოქცეული.
ჩემი კომენტარი ...
არ მიყვარს ჩარჩოები!
გაკეთების სიადვილე. facebook გვერდის გაკეთება უადვილესია, თან ფულს არ იხდი. თუმცა ყოველი სიტუაცია უნიკალურია და სათანადო - ადაპტირებულ მიდგომას მოითხოვთ. დასაწყისისათვის ისიც კმარა, რომ ლოგო და მცირე ტექსტი დადოთ და ფანების შეკრება დაიწყოთ. უფრო ამბიციური გეგმების შემთხვევაში შესაბამისადაც უნდა მოინდომოთ, მაგალითად დაიწყოთ სარეკლამო კამპანია, აქციების, გათამაშებებისა და ა.შ. ჩატარება.
ჩემი კომენტარი ...
ადვილი არ ნიშნავს, რომ უცებვე უნდა ვეცე
გვერდის გაუქმება ადვილია. იმ შემთხვევაში თუ გაუქმებას გადაწყვეტთ, facebook გვერდის გაუქმება ნამდვილად ადვილია. აი პროფილის გაუქმება თითქმის შეუძლებელია. შესაძლებელი მხოლოდ დეაქტივაციაა.
News Feeds. უნიკალური საშუალებაა თქვენი საიტის RSS არხი მიაბათ თქვენს facebook გვერდს და საიტზე განახლებები აქაც გამოჩნდება. ან კიდევ თქვენს საიტზე შეიძლება შეკრიბოთ თემატური RSS არხები და აუდიტორიას მრავალი საინტერესო ინფორმაცია მიაწოდოთ.
ჩემი კომენტარი ...
ამით ვისარგებლებდი! მომწონს ”სისტემა”
მონეტიზაცია. დაივიწყეთ! facebook თქვენ არ მოგცემთ იმის უფლებას, რომ მის საიტზე თქვენ ბანერები დადოთ და ფული გააკეთოთ.
ჩემი კომენტარი ...
ეს ჩიტი ბრდღვნად არ ღირს!
თუ თქვენ დარწმუნდით, რომ facebook გვერდი აუცილებლად გჭირდებათ პირველ ნაბიჯი თვითონაც მარტივად შეგიძლიათ გადადგათ. თუ ცოტა მეტი გსურთ, ინებეთ - www.coolmojito.com - ინსტრუმენტი, რომელიც გვერდის გაკეთებაში დაგეხმარებათ. თუ მხარდაჭერა გჭირდებათ, დამიკავშირდით.
მე კი ...
მეკი ჩემი საიტებისათვის/საქმიანობისათვის facebook გვერდის გაკეთებისგან ჯერ კიდევ თავს შევიკავებ ...
____________
მივესალმები მკითხველის გამოხმაურებას და შეკითხვებს.
____________
მასალის კოპირება არაკომერციული მიზნებით დასაშვებია მხოლოდ წყაროს მითითებით.

დამფუძნებლის მიმართვა





პიქტოგრამას დააწკაპუნოთ. ამით შეფასდება როგორც კონკრეტული გამოხმაურება, ასევე +1 ქულით გაიზრდება წევრის საერთო რეპუტაცია. Conference.ge-ზე წევრის რეპუტაცია მნიშვნელოვანია!

